
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს ცნობილი შემთხვევიდან და წერს:
"დღის ფოტოა:
მაშველები მაშველებად, გულშემატკივრები გულშემატკივრებად და ქალი ნახეთ, ქალს დააკვირდით:
ადიდებულ, ამღვრეულ, საშიშად მოხმაურე მდინარის შუაგულში, წელამდე ცივ წყალში დგას ქალი, ერთი ბავშვის დედა და მეორის დეიდა, ხელებით ლოდზე შესმულ ერთ ბავშვს ჩაფრენია და ალბათ ისე უჭერს, რომ ძვლებს ჭახაჭუხი გააქვს: "არ გამტაცოს! წყალმა არ წამართვას!”
ცალი თვალი კი მაშველებისკენ და მეორე ბავშვისკენ აქვს, რომელიც უკვე თითქმის სამშვიდობოსაა გასული, რომ არაფერი გამორჩეს და თუ საჭირო გახდება, მასაც მიეშველოს.
არ არსებობს ახლა დაბრკოლება, რომელსაც ეს ქალი (როგორც გავარკვიე, მეგი კობერიძე) ბავშვების გამო ვერ გადალახავს, არც ერთი ლოდი არაა მდინარეში, რომელსაც ცალი ხელით ვერ გადააგორებს…
ცოტა ადრე რომ გადაეღოთ ეს ფოტო, იგივე ადგილიდან, ის ისევ იქ იდგა, წელამდე წყალში, ორ ბავშვს ჩაფრენილი.
ორი საათი იდგა ასე – სანამ მაშველები მოვიდოდნენ.
ყველა ხიფათი ისე დაგსრულებოდეთ ყველგან და ყოველთვის, როგორც ეს ამბავი დასრულდა", - დაწერა ბერულავამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე