რეზონანსი
10.08.2026

სახელმწიფო ღალატის და საბოტაჟის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. ამ წუთებში პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორი კობა ლიკლიკაძე.

ლიკლიკაძის განცხადებით, მას არ გაუგია, რომ ქართველებს ტყვეები დაეხვრიტათ. ლიკლიკაძის განცხადებით, გიორგი ბარამიძის განცხადების სიმძიმეზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც მეტყველებს.

„გამოძიება ტარდება იმისთვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება ამ აჟიოტაჟის თუ სკანდალის გარშემო. მე შემიძლია, ერთი რამ გითხრათ – მაშინ, როდესაც მე აფხაზეთში ვიმყოფებოდი, ერთხელ როდესაც გაზეთ „საქართველოს“ კორესპოდენტი, მერედ –  როგორც გაერთიანებული პრესცენტრის ხელმძღვანელი, არ მქონია ინფორმაცია დატყვევების დროს აფხაზების დახვრეტის შესახებ. თქვენ არ გჭირდებათ დახმარება იმის დასადგენად, თუ რამდენად მძიმეა ეს განცხადება, მითუმეტეს იმ რეაქციებია ფონზე, რაც მას მოჰყვა ენგურს იქეთა მხრიდან“ . – აღნიშნა ლიკლიკაძემ.

საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებას, სადაც მან აფხაზეთის ომის დროს ქართველ მეომრებს ტყვეების დახვრეტაში დასდო ბრალი. საქმის გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულმა მოწმეებმა ბარამიძე სიცრუეში დაადანაშაულეს და განცხადებას მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდეს.

გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვა.

„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატსა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს. საგამოძიებო ორგანოში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, – აცხადებენ პროკურატურაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×