
სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურა გამოკითხვებს მომდევნო კვირიდან განაგრძობს. გიორგი ბარამიძის განცხადებების შემდეგ აღძრული საქმის ფარგლებში, საგამოძიებო უწყებას უკვე აქვს აფხაზეთის ომის ვეტერანების, თავდაცვის ყოფილი მინისტრის - გენერალ-მაიორ გია ყარყარაშვილისა და აფხაზეთის ომის დროს ტყვეთა გაცვლის სამთავრობო კომისიის წევრის - პაატა ზაქარეიშვილის ჩვენებები.
საუბარია ბარამიძის განცხადებაზე, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ, ბარამიძემ ჩაწერა ვიდეომიმართვაც და ტყვეების დახოცვა უკვე ხალხს დააბრალა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის თქმით, სამართალდამცავი უწყებების მიერ ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით საქმის აღძვრას მიესალმებიან და ის მუხლი, რომლითაც საქმის წარმოება დაიწყო, ნამდვილად შეესაბამება მის განცხადებას.
"ერთია ის დანაშაულებრივი ნიშნები, რომელიც გია ბარამიძის განცხადებაშია - ის პირდაპირ, ქართველი სამხედროების, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებს ამ განცხადებას - მაგრამ მეორეა მისი, გარკვეულწილად, რომანტიზმი რუსების მიმართ. თურმე, რუს სამხედროებს ჰქონიათ თავისი, კარგად და გამართულად აწყობილი სისტემა და თურმე, ქართველები ჩაიდენდნენ იმ დანაშაულებს, რომლებზეც საუბარიც კი არ მინდა. მივესალმებით, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა დაიწყეს ამ საქმის გამოძიება და ის მუხლი, რომლითაც საქმეა დაწყებული, ნამდვილად შესაბამისი და შესაფერია გია ბარამიძის განცხადებასთან", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.