ინფლაცია შარშანდელზე მაღალი იქნება - ყველა დაპირება ფუჭი და არასერიოზული აღმოჩნდა
ქეთო გოგოხია
10.08.2026

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზიაციებმა, ასევე ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი შეცვალეს. მიმდინარე წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზი სებ-მა 5.2%-მდე გაზარდა. ეს ნიშნავს, რომ წლიური მაჩვენებელი შარშანდელს გადააჭარბებს. შედარებისთვის, გასული წლის ბოლოს ინფლაცია 4%-ს შეადგენდა. თუ შარშან წლის დასაწყისში არსებული მაღალი ინფლაციური წნეხი წლის ბოლოსკენ შემცირდა, წელს მსგავს ოპტიმისტურ პროგნოზებს ვეღარ ვხედვთ. 

ინფლაციასთან დაკავშირებით საინტერესოა S&P Global Ratings-ის კვლევა, რომელმაც საქართველოს 2026 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 5.1%-მდე გაზარდა. თებერვალში გამოქვეყნებულ შეფასებაში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო მიმდინარე წელს 3.5%-იან ინფლაციას პროგნოზირებდა.

წლევანდელი ფასების ზრდა ძირითადად საწვავის გაძვირებითა და კომუნალური გადასახადების, კერძოდ ელექტროენერგიის მკვეთრი მატებითაა განპირობებული. თუმცა, პრობლემა ამით არ ამოიწურება: ტრანსპორტირების გაძვირებამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია და პირველადი მოხმარების პროდუქტების ნაწილზე - ზეთზე, ხორცსა და ხორცპროდუქტებზე  ფასების ზრდა განაპირობა.

შედეგად, მომხმარებლის ხარჯები საგრძნობლად გაიზარდა. თუ აქამდე ოჯახების მთავარ გამოწვევას სურსათისა და სამედიცინო მომსახურების გაძვირება წარმოადგენდა, წელს ამას საწვავის, კომუნალურებისა და ტრანსპორტის გაზრდილი ტარიფებიც დაემატა. შექმნილმა მოცემულობამ მოქალაქეებს განკარგვადი შემოსავალი, პრაქტიკულად, აღარ დაუტოვა - მომხმარებლისთვის შეღავათი ჯერჯერობით არსაიდან ჩანს.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მდგომარეობა ინფლაციასთან დაკავშირებით წლის ბოლომდე ვერაფრით გამოსწორდება. ასეთ მოლოდინს გეოპოლოტიკური მდგომარეობა განაპირობებს. ეკონომისტი გივი მომცელიძე კი იმასაც ფიქრობს, რომ რეალურად ინფლაცია იმაზე მაღალია, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, ამიტომ ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს შესაბამისი ზომების გატარება მოუწევთ.

,,გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ინფლაციასთან დაკავშირებით სიტუაცია საკმაოდ გააუარესა. ბოლო თვეებია, ინფლაცია მატულობს და სამწუხაროდ, მოლოდინიც პესიმისტურია. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, მსოფლიო ტენდენციაა. ირან-აშშ-ს კონფლიქტის გამო, ფასები საწვავსა და რამდენიმე სხვა მიმართულებაზე, გაზრდილია. ჩვენს შემთხვევაში, ამას დაემატა კომუნალური გადასახადების გაძვირებაც. ინფლაცია რაღაც მაჩვენებელზე რომ დაიჭიროს ეროვნულმა ბანკმა, სერიოზული ზომები უნდა გაატაროს. 

ჩვენი სასურსათო კალათა ბევრ ისეთ პროდუქტს შეიცავს, რაც ყოველდღიური მოხმარების არ არის. შესაბამისად, ინფლაციის არსებული მაჩვენებელი რეალობას ვერ ასახავს. როცა 3-4%-იანი ინფლაცია ფიქსირდებოდა, მაშინაც კი ფასების ზრდა ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფში ორნიშნა იყო. ეს კი ყველაზე მძიმედ დაბალშემოსავლიან მოსახლეობასა და მომხმარებლებზე აისახება, რადგან პირველადი მოხმარების პროდუქციასა და სურსათზე ფასების დონე მაღალ ნიშნულზე რჩება“, - აღნიშნა გივი მომცელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ინფლაციის რისკი გაზრდილია, რაც ნამდვილად მოიტანს არასასურველ შედეგს, თუ შესაბამისი ღონისძიებები არ გატარდება. ანალიტიკოსი რამაზ გერლიანი ფიქრობს, რომ განსაკუთრებით მონეტარულ პოლიტიკას უნდა მიექცეს ყურადღება და ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგას.

ეკონომისტის მთავარი პოზიცია და არგუმენტები ინფლაციასთან, ფასების ზრდასა და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტორს ემყარება. გერლიანის განმარტებით, ინფლაციის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზეზი ქვეყანაში ფულის მასის მკვეთრი ზრდაა. ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ფულის მასა დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა მაშინ, როდესაც რეალური ეკონომიკა ამ ტემპს ჩამორჩა (გაორმაგებაც კი ვერ მოასწრო), რაც პირდაპირ ქმნის ფასების მატების პრეცედენტებს.

მისი შეფასებით, მაღალი საპროცენტო განაკვეთებით ინფლაციის შეკავების მცდელობა ხშირად საპირისპირო შედეგს იძლევა. 

,,როდესაც ეროვნული ბანკი ინარჩუნებს მაღალ რეფინანსირების განაკვეთს, ეს ზრდის ბიზნესისთვის დაფინანსების, სესხის აღების დანახარჯებს, რასაც მეწარმეები საბოლოოდ ისევ პროდუქციის თვითღირებულებასა და საბაზრო ფასში ასახავენ. შესაბამისად, მაღალი განაკვეთი ფასების მომთოკველის სანაცვლოდ, ზოგჯერ თავად ხდება ფასების ზრდის წამახალისებელი. მთლიანობაში, ინფლაციასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ცუდი სიტუაციაა. გარკვეული ტიპის სურსათზე ფასი კი  შემცირდა, თუმცა კომუნალური ტარიფების ზრდამ, ასევე საწვავის მაღალმა ფასმა ამ მხრივ ნეგატიური ასახვა ჰპოვა“, - განაცხადა გერლიანმა ჩვენთან საუბრისას.

მისი შეფასებით, ინფლაციის შემცირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შეცვლა, რის ნებაც, სამწუხაროდ, არ არის ქვეყანაში.

,,ქვეყანას  სწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა არ გააჩნია.  როდესაც საქმე ეხება ინფლაციას აქ მაინც უნდა გამოვიდეთ მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორებიდან გამომდინარე. შესაბამისად, თუ მოთხოვნის ზრდის შენელება მოხდება, ცხადია, რომ რაღაც პერიოდში ფასების დონეზეც აისახება. ისეთი სიტუაციაა, რომ პროგნოზის გაკეთებაც ჭირს. 

ინფლაცია წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, კიდევ მოიმატებს. მძიმე ეკონომიკური გარემოა, ქვეყნის მოქალაქეები  გარბიან სამშობლოდან, მათ შორის, სოციალურად დაუცველები, ანუ  მოქალაქეები გამოსავალს ემიგრაციაში ხედავენ, რთული პროცესებია და სანუგეშო ბევრი არაფერია", - დასძინა რამაზ გერლიანმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

"საქსტატის" ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის ივლისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა. ივნისში მაჩვენებელი 5.8% იყო. შესაბამისად, ინფლაცია კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს. წლის ბოლოს 5%-იანზე მაღალ ინფლაციას პროგნოზირებენ "თიბისი კაპიტალი" და "გალტ ენდ თაგარტიც".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×