
სანამ რუსეთი სარაკეტო შეიარაღების ყოველთვიურ გეგმას 120%-მდე აჭარბებს და ერთ მასირებულ დარტყმაში 200-მდე ბალისტიკური რაკეტის გაშვებას გეგმავს, უკრაინა დასავლური დახმარების შეფერხებისა და საჰაერო თავდაცვის დეფიციტის ფონზე რთული გამოწვევის წინაშე დგას.
მაშინ როცა საზღვრისპირა რეგიონებიდან დარტყმები ინტენსიური ხდება, ხოლო კიევი ენერგოსისტემაზე მოსალოდნელ მასშტაბურ შეტევებისთვის ემზადება, უკრაინული ძალები პრევენციული დარტყმებითა და შორი მოქმედების იარაღით ცდილობენ მტრის სამხედრო პოტენციალის განეიტრალებას.
რუსეთს ამჟამად უკრაინის მიმართულებით ერთ თავდასხმაში 77-მდე ბალისტიკური რაკეტის გაშვება შეუძლია, თუმცა გეგმავს, რომ ეს მაჩვენებელი ერთ მასირებულ დარტყმაში 200-მდე გაზარდოს - ამის შესახებ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა, მეტსახელად „მაგარმა" (რობერტ ბროვდიმ) განაცხადა.
„მაგარმა" რუსეთის გეგმების შესახებ სააგენტო „ესოშიეით პრესთან"ინტერვიუში ისაუბრა. მან ასევე ყურადღება უკრაინის წინაშე არსებულ სხვა საფრთხეებზე გაამახვილა. უკრაინულ მხარზე თავდასხმებისას რუსეთმა ბოლო კვირებში რეაქტიული ძრავით აღჭურვილი „შაჰედის" ტიპის დრონების წილი 2.5-ჯერ გაზარდა, - აღნიშნა „მაგარმა".
როგორც უკრაინის უპლიტო სიტემების ძალების სარდალი აღნიშნავს, მსგავსი უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდება უკრაინული ძალებისთვის მნიშვნელოვნად რთულია. მისი თქმით, ამ რიცხვის შემცირების ერთადერთი გზა რუსეთის იმ ყველა ობიექტზე დარტყმაა, რომლებიც რაკეტების წარმოებაშია ჩართული.
როგორც ის აღნიშნავს, ეს ხაზს უსვამს უკრაინის შორი მოქმედების დარტყმების მნიშვნელობას. „ესოშიეითიდ პრესის" სტატიაში ვკითხულობთ, „რომ მასირებული შეტევების დროს რუსეთის მიერ გაშვებული ათობით რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას არღვევს და მიზანს აღწევს", - წერს გამოცემა.
როგორც რობერტ ბროვდი („მაგარი") ამბობს, რუსეთი უკრაინის უპირატესობის განეიტრალებას მასშტაბური ჩახშობის (ჯემინგის) სისტემების განთავსებით ცდილობს, რამაც შესაძლოა გარკვეულწილად Starlink-ის კავშირი შეზღუდოს. გარდა ამისა, რუსეთი საკუთარი თანამგზავრული კავშირგაბმულობის სისტემის შემუშავებაზეც მუშაობს, რათა Starlink-ს კონკურენცია გაუწიოს, -აღნიშნა „მაგარმა". „ეს საფრთხეს უქმნის მთელ პლანეტას, რადგან დიქტატურა გლობალური მასშტაბით მიიღებს ინფორმაციაზე წვდომას", - განაცხადა ბროვდიმ.
იმავე ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს ყირიმში მდებარე რუსულ სამიზნეებზე შვიდჯერ მეტი დარტყმის მიტანა შეეძლებოდათ, დასავლელი მოკავშირეების მიერ დაპირებული დაფინანსება უფრო დროულად რომ მიეღოთ.
8 აგვისტოს უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინ კიევის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ინტენსივობის გაზრდისთვის ემზადება.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვი შესაძლოა არ დაელოდოს შემოდგომას, სანამ დედაქალაქის ენერგოსისტემის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან კამპანიას დაიწყებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს ბალისტიკური რაკეტების თავისი სტრატეგიული მარაგები, რათა დამოუკიდებლობის დღემდე მაქსიმალური ზიანი მიაყენოს ქვეყანას.
„რუსეთი რაკეტების წარმოებას ზრდის"
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსები უკრაინის მიმართულებით დარტყმებისთვის რაკეტების წარმოებას ზდიან და ნაკლებად სავარაუდოა, რომ სარაკეტო იერიშებში პაუზა აიღონ.
„ისინი შეძლებენ შეამცირონ იმ რაკეტების რაოდენობა, რომლებიც ერთ კონკრეტულ სამიზნეს ეცემა, მაგრამ პაუზის აღება ნაკლებად მოსალოდნელია. ბოლოს და ბოლოს, ახლა ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ ზოგიერთ სამიზნეს, შემდეგ კი სხვებზე გადავლენ. თუმცა, ყველაფერი, პირველ რიგში, მათ საწარმოო მოცულობებზე იქნება დამოკიდებული- შეძლებენ თუ არა მიმდინარე ტემპის შენარჩუნებას".
მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების ამოცანაა, ჩაშალონ მტრის გეგმები, იმოქმედონ პრევენციულად და აგრესორს მაქსიმალური ზარალი მიაყენონ.
„მთლიანობაში, სარაკეტო შეიარაღების ძირითადი სახეობებისთვის ისინი (რუსები)ამჟამად ყოველთვიურ გეგმას 110-120%-ით ასრულებენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებით, ივლისში „ხ-101"-ის წარმოების გეგმა 140%-ით შესრულდა, „კალიბრებისა" -111%-ით, ხოლო „ხ-35" ფრთოსანი რაკეტის - 200%-ით", - განაცხადა მან.
სკიბიცკიმ ასევე აღნიშნა, რომ აგვისტოში „ხ-101"-ის წარმოების გეგმა 72 ერთეულს შეადგენდა; ივლისის მაჩვენებლები იგივე იყო, თუმცა რეალურად 87 რაკეტა გამოუშვეს. რაც შეეხება „3მ14 კალიბრებს", აგვისტოს გეგმა 26 ერთეული იყო; ივლისშიც იგივე რაოდენობა იგეგმებოდა, თუმცა 29 დამზადდა.
სკიბიცკიმ განაცხადა, რომ დაზვერვის მთავარ სამმართველოს (GUR) მტრის საწარმოო გეგმებისა და ამ გეგმების რეალური შესრულების დოკუმენტური მტკიცებულებები გააჩნია. „მაგალითად, ისეთ სისტემებთან დაკავშირებით, როგორიცაა „ცირკონი" და „ონიქსი" (თავდაპირველად ეს ანტიკომპლექსური სარაკეტო სისტემები იყო განკუთვნილი, თუმცა მოდერნიზაციის შემდეგ მათ სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად იყენებენ) - 3 აგვისტოს მდგომარეობით, მტერმა უკვე შეასრულა თავდაცვის სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული წლიური საწარმოო გეგმა", -აღნიშნა სკიბიცკიმ.
ასევე, დაზვერვის მთავარი სამმართველოს მონაცემებით, თებერვლის შემდეგ ივლისში „ხ-101"-ის, „კალიბრისა" და „ხ-32"-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. იმ პერიოდში რუსებმა ჩვენ მიმართულებით მსგავსი 157 რაკეტა გაუშვეს, ხოლო ივლისში ეს მაჩვენებელი 153 იყო. რაც შეეხება ბალისტიკურ და ჰიპერბგერით რაკეტებს „ისკანდერ-M" სისტემის „9მ723"-ს, S-400-ის „RM-48U"-სა და„ცირკონს", მტერმა ივლისში მათი სახით 198 რაკეტა გაუშვა. „ეს წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია", - აღნიშნა დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ.
ინტენსიური იერიშები
რუსულმა ძალებმა წუხელ, სუმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მართვადი ბომბებით დაარტყეს, რის შედეგადაც სულ მცირე 14 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებსამასთან, რუსებმა წუხელ ოდესის ოლქსაც დაარტყეს, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე საათში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ თათრეთის მეთაურის, რუსტამ მინიხანოვის პრესსამსახურმა განაცხადა.
„ამჟამად არსებული ინფორმაციით, ნიჟნეკამსკზე მტრის დრონებით თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 39 დაშავდა", - ნათქვამია განცხადებაში. თათრეთში გლოვის დღეა გამოცხადებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ღამით რუსეთის რეგიონების, მათ შორის თათრეთის თავზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების 456 დრონი გაანადგურეს.
უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ სამიზნე თათრეთის რესპუბლიკაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ტანეკო" იყო. გენშტაბის ცნობით, დარტყმის შედეგების გამოძიება მიმდინარეობს. გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა დარტყმა მიაყენეს ლუგანსკის ოლქის ხრუსტალნის დასახლებაში რუსული ძალების სარემონტო ქვედანაყოფს, ნოვოსელიდოვკაში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების საწყობს და დონეცკის ოლქის ბაევოეს დასახლებაში საველე საარტილერიო საწყობს.