
რუსეთის ფედერაცია, მალხაზ თოფურიას შეფასებით, გიორგი ბარამიძის იმ განცხადებით დარჩა კმაყოფილი, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ქართველ მებრძოლებს აფხაზეთის ომის დროს ტყვეების დახოცვაში ადანაშაულებს. ომის ვეტერანმა "კურიერთან" საუბრისას დეტალურად გაიხსენა აფხაზეთის ომი და თქვა, რომ ბარამიძის განცხადება სრული სიცრუეა. მალხაზ თოფურია ფიქრობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სხვა ქვეყნის დავალებას ასრულებს.
ომის დანაშაულის ისეთი ფაქტის შესახებ, რაზეც გიორგი ბარამიძემ განაცხადა, არც აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრს სმენია. ომის ვეტერანი როზმან ლოლაძე აცხადებს, რომ თუ ბარამიძეს ასეთი ინფორმაცია ჰქონდა, 34 წლის განმავლობაში გამოეძიებინა, როცა შს და თავდაცვის მინისტრების თანამდებობებს იკავებდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თავდაპირველად იაგო ხვიჩიას გადაცემაში თქვა, რომ აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები სამხედრო ტყვეებს ხვრეტდნენ. შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა და ტყვეების დახოცვა ხალხს დააბრალა. მომდევნო დღეს ბოდიში მოიხადა, ვეტერანების 4-დღიანი მწვავე კრიტიკის შემდეგ კი, გიორგი ბარამიძემ დღეს კიდევ ერთხელ სცადა თავის მართლება, თუმცა, ყველაფერი ისევ ხალხს და, ხალხთან ერთად, პოლიტიკურ ოპონენტებს დააბრალა - ამჯერად, მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია.
გიორგი ბარამიძის განცხადებაზე შეფასების გაკეთებისგან თავს იკავებენ მისივე თანაგუნდელები "ნაციონალური მოძრაობიდან" და ჟურნალისტებს ისევ განცხადების ავტორთან ამისამართებენ.
ქართველი სამხედროების და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. "ქართულ ოცნებაში" აქცენტს "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებებზე აკეთებენ და ამბობენ, რომ გიორგი ბარამიძე, ისევე, როგორ მისი თანაგუნდელები, სხვა ქვეყნის დავალებებს ასრულებენ და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იბრძვიან.
გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე, სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო. საგამოძიებო უწყებას უკვე აქვს აფხაზეთის ომის ვეტერანების, თავდაცვის ყოფილი მინისტრის - გენერალ-მაიორ გია ყარყარაშვილისა და აფხაზეთის ომის დროს ტყვეთა გაცვლის სამთავრობო კომისიის წევრის - პაატა ზაქარეიშვილის ჩვენებები. გამოძიების ფარგლებში, პროკურატურა გამოკითხვებს მომდევნო კვირაშიც განაგრძობს.