რეზონანსი
08.08.2026

პრეზიდენტი ტრამპი მშვიდობის პრეზიდენტია. ერთი წლის წინ, თეთრ სახლში შეხვედრის დროს მან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დაამყარა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ალიევმა ისტორიულ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რაც ორივე ერისთვის ისტორიული გარღვევა იყო, – ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ერევანსა და ბაქოს შორის 2025 წლის 8 აგვისტოს გამართულ მშვიდობის სამიტს.

მისივე თქმით, ხელმოწერილმა დეკლარაციამ სამხრეთ კავკასიაში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი დაასრულა და საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ე.წ. ტრამპის მარშრუტი დაიწყო.

რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში ე.წ. ტრამპის მარშრუტისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც მარკო რუბიომ განაცხადა, დღეს ამოქმედდა ტრანსკასპიური საწარმოების ფონდი, რომლის კაპიტალიზაცია აშშ-ის მთავრობის 201 მილიონი დოლარის დაფინანსებით ხორციელდება, რათა წაახალისოს კერძო სექტორის ინვესტიციები სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში შუა დერეფნის გასწვრივ.

„ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში შეერთებული შტატები სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად მუშაობდა, რათა ეს დაპირება პროგრესად ექცია. „ტრამპის მარშრუტი“ მულტიმოდალური სატრანზიტო მარშრუტია, რომელიც რკინიგზის, გზების, ენერგეტიკისა და ციფრული ინფრასტრუქტურის მოდერნიზების რეალობად ქცევის გზაზეა, რადგან სომხეთში რკინიგზის საინჟინრო კვლევები უკვე მიმდინარეობს, აზერბაიჯანი კი სომხეთთან დასაკავშირებელი ავტომაგისტრალისა და რკინიგზის მშენებლობას თითქმის ამთავრებს. დღეს სიამოვნებით ვაცხადებ, რომ ტრანსკასპიური საწარმოების ფონდი ამოქმედდა და ფუნქციონირება დაიწყო, რომელსაც ახლად არჩეული დირექტორთა საბჭო ხელმძღვანელობს და რომლის კაპიტალიზაციაც აშშ-ის მთავრობის 201 მილიონი დოლარის დაფინანსებით ხორციელდება, რათა წაახალისოს კერძო სექტორის ინვესტიციები სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის (შუა დერეფნის) გასწვრივ“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

რუბიოს თქმით, „ტრამპის მარშრუტი“ ინფრასტრუქტურულ პროექტზე მეტია, ის ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის სასიცოცხლო რგოლია და წარმოადგენს კომერციულ შესაძლებლობას შტატებსა და მის პარტნიორებს შორის.

„ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთსა და აზერბაიჯანთან თანამშრომლობის ერთგულია, როდესაც ისინი ამ საფუძველს აშენებენ. ჩვენ ვულოცავთ ორივე ერს გასული წლის განმავლობაში გამოვლენილ გამბედაობასა და ხედვას, მოუთმენლად ველით სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალ პროგრესს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×