ნატალია ჯვარიძე
10.08.2026

ვალერი ზალუჟნისა და მიხაილო ფედოროვს გამოკითხულთა 60%-ზე მეტი ენდობა, ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისადმი ნდობა 56 პროცენტია, ხოლო გამოკითხულთა 38% მას არ ენდობა. გამოკითხვა კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ 16-31 ივლისს ჩატარდა.

გამოკითხვის თანახმად, ვალერი ზალუჟნის 66% ენდობა, ხოლო 24% არ ენდობა. მიხაილო ფედოროვს 63% ენდობა, 16% კი მის მიმართ უნდობლობას გამოხატავს. ნდობის მაღალი მაჩვენებელი აქვს ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ამჟამინდელ ხელმძღვანელს, კირილ ბუდანოვს - მას 61% ენდობა, 22% კი არ ენდობა.

რეიტინგში შემდეგ მოდიან ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი და მესამე არმიის კორპუსის მეთაური, ბრიგადის გენერალი ანდრეი ბილეცკი. ტერეხოვს 47% ენდობა, 19% კი არ ენდობა, თუმცა, სოციოლოგებმა აღნიშნეს, რომ რესპონდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი მას საერთოდ არ იცნობს - ასე უპასუხა გამოკითხულთა 23%-მა. ბილეცკის მიმართ ნდობას 37% გამოხატავს, უნდობლობას კი - 13%.

ამასთან, გამოკითხულთა 40%-მა განაცხადა, რომ ბილეცკის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ან მას არ იცნობს. სხვა პირების შემთხვევაში ნდობის ბალანსი უარყოფითია, მათ უფრო მეტი ადამიანი არ ენდობა, ვიდრე ენდობა. მათ შორის არიან სერგეი პრიტულა, დმიტრო რაზუმკოვი, ალექსეი გონჩარენკო და პეტრო პოროშენკო. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ამ სიაში პეტრო პოროშენკოს აქვს - მას მხოლოდ 20% ენდობა, 76% კი არ ენდობა.

ცნობისთვის, კვლევაში ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 1 808-მა ადამიანმა, ცდომილება კი 3,5%-ს არ აღემატება. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს შედეგები პირდაპირ ასახავს უკრაინულ საზოგადოებაში არსებულ მთავარ განწყობებს: მოსახლეობა ყველაზე მეტად ენდობა სამხედროებსა და ტექნოკრატებს, რადგან მათ პოლიტიკური თამაშებისგან დისტანცირებულ, ეფექტურ პროფესიონალებად აღიქვამს.

სწორედ ამით ხსნიან ზალუჟნის, ბუდანოვისა და ფედოროვის მაღალ რეიტინგებს. რაც შეეხება ზელენსკის, 56%-იანი ნდობა მოქმედი პრეზიდენტისთვის ომის პირობებში კვლავ სოლიდური მაჩვენებელია, თუმცა, ომის საწყის ეტაპთან შედარებით კლება განპირობებულია საზოგადოებრივი დაღლილობით, მობილიზაციის პრობლემებით, ეკონომიკური სირთულეებითა და პოპულარული გენერლების ჩამოშორებით გამოწვეული უკმაყოფილებით.

ამავდროულად, მათი შეფასებით, პოროშენკოსა და სხვა გამოცდილი პოლიტიკოსების უარყოფითი ბალანსი გვიჩვენებს, რომ ხალხს ძველი პოლიტიკური ელიტის მიმართ ნდობა დაკარგული აქვს და სისტემურ განახლებას ელის, ხოლო ადგილობრივ ლიდერებსა თუ სამხედრო მეთაურებს, მაგალითად, ტერეხოვსა და ბილეცკის ცნობადობის გაზრდის შემთხვევაში ზრდის კარგი პოტენციალი აქვთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×