თამთა ჩაჩანიძე
11.08.2026

მოსკოვი ისევ თბილისისგან პოლიტიკური დიალოგის აღდგენასა და ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივაზე საუბრობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი აცხადებს, რომ საქართველოს წარმატებული განვითარება რუსეთთან „კონფრონტაციაში კი არა, თანამშრომლობაშია". საპასუხოდ კი საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების პირობებში ვერ მოხდება, ხოლო მმართველი პარტიის მრავარი მიზანი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებაა.

გალუზინის განცხადებას ქართულ ოპოზიციაშიც ეხმაინებიან და აცხადებენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს „ბუნებრივ პარტნიორად მიიჩნევს, რისი მოსმენაც სავალალოა".

„ძალიან დამაფიქრებელი და სავალალოა იმის მოსმენა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბუნებრივ პარტნიორად მიიჩნევს ჩვენს ქვეყანას... კომფორტულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეთი შეფასება? რამდენად მშვიდად ხვდება ასეთ შეფასებას, საკუთარ თავში თუ ეძებს პასუხს, რამ განაპირობა ასეთი განცხადება? ჩემი აზრით, ეს ძალიან შეურაცხმყოფელია?" - აღნიშნა „ჯერ საქართველოს" ლიდერმა ვიქტორ ყიფიანმა.

გალუზინის ეს განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომისა და მასთან დაკავშირებული ტრაგიკული თარიღების აღნიშვნას დაემთხვა. გარდა ამისა, ამ დღეებში სოც ქსელებში გავრცელდა რუსი პროპაგანდისტის ალექსანდრ დუგინის გამოსვლის ჩანაწერი, სადაც ის საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლის დასაწყისზე საუბრობს და მიანიშნებს, რომ რუსეთმა „ამა თუ იმ ფორმით" უნდა დაუბრუნოს საქართველოს აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი". თუმცა, ზუსტად როდისაა გაკეთებული ეს ჩანაწერი, რთულის სათქმელია.

„დუგინმა თქვა - „უნდა მოვიფიქროთ, როგორ დავუბრუნოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიო". თვითონ „ოკუპირებული" არ უთქვამს, მაგრამ ალბათ ესაა გასაღები საკითხზე, თუ რა შეიძლება რუსეთმა ქნას - ანუ, უნდა იპოვოს გზები იმისა, რომ აღადგინოს ის, რაც თვითონ დაარღვია. ამ პროცესების დასაწყისი ის იქნება, რომ სეპარატიზმი ჩააქროს, რაც რთული პროცესია და რასაც რუსეთი საუკუნეების განმავლობაში ხელს უწყობდა", - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადება და თბილისის პასუხი

მიხაილ გალუზინი ამბობს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ამჟამად ორმხრივი კონტაქტები არ არსებობს, თუმცა, მოსკოვი მზადაა კავშირების შემდგომი გაფართოებისთვის.

  • მიხაილ გალუზინი: „ჩვენ თბილისთან პრაგმატული კავშირების შემდგომი გაფართოებისთვის მზად ვართ. ნათელია, რომ საქართველოს წარმატებული განვითარების საწინდარი ჩვენს ქვეყანასთან არა კონფრონტაციაში, არამედ თანამშრომლობაში მდგომარეობს."

„ჩვენ თბილისთან პრაგმატული კავშირების შემდგომი გაფართოებისთვის მზად ვართ. ნათელია, რომ საქართველოს წარმატებული განვითარების საწინდარი ჩვენს ქვეყანასთან არა კონფრონტაციაში, არამედ თანამშრომლობაში მდგომარეობს.

„რაც შეეხება ორმხრივ პოლიტიკურ კონტაქტებს, დღეს ეს არ არსებობს. მიზეზი ქართული მხრიდან მსგავსი დიალოგისთვის მზადყოფნის არქონაა. ჩემთვის, რა თქმა უნდა, რთულია შევაფასო, თუ როგორ ეხმარება ეს საქართველოს ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ ეს მისი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა", - აღნიშნა გალუზინმა.

საპასუხოდ, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება, ვიდრე არ მოიხსნება ჩვენი ტერიტორიების ე.წ. აღიარების საკითხი.

  • ირაკლი კობახიძე: „ჩვენი მიზანი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება და იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური ცვლილებების კვალად, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდება."

„იცით, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს გასაგები მიზეზების გამო - ვიდრე ე.წ. აღიარება არის შემდგარი ფაქტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება.

„ჩვენი მიზანი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განაცხადი და იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური ცვლილებების კვალად, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდება. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ჩვენი ერთ-ერთი საგარეო პრიორიტეტია", - განაცხადა კობახიძემ.

კითხვას, რა იგულისხმება გალუზინის განცხადებაში, პრემიერი პასუხობს: „არ ვიცი, ჩადით და ჰკითხეთ".

რა მინიშნებებია კრემლისგან

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ თუ მართლაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზეა საუბარი, ჯერ რუსეთს მოუწევს „სეპარატიზმი ჩააქროს", რაც რთული პროეცესია.

„ამ პროცესების დასაწყისი ის იქნება, რომ სეპარატიზმი ჩააქროს, რაც რთული პროცესია და რასაც რუსეთი საუკუნეების განმავლობაში ხელს უწყობდა. ანუ, თვითონ რუსეთმა უნდა იზრუნოს ამაზე, თუკი საქართველოსთვის სასარგებლო რამეს აპირებს. იზრუნოს იმაზე, რომ ამ რეგიონებში, აფხაზურსა და ოსურ დასახლებაში სეპარატისტული ტენდენციები ჩაქრეს და ისინი დაადგნენ ერთიან სახელმწიფოში ყოფნის პოლიტიკას. ამ სირთულის გადაჭრა ყოველთვის ყველაზე ძნელია და არა მარტო რუსეთისთვის. ამოსაშენებელია ის უფსკრული, რომელიც გაჩნდა და ეს არ გაჩენილა ამ უახლოეს წარსულში, შორეული ისტორია აქვს იმ უფსკრულს, რასაც რუსეთი ასე მეთოდურად აკეთებდა წლების განმავლობაში, საუკუნეების განმავლობაში. საბედნიეროდ, რუსეთის მიზნები ამ მხრივ ბოლომდე ვერ შესრულა და სეპარატიზმის გაღვივება მხოლოდ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოახერხა", - განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება რუსული მხარის ესგანცხადებები ერთგვარი მახე იყოს, რადგან უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დაკარგა მოკავშირეები და შეიძლება ახალ გზებს ეძებდეს, საყვარელიზემ გვითხრა:

„უპირველეს ყოვლისა, რუსეთის განცხადებებს ყველა და მათ შორის მეც ვუყურებთ, როგორც უდაოდ საფრთხეს. თუმცა არაა გამორიცხული, რომ რუსეთს მოუნდეს კავკასიის საკითხის მოგვარება საქართველოზე დაყრდნობით, რომელიც საკვანძო რგოლია კავკასიაში. ახლახანს თურქეთს, პაკისტანსა და არაბულ ქვეყნებს შორის ალიანსი შედგა და არაა გამორიცხული, რომ ეს ალიანსი რუსეთმა ხიფათად აღიქვას, რადგან ამ ქვეყნების ასეთი შეკრება ხელს უწყობს პანთურქული იდეის გაღვივებას. თურქეთი ნატოს წევრია და ყოველმხრივ უპირატესობები აქვს შეიარაღების მასშტაბით და ა.შ. იქ ფინანსურად არაბეთია ძლიერი და ატომური იარაღი აქვს პაკისტანს.

  • რამაზ საყვარელიძე: „რუსეთი არაა ის ქვეყანა, რომელსაც შეიძლება ენდო. მან თავისი ინტერესით შეიძლება გადადგას ნაბიჯები, ოღონდ სხვა ქვეყანა მოიყოლოს ამ ჩექმის ქვეშ, კერძოდ საქართველო. ამიტომ მე არ მეჩვენება რუსეთის ეს განცხადება და განცხადებები საქართველოსთვის პერსპექტიულად."

„შეიძლება რუსეთი ამ ალიანსმა დააფიქრა და იმან, რომ ალიანსის შემდეგი სამიზნე შეიძლება შუა აზიის რესპუბლიკები და კავკასია აღმიჩნდეს. დასჭირდებათ ქრისტიანულ ბარიერზე გადახტომა და ასეთი ბარიერი არის უპირველეს ყოვლისა თვითონ რუსეთი, რომელიც ეღობება შუა აზიისა და ჩრდილო კავკასიის ქვეყნებისკენ ისლამურ მოძრაობას.

„რუსეთს შეიძლება გაახსენდა, რომ თურქული გავლენების გზაზე ბარიერად საქართველო შეიძლება მისთვის საჭირო იყოს. ანალოგიური იდეა, რომ საქართველო თურქეთთან დაპირისპირებაში გამოეყენებინა, ისტორიულადაც გვახსოვს. ახლა ამავე თურქეთთან დაპირისპირების ლოგიკით შეიძლება ისევ გაახსენდათ საქართველო. როგორ გაახსენდებათ და როგორ შემოტრიალდება ეს იდეა საქართველოსთვის, ეს სხვა საკითხია და ნამდვილად არაა სასურველი ამ იდეის ბოლომდე განხორციელება.

„რუსეთი არაა ის ქვეყანა, რომელსაც შეიძლება ენდო. მან თავისი ინტერესით შეიძლება გადადგას ნაბიჯები, ოღონდ სხვა ქვეყანა მოიყოლოს ამ ჩექმის ქვეშ, კერძოდ საქართველო. ამიტომ მე არ მეჩვენება რუსეთის ეს განცხადება და განცხადებები საქართველოსთვის პერსპექტიულად. მიმაჩნია, რომ საქართველომ მაინც უნდა დაუცადოს აზიისა და ევროპის დაკავშირებისკენ მსოფლიო მასშტაბის პროცესებს, სადაც უკვე საქართველო უფრო ღონიერი გახდება, როგორც საკვანძო წერტილი და ამ მოღონიერებისა და საერთაშორისო ფუნქციის გაძლიერების ფონზე, თავისი ინტერესები გაატაროს, მათ შორის რუსეთთან", - განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×