თამთა ჩაჩანიძე
10.08.2026

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებას, თბილისში მწვავე შეფასებები მოჰყვა. დე ფაქტო რეჟიმი 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას საქართველოს სახელმწიფოსა და ექპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას აკისრებს, თბილისს „კონსტრუქციული პოზიციისკენ" მოუწოდებს და მოსკოვს სამხრეთ ოსეთის „უსაფრთხოების საიმედო გარანტად" ასახელებს.

აღნიშნული განცხადება მოჰყვა პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც აღნიშნა, რომ „რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი".

აღნიშნულს, ოპოზიციაში მწვავე პასუხი მოჰყვა,  ენმ-ის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "ეს არის ეროვნული ინტერესების აშკარა ღალატი - არავის შერჩება რუსული სქემის ნაწილად ყოფნა".

"გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის ვიკა ფილფანის თქმით, "გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს, 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს".

"კოალიცია ცვლილებების ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით კი "ესაა სამშობლოს ღალატი, არა მხოლოდ პოლიტიკურ, ემოციურ განზომილებებში, არამედ სამართლებრივადაც".

ოკუპირებული ცხინვალის "საგარეო უწყება"

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აგვისტოს ომზე "პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საქართველოს.

"სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ. სინამდვილეში, ეს თავიდანვე იყო ცნობილი და ამის შესახებ სამხრეთ ოსეთი ბოლო 18 წლის განმავლობაში აცხადებდა.

ასევე სრულიად ცხადია, რომ დამნაშავე მხოლოდ სააკაშვილი არ არის. მას, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, ჰქონდა მანდატი, ემოქმედა საქართველოს სახელმწიფოს სახელით, გაეცა დანაშაულებრივი ბრძანებები და გაეტარებინა ანტიოსური და ანტიაფხაზური პოლიტიკა.

ამიტომ 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას, როგორც ამ პოლიტიკის სუბიექტს, მათ შორის სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა, როგორც ამ პოლიტიკის განმახორციელებლებმა. ისტორიაში ასეთი მაგალითები ცნობილია.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტში წარმოდგენილი შეფასებები უკიდურესად ტენდენციური და რეალობას მოწყვეტილია.

სწორედ საქართველოს „მშვიდობისმოყვარე" პოლიტიკის შედეგად 1989 წლიდან ასი ათასზე მეტი ეთნიკური ოსი იქნა გაძევებული ეთნიკური წმენდის შედეგად. ათასობით დაღუპული და დანგრეული ცხოვრება, ბლოკადა და ნგრევა, ასზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი, რომელთა ბედზეც საქართველოს ხელისუფლება დუმს - სწორედ ეს არის ქართული მშვიდობისმოყვარეობის ნამდვილი სახე.

სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად, ხოლო მშენებარე ორმხრივ ურთიერთობებს მყარი სამართლებრივი საფუძველი აქვს. ჩვენ მოვუწოდებთ თბილისს, თავი შეიკავოს სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის მცდელობებისგან და დაიკავოს უფრო კონსტრუქციული პოზიცია, მათ შორის ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის მუშაობაშიც" - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ საგარეო უწყების განცხადებაში.

დე ფაქტო რეჟიმის განცხადების შედეგები

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ენმ-ს წინააღმდეგ ბრძოლაში იმდენად შეტოპა, რომ სახელმწიფოს მძიმე მდგომარეობაში აგდებს.

  • პაატა ზაქარეიშვილი: "ოცნებამ" ენმ-ს წინააღმდეგ თავის ბრალდებებში იმდენად შეტოპა, რომ სულ ურტყამს საქართველოს და ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს"

"მნიშვნელობა არ აქვს რა განცხადებას აკეთებს სოხუმი თუ ცხინვალი, მნიშვნელობა აქვს, თუ რას აკეთებს მოსკოვი. "ოცნებამ" ენმ-ს წინააღმდეგ თავის ბრალდებებში იმდენად შეტოპა, რომ სულ ურტყამს საქართველოს და ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს. გამაოგნებელია, რასაც "ოცნება" აკეთებს, ძალიან შეტოპეს, უკვე ხვდებიან, მაგრამ, ძალიან გვიანია.

"ვიღაცები ამბობენ, რომ კობახიძე ჭკვიანი კონსტიტუციონალისტიაო. ვერ ვხედავ, მისი ჭკუა რაში გამოიხატება, ერთი-მეორეზე დიდ შეცდომებს უშვებს სწორედ კონსტიტუციის მიმართულებით. სააკაშვილის პასუხისმგებლობააო და სახელმწიფოსი არააო, უკაცრავად, ბატონო კობახიძე, იქნებ მოკრძალებულად შევახსენო, რომ არსებობს ასეთი მაგიური სიტყვა - კოჰაბიტაცია, როცა, "ქართული ოცნება" და სააკაშვილი ერთად მუშაობდნენ,

„ქართული ოცნება" კანონებს იღებდა პარლამენტში და სააკაშვილი, როგორც პრეზიდენტი, ამ ყველაფერს ხელს აწერდა. ​

"ჩემთვის ყოვლად მიუღებელი "ნაციონალური მოძრაობა" არაფერ შუაშია იმასთან, რაც ხდებოდა 2008 წელს. სახელმწიფო საქართველო აკეთებდა ამას - ხალხის ნებით არჩეული მმართველი ძალა",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებები ყოველთვის ცდილობენ ქართველი პოლიტიკოსების სიტყვებზე გამოკიდებას.

"ცხინვალის და აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლებები ყოველთვის ცდილობენ ასეთ სიტყვებზე გამოეკიდონ ჩვენი პოლიტიკოსების განცხადებებს - იქნება ეს ოპოზიციის, თუ ხელისუფლების მხრიდან და მერე ეს სათავისოდ შემოატრიალონ. ისეთი პრეპარირება გაუკეთონ, თითქოს ეს რაღაცა აღიარებაა და ა.შ.

  • ზაალ ანჯაფარიძე: "ცხინვალის და აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლებები ყოველთვის ცდილობენ გამოეკიდონ ჩვენი პოლიტიკოსების განცხადებებს - იქნება ეს ოპოზიციის, თუ ხელისუფლების მხრიდან და მერე ეს სათავისოდ შემოატრიალონ"

"ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა არაა, ისინი კიდევ არაერთხელ შეეცდებიან ასეთ რაღაცებზე, თავიანთი ჭკუით, ასეთი საინფორმაციო ომი მოგვიგონ, თორემ რამე სერიოზულ მნიშვნელობას მე მათ განცხადებებს არ მივანიჭებდი",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

მოსკოვის რეაქცია

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მოსკოვი "რაღაცეებს ამზადებს" და ეს უფრო უნდა ველოდოთ, მას შემდეგ, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის თაობაზე "ოცნების" სარჩელზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

"კამბოლოვი, რომელიც ცხინვალში "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელია, საქართველოზე ხმას არ იღებს უარყოფითად. შეგნებულად ვაკვირდები, ისე ჩაიარა 8 აგვისტომ, ერთი ცუდი არ უთქვამს მას - ტრაგედია ახსენა, ყვავილები მიიტანა, მაგრამ საქართველო, როგორც "აგრესორი", მისი პირიდან არ გამოსულა - დარწმუნებული ვარ, შეგნებულად კეთდება.

"თუ ეს ასეა, მაშინ მოსკოვი რაღაცეებს ამზადებს იმ დროისთვის, როგორც კი საკონსტიტუციო სასამართლო ჩაივლის. ყველაზე დიდი საშვილიშვილო შეცდომა, რაც წულუკიანის კომისიამ დაუშვა ისაა, რომ დასკვნა აქცია საკონსტიტუციო სარჩელად. სასამართლომ უნდა განიხილოს რაღაც ფორმით. თუ არ განიხილავს, მით უარესი "ქართული ოცნებისთვის". ისინი უკვე ამ სარჩელის მძევლები არიან. ​

"60%/40%-ზე ვიტყოდი, რომ უფრო რეალურია პარტიების არაკრძალვა, იმიტომ, რომ არამარტო დიდი სანქციები წამოვა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს ხელახლა გაარჩიოს ეს საქმეები, რაც საპარლამენტო კომისიამ განიხილა. საკონსტიტუციო სასამართლო ძალიან მაღალი ინსტანციაა.

"მოსკოვი საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას დაელოდება, იქ რაღაცას იპოვის ისეთს, რომელსაც ხელი შეიძლება ჩასჭიდოს და თქვას, რომ ხალხნო, ნახეთ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება.

"რუსეთი რომის სტატუტის წევრი არაა და პირდაპირ ვერ იჩივლებს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში. მაგრამ შეიძლება გაეროს სასამართლოში შეიძლება იჩივლოს. იქაც ყველა თემაზე უკვე ნამუშევარი აქვს სასამართლოს და აღარ სჭირდება არავის ნებართვა -არც საქართველოსი და არც არავისი.

"რუსეთი იტყვის, რომ მე რომ დამაბრალეთ რაღაცები, უკაცრავად, თვითონ ქართველები აღიარებენ. რასაც კადრულობს კონსტიტუციონალისტი კობახიძე, ძალიან საშინელი ცეცხლთან თამაშია სახელმწიფოს სახელით და რუსეთი შეგნებულად და მიზანმიმართულად საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს ამას. არა „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, არამედ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს ამას.

"დიდი მადლობა" ოპოზიციასაც, მათი პარლამენტში არშესვლითაც ხდება ეს ყველაფერი. პარლამენტში რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება წულუკიანის კომისია არც კი შემდგარიყო, 40-45%-იანი ოპოზიცია რომ ყოფილიყო. გამანადგურებელი და ანტისახელმწიფოებრივია, როგორც "ქართული ოცნების", ისე ოპოზიციის ქცევები",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ მოსკოვმა სათქმელი თქვა საგარეო უწყების განცხადებით.

"თუ არ ვცდები, ორი დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძალიან მკაფიო და ყველასთვის გასაგები განცხადება გააკეთა - პირდაპირ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას და ზოგადად ჩვენს სახელმწიფოს, რომ რაც შეიძლება მალე მოახდინეთ "სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია ცხინვალთან და აფხაზეთთან" იმისათვის, რომ მოხდეს კონფლიქტის მოგვარება.

"ამით ყველაფერი ნათქვამია, ფაქტობრივად, მათ უარყვეს და ესროლეს ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესების ნებისმიერ პერსპექტივას და ამის მერე, მგონი, უკვე ყველაფერი ნათელია და შესაბამისად, საგარეო პოლიტიკაც უნდა აიგოს ამ მიმართულებით, რომ ამ მხრივ რუსეთის პოზიციებში არავითარი პოზიტიური ძვრები არ იქნება",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×