მარიამ ვეკუა
11.08.2026

დახურული ჟალუზები, საიდუმლო ბორტი და მოტყუებული პრესა - როგორც „ვაშინგტონ პოსტი წერს", სწორედ ასე დატოვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 ივლისს ანკარა და ნატო-ს სამიტი. ამავე წყაროს ცნობით, ეს ირანის მხრიდან მოსალოდნელ სარაკეტო თავდასხმას უკავშირდებოდა. მედიის ცნობით, ტრამპი საიდუმლოდ, სატვირთო მანქანით გადაიყვანეს „ბორტი ნომერი ერთიდან" სხვა თვითმფრინავში, რომლითაც მან თურქეთი დატოვა.

მოგვიანებით, „უოლ სთრით ჯორნალი" თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ისრაელმა აშშ-ს გადასცა სადაზვერვო მონაცემები ტრამპის მკვლელობის ირანული გეგმის შესახებ, თუმცა ამერიკულმა მხარემ ეს ინფორმაცია საკმარისად დამაჯერებლად არ მიიჩნია.

საინტერესოა, რომ უშუალოდ ნატო-ს სამიტის დროს, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ირანის ომით გამოწვეულ რისკებს აცნობიერებდა და საკუთარ თავს ირანის „ნომერ პირველი სამიზნე" უწოდა.

ტრამპის მიერ თვითმფრინავის ფარულად ჩანაცვლების შესახებ ინფორმაცია პირველად „ვაშინგტონ პოსტმა" გავრცელა.

თურქეთიდან გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, 8 ივლისს, ტრამპმა განაცხადა, რომ ანკარას ძველი საპრეზიდენტო თვითმფრინავით დატოვებდა და არა კატარის მიერ ნაჩუქარი ახალი ბორტით, რომლითაც ნატო-ს სამიტზე ჩაფრინდა. პრეზიდენტის თქმით, იგი თვითმფრინავს „ძველი დროის გახსენების მიზნით" ცვლიდა და გაერთიანებულ სამეფოში საწვავის შევსების გაჩერებაზე იქ დისლოცირებული ამერიკული ძალები შეძლებდნენ ახალი ხომალდის შემოწმებას, თუმცა „სი-ბი-სი ნიუსის"ცნობით, საიდუმლო სამსახურმა მას ძველი ავიალაინერით მგზავრობა უსაფრთხოების ზომების გამო ურჩია.

მედიის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ ადის პრეზიდენტი ძველი საპრეზიდენტო თვითმფრინავის კიბეზე და შიგნით უჩინარდება, ხოლო ლაინერის მეორე მხარეს კვებითი უზრუნველყოფის სატვირთო ავტომობილი დგას. რამდენიმე წუთის შემდეგ მანქანა ადგილიდან დაიძრა და აშშ-ის მთავრობის მეორე თვითმფრინავისკენ გაემართა, რომელიც, მედიის ცნობით, Air Force C-32A იყო.

ტრამპი ანკარიდან გაერთიანებულ სამეფოში, სადაც საწვავის შესავსებად გაჩერდა, ამ თვითმფრინავით გაფრინდა, ხოლო პრესის წარმომადგენლები და პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლები იმავე მარშრუტით ძველი საპრეზიდენტო თვითმფრინავით მგზავრობდნენ და დარწმუნებული იყვნენ, რომ პრეზიდენტი მათთან ერთად იმყოფებოდა ბორტზე.

როგორც ძველ საპრეზიდენტო თვითმფრინავში მყოფი ჟურნალისტები იხსენებენ, გაფრენის წინ ,ათ სთხოვეს, რომ სალონში ფანჯრის ჟალუზები დახურული ჰქონოდათ. მოგვიანებით კითხვაზე, თუ რატომ იყო ეს საჭირო, ტრამპმა რეპორტიორებს უთხრა, რომ ისინი „სავარაუდოდ სახიფათო ფრენაში იმყოფებოდნენ იმ ნაძირლების გამო, რომლებთანაც საქმის დაჭერა უწევთ".

გაერთიანებულ სამეფოში ჩაფრენის შემდეგ ტრამპი ახალ „საპრეზიდენტო თვითმფრინავში" გადაჯდა, რომელიც გასულ წელს კატარის მთავრობამ აჩუქა აშშ-ს და აშშ-ის საჰაერო ძალებმა ახალ საპრეზიდენტო ხომალდად გადააკეთეს. ატლანტის ოკეანის გადაკვეთისას, ვაშინგტონისკენ ფრენისას, ტრამპმა პრესის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ გასაიდუმლოებულმა ტაქტიკამ და პროცედურებმა საჯარო სივრცეში გაჟონა, რამაც შესაძლოა მომავალში აშშ-ის პრეზიდენტების უსაფრთხოების ოპერაციები შეზღუდოს.

ტრამპის ადმინისტრაციას არასდროს განუცხადებია საჯაროდ იმის შესახებ, რომ პრესა და პრეზიდენტის აპარატის ზოგიერთი თანამშრომელი „სატყუარა" თვითმფრინავით მგზავრობდნენ.

ორშაბათს, თურქეთში თვითმფრინავების საიდუმლოდ ჩანაცვლების გადაწყვეტილებაზე დასმულ შეკითხვაზე, თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორს, სტივენ ჩენგს, პირდაპირი პასუხი არ გაუცია. მან განცხადებაში აღნიშნა:

„ახალი Air Force One არის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი, რომელშიც მაღალი დონის უსაფრთხოების პროტოკოლებია ინტეგრირებული პრეზიდენტისა და მისი აპარატის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. როგორც პრეზიდენტმა ახლახან განაცხადა, ამერიკას მრავალი მტერი ჰყავს, რომელთაც სამიზნეში ჰყავთ ამოღებული, ჩვენ კი ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ვიყენებთ ამ საფრთხეებზე რეაგირებისთვის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×