რეზონანსი
08.08.2026

მისი ნათქვამი დაუჯერებელია. ქვეყანა დააზარალა, მაგრამ თავისი თავი დააზარალა, ყველაზე მეტად. ეს ჯერ ერთი არაკაცური საქციელი, ტყუილები და მერე თავის მართლება, საცოდაობა იყო მისი თავის მართლება,- ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აფხაზეთის სამმართველოს უფროსმა და აფხაზეთის ომის ვეტერანმა დავით ღვინჯილიამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი ბარამიძის განცხადებამ გარდა იმისა, რომ ქვეყანა დააზარალა, ასევე მებრძოლებს და ვეტერანებს შეურაცხყოფა მიაყენა.

„ძირითადად კითხვები ჰქონდათ, თუ რა აზრი მქონდა იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ბარამიძემ გაავრცელა და მე რა ინფორმაცია მქონდა. მე ომის პერიოდში ვიყავი ქვედანაყოფის მეთაური. ჯერ ეს მიუღებელი განცხადება იყო, როგორც პიროვნულად, ეს არა მარტო მე მეხებოდა, არამედ ეხებოდა მთლიანად ვეტერანებს, ომის მონაწილეებს და არა მარტო მათ, არამედ მთლიანად ჩვენს ქვეყანას. მე ავუხსენი, არანაირი დამაჯერებლობა არა აქვს მის სიტყვებს, ვინაიდან ტყუილი არის ყველაფერი, რაც იმან თქვა.

მე წავიკითხე მისი სხვა განცხადებები, ეს კიდევ უარესი გამოვიდა. ესე იგი, ვითომ ადგილობრივები იყვნენ განსხვავებულები, ესე იგი და ადგილობრივმა გააკეთა, რაც სისულელეა, რაც წარმოუდგენელი რაღაცა იყო.

მისი ნათქვამი დაუჯერებელია. ქვეყანა დააზარალა, მაგრამ თავისი თავი დააზარალა, ყველაზე მეტად. ეს ჯერ ერთი არაკაცური საქციელი, ტყუილები და მერე თავის მართლება, საცოდაობა იყო მისი თავის მართლება. მისმა განცხადებამ, ქვეყანა დააზიანა და მებრძოლებს და ვეტერანებს შეურაცხყოფა მიაყენა“, - განაცხადა დავით ღვინჯილიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და „რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×