თამთა ჩაჩანიძე
10.08.2026

პაკისტანის, თურქეთისა და საუდის არაბეთის ურთიერთთავდაცვის შეთანხმება, რომელიც რეგიონში ნატო-ს მსგავს უსაფრთხოების ახალ ფორმატად შეფასდა, შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს ძალთა ბალანსი ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში.

როგორც თავად პაქტის ხელმომწერები აცხადებენ, შეთანხმება თავდაცვას ისახავს მიზნად ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თურქეთის სამხედრო შესაძლებლობები, პაკისტანის სამხედრო პოტენციალი და საუდის არაბეთის ფინანსური რესურსები ერთმანეთის ავსებს და აძლიერებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ  პაკისტანმა, თურქეთმა და საუდის არაბეთმა მექაში ხელი მოაწერეს ურთიერთთავდაცვის პაქტს. შეთანხმების თანახმად, ამ ქვეყნებიდან რომელიმეზე თავდასხმა ყველა მათგანზე თავდასხმად ჩაითვლება. შეთანხმება მიზნად ასევე ისახავს ნებისმიერი აგრესიის საერთო შეკავების გაძლიერებას.

ანალიტიკოსების ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ შეთანხმება აჩვენებს, რომ რეგიონული სახელმწიფოები საკუთარი უსაფრთხოების საკითხებში მხოლოდ გარე ძალების, განსაკუთრებით შეერთებული შტატების, უსაფრთხოების გარანტიებზე აღარ არიან დამოკიდებული. შესაბამისად, პაქტი შეიძლება აღიქმებოდეს როგორც რეგიონული ძალების მიერ საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის მცდელობა.

საკითხზე, თუ რამდენად შესაძლებელია მსგავსი ალიანსი სამხრეთ კავკასიაში ჩამოყალიბდეს, სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსს" ეუბნება, რომ დღეის გადასახედიდან ეს სცენარი ჯერჯერობით ბუნდოვანია და საქართველოს ნატო-ს გარდა სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.

აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ექსპერტების აზრით, გადამწყვეტი იქნება, როგორ იმუშავებს შეთანხმება პრაქტიკაში და ექნებათ თუ არა სამ ქვეყანას ერთიანი პოზიცია კონკრეტული სამხედრო კრიზისის დროს.

"ახალი ნატო"

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თავის მხრივ ნატოს მსგავსი ახალი ალიანსი საინტერესოა და ქვეყნები ერთმანეთს ავსებენ რესურსებით.

"ეს სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი საკმაოდ უნიკალური და საინტერესო. ცივი ომის პერიოდში, ასეთი პრეცედენტი ბაღდადის პაქტის კუთხით, სადაც, ასევე სპარსეთის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები გაერთიანდნენ. მაშინ გაერთიანების იდეა ახლო აღმოსავლეთში და სპარსეთის ყურეში საბჭოთა გავლენის შემცირება იყო.

  • მაისაია: "თურქეთს ყველაზე თანამედროვე არმია გააჩნია. საუდის არაბეთს ულევი ფინანსური რესურსები, ხოლო პაკისტანს აქვს ბირთვული იარაღი"

"დღეს, თურქეთს, პაკისტანს და საუდის არაბეთს თავიანთი ინტერესები გააჩნიათ. გაერთიანება გულისხმობს, რომ მის ფარგლებში გაიცვალოს სადაზვერვო ინფორმაციები, დაეფუძნება კოლექტიური თავდაცვის პრინციპს. ფაქტიურად შეიქმნა ახლო აღმოსავლეთის ნატო.

"ესაა წმინდა მუსლიმანური სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება. ისინი ჩაატარებენ სამხედრო წვრთნებს, მოახდენენ თავდაცვის პოლიტიკის სფეროში კოორდინაციას და ერთი რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმა აღიქმება სამივე ქვეყანაზე თავდასხმად, ხო? ეს მიმართულია ირანისა და ჰუსიტების წინააღმდეგ, თუმცაღა არ გამოვრიცხავ, რომ ეს მიმართული იყოს ასევე ისრაელის წინააღმდეგაც, იმიტომ, რომ ისრაელს საკმაოდ უარყოფითი რეაქცია ჰქონდა ამ ბლოკის შექმნაზე. თურქეთსა და ისრაელს შორის სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია.

"თურქეთს გააჩნია ყველაზე მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალები ნატოში, ფაქტიურად ისინი არიან მეორე ადგილზე. ამასთან, თურქეთს ყველაზე თანამედროვე სამხედრო შეიარაღებული ძალები გააჩნია. საუდის არაბეთს გააჩნია ულევი ფინანსური რესურსები, ხოლო პაკისტანს აქვს ბირთვული იარაღი. საინტერესო ბმებია, თან სამივე ქვეყანას საკმაოდ ძლიერი სადაზვერვო სტრუქტურები აქვს თავისი დიდი გამოცდილებებით.

"როგორც აღვნიშნე, ესაა ირანის, ისრაელის და ინდოეთის წინააღმდეგ მიმართული. რუსეთის პოზიციები თურქეთისათვის უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან მიიჩნევს, რომ ისედაც დასუსტებულია უკრაინის ომისა და კიდევ სხვა ფაქტორების გამო და პლუს სირიაში რეჟიმის შეცვლით.

"არ გამოვრიცხავ, რომ ეს ალიანსი იყოს ამერიკული ჰეგემონიზმის ფარულად ერთგვარი შეკავებისთვის. პაკისტანსა და ამერიკას შორის საკმაოდ რთული ურთიერთობაა, თავის დროზე ამერიკამ პაკისტანი შეიყვანა ტერორიზმის სპონსორობის ქვეყნების სიაში და საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა იმის წინა მთავრობასთან.

"ასევე, ამერიკისა და თურქეთი საერთო მოკავშირეები და ნატოს წევრები არიან, მაგრამ, გარკვეულწილად ერთგვარი დაპირისპირება არსებობს, თუნდაც ისრაელთან დაკავშირებით. აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის თითქოს არაა რაიმე დაპირისპირება, მაგრამ იქაც გარკვეულწილად შეინიშნება უთანხმოებები, მაგალითად, იგივე ნავთობზე მსოფლიო ფასებთან დაკავშირებით და სხვა ენერგორესურსების საკითხებში",- განაცხადა მაისაიამ.

ალიანსი სამხრეთ კავკასიაში

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სამხრეთ კავკასიში მსგავსი ტიპის ალიანსი ჩამოყალიბდეს საქართველოს მონაწილოებით და ჩვენთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ნატოსკენ სვლაა.

"სამხრეთ კავკასიაში ასეთი ტიპის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის შექმნა ფაქტიურად შეუძლებელია. პრინციპში, აქ არის შექმნილი აზერბაიჯანი-თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ორმხრივი ალიანსი. აქ კიდევ არის საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთის სამხედრო თანამშრომლობა, მაგრამ, მას არ აქვს მკვეთრად გამოხატული ალიანსურ-კოლექტიური თავდაცვის პრინციპის გაერთიანება.

  • მაისაია: "სამხრეთ კავკასიაში მსგავსი ალიანსის შექმნა საქართველოს მონაწილეობით ნაკლებად მოსალოდნელია. ამასთან, ჩვენი ვინმესთან მიკედლებაც გამორიცხულია"

"არ გამოვრიცხავ აზერბაიჯანიც შეუერთდეს, იმიტომ რომ თურქეთსა და აზერბაიჯანსა და პაკისტანს შორის არსებობს ასევე რეგიონული სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც ფაქტიურად აზერბაიჯანს მოაგებინა ომი მთიან ყარაბაღთან მიმართებაში, მაშინ სამმხრივი ალიანსი შეიქმნა - თურქეთი, აზერბაიჯანი და პაკისტანი.

"აზერბაიჯანსა და პაკისტანს შორის მიდის სერიოზული სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა და თავისი ინტერესები გააჩნიათ.

"ჩვენ და სომხეთი ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, მაინცდამაინც არ განვიხილებით ამ კოორდინაციაში და გარკვეულწილად შეიძლება სუსტი რგოლი ვიყოთ. ჩვენი სამხედრო პოტენციალი, სამწუხაროდ, ჩამორჩება იგივე თუნდაც თურქეთის, აზერბაიჯანის პოტენციალს.

"სომხეთის პოტენციალიც შესუსტებულია მთიან ყარაბაღთან არსებული სბარძოლო მოქმედებების გამო და ახლა რეფორმებს ატარებს.

"სამხრეთ კავკასიაში მსგავსი ალიანსის შექმნა საქართველოს მონაწილეობით ნაკლებად მოსალოდნელია. ამასთან, ჩვენი ვინმესთან მიკედლებაც გამორიცხულია. სასურველია, რომ ნატოსთან მიმართებით გავაგრძელოთ ისევე ჩვენი სვლა. ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია მაინც ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. უფრო რეალური ვარიანტი ეს მეჩვენება, სხვა ალტერნატივა ჩვენ ამ შემთხვევაში არ გაგვაჩნია. რაც მართალია, მართალია",- განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×