
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული 17 წლის გიორგი ბუჯიაშვილის საქმეზე, პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 30 აპრილს, სანავარდოს გზაზე თვითნებურად მოწყობილი ავტორბოლის დროს, ერთმანეთს რბოლაში მონაწილე ავტომობილი და საყურებლად მისული მეორე ავტომანქანა შეეჯახნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, ორივე მძღოლმა უსაფრთხო მართვა ვერ უზრუნველყო. შედეგად, მეორე ავტომობილში მყოფმა მგზავრებმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს, მათგან ერთი, არასრულწლოვანი გარდაიცვალა.
დაღუპული 17 წლის გიორგი ბუჯიაშვილია, ის მეთორმეტე კლასის მოსწავლე იყო.
ორივე დაკავებულს ბრალდება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
მთავარი ამბები კახეთიდან