რეზონანსი
10.08.2026

მთავრობამ საავტომობილო გზების დეპარტამენტს 12 ივლისს, ქალაქ თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოების, ასევე მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების განხორციელება დაავალა. შესაბამის განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

დოკუმენტის თანახმად, უწყების მიერ თელავსა და მის მიმდებარე სოფლებში განსახორციელებელი სამუშაოები რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. კერძოდ: 

ქალაქ თელავში, მდინარე თელავისხევის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე, კავკასიონის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზისა (სავარაუდო სიგრძით - 1.3 კმ) და მის პარალელურ ქუჩაზე გამავალი გზის (სავარაუდო სიგრძით - 1.3 კმ) ჩამოტანილი ქვაღორღოვანი მასისგან გაწმენდა და დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა;

კავკასიონისა და სეხნიაშვილის ქუჩების კვეთაზე დაზიანებული ხიდის სანაცვლოდ ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა;

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულასთან მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა ქვაღორღისგან, მდინარე თელავისხევის კალაპოტის გაწმენდა კავკასიონის ქუჩიდან მდინარე ალაზნის შესართავამდე და დაზიანებული დამცავი ჯებირის აღდგენა;

თელავის აეროპორტის მიმდებარედ ქვაღორღოვანი მასის გაწმენდა და არსებული ხევის ფორმირება;

სოფელ ვარდისუბნის მიმდებარედ მდინარე მაწანწარის ხევის ფორმირება და დაზიანებული ნაპირსამაგრი ნაგებობების აღდგენა;

მდინარე თელავისხევის სათავეში არსებული ღვარცოფდამჭერი ნაგებობების გაწმენდა, მდინარის კალაპოტში არსებული არხის დაზიანებული მიმღები სათავისისა და ბეტონის ჯებირების აღდგენა, ასევე თელავისხევის პარალელურად გამავალი დაზიანებული ადგილობრივი გზების აღდგენა.

მთავრობის განკარგულებით, აღნიშნული სამუშაოები და მათთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურება საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „ჯიარჯის“ შორის 2026 წლის 30 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ დეპარტამენტმა დაკისრებული მოვალეობები შესაბამის წელს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უნდა უზრუნველყოს. საჭიროების შემთხვევაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026-2027 წლებში დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიებაც უნდა უზრუნველყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×