ყოველ მეხუთე ეკონომიკურად აქტიურ მოქალაქედ, რომელსაც სესხი აქვს აღებული, ვადაგადაცილება უფიქსირდება
თამარ ვეფხვაძე
11.08.2026

საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით, 23.2% სესხს ვერ იხდის. უფრო ზუსტად, „კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის ივლისის მონაცემებით, ყოველ მეხუთე მოქალაქეს, რომელსაც ფინანსური სესხი აქვს აღებული, 30-დღიანი ვადაგადაცილება უფიქსირდება. ეკონომისტების შეფასებით, ეს ცალსახად ცუდი მაჩვენებელია, თუმცა უფრო ღრმა შეფასებისას მათი აზრი გაიყო - ეკონომისტების ერთი ნაწილი თვლის, რომ აუცილებელია მარეგულირებლის, ანუ ეროვნული ბანკის ჩარევა, რათა სესხები მხოლოდ საჭიროების მიხედვით გაიცეს, ხოლო მეორე ნაწილის მოსაზრებით, თუ ეკონომიკის რეალური სექტორი არ განვითარდება, მოსახლეობა ამ ფინანსურ სიდუხჭირეს თავს ვერ დააღწევს. 

„კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის ივლისის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, დაახლოებით, 23.2% სესხს ვერ იხდი. მიმდინარე წლის 31 ივლისის მდგომარეობით, 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება 375 188 მსესხებელს, „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით კი, ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (სამუშაო ძალა) რაოდენობა 1 613 650-ია.

აღსანიშნავია ისიც, რომ იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომელთაც სესხზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში 9 004-ით, ხოლო ერთი თვის განმავლობაში - 1 627 პირით გაიზარდა. 

2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, მსესხებლებიდან, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, 102 415 - კომერციული ბანკების კლიენტია, 302 793 პირი - სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი); 5 326 კი - ყველა სხვა ტიპის ორგანიზაციის კრედიტორია. ეს ორგანიზაციებია: სამშენებლო კომპანია, დისტრიბუტორი, სალიზინგო კომპანია და ა.შ.

მოკლედ, სიტუაცია არც ისე სახარბიელოა. ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ფინანსურ სესხს სხვადასხვა საჭიროების მიხედვის იღებს. თუმცა, იმის გამო, რომ მისი ხარჯი შემოსავალზე მეტია, ცხადია, ამ სესხის დროული მომსახურება უჭირს. შესაბამისად, ვადაგადაცილებაც ამის გამო დგება. 

ფინანსისტი ლია ელიავას აზრით, ბევრად უკეთესი იქნებოდა, გვენახა ეს სტატისტიკა რეგიონულ ჭრილში. იგი დარწმუნებულია, რომ მსხვილ ქალაქებში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც დიდი ფული ტრიალებს, უკეთესი მდგომარეობა იქნება ამ მხრივ, ვიდრე რეგიონებში. 

„დიდ ქალაქებში შემოსავლების მიღების უფრო მეტი საშუალებაა, ვიდრე რეგიონებში. ამიტომ, ეს არასრულფასოვანი სტატისტიკა ზოგადი დასკვნების საშუალებას იძლევა. ყოველ შემთხვევაში, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობის ყოველ მეხუთე ადამიანს გააჩნია ვადაგადაცილება სესხებზე. ფაქტია, რომ ყოველი მეხუთე ადამიანისთვის სტაბილური შემოსავალი სერიოზული პრობლემაა, გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ მათი შემოსავლები მცირეა და ცხოვრებისეული საჭიროებებზე არ ჰყოფნით. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჯერჯერობით, საქართველო ეკონომიკურად არასტაბილურ მდგომარეობაშია“, - განუცხადა „რეზონანსს“ ლია ელიავამ. 

როცა ხარჯი უფრო მეტია, ვიდრე შემოსავალი, მსესხებელი იძულებულია, თავისი შემოსავალი ისე გაანაწილოს, რომ პირველ რიგში, დააკმაყოფილოს მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებები. 

„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა რეგულირება და დაავალა მსესხებლებს - ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს - უკეთესად შეესწავლათ ფინანსური მდგომარეობა, მაინც ისე ხდება, რომ თავისი შემოსავლებიდან გამომდინარე, ადამიანი მაინც არაადეკვატურ სესხს იღებს. ხშირ შემთხვევაში, ბანკებიც და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც თვალს ხუჭავენ მსესხებლის გადახდისუნარიანობაზე. არ მინდა ვთქვა, რომ ეს ცუდია, რადგან ხალხს მართლა სჭირდება ფული. თუ საკმარისი ყოველთვიური შემოსავალი არ აქვს, რა თქმა უნდა, სესხი მისწრებაა ელემენტარული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მეორე მხრივ, როდესაც საუბარია სესხზე, რათა ადამიანმა ძვირადღირებული ტელეფონი შეიძინოს ან დასასვენებლად წავიდეს, ცხადია, ასეთი სახის სესხები მხოლოდ აღრმავებენ და აძლიერებენ მოსახლეობის კრედიტუუნარობას“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ ლია ელიავამ. 

მისი აზრით, ამ პრობლემის მოგვარება კომპლექსურადაა შესაძლებელი. ლია ელიავას განცადებით, ერთი მხრივ, ადამიანს სჭირდება სესხი და მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ამ ფულად რესურსზე, ხოლო მეორე მხრივ, თვითონ გამსესხებლები, ანუ ფინანსური ინსტიტუტები უნდა აფასებდნენ რეალობას, რისთვის სჭირდება მსესხებელს თანხა. 

„ბიზნესს ვერ დაავალებ, რომ გინდა, თუ არა, მიიღოს ზარალი, რადგან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნია, მაგრამ ამაზე უნდა იზრუნოს ეროვნულმა ბანკმა. თუ სახელმწიფო, ეროვნული ბანკის სახით, არ ჩაერია ამ პროცესში და არ შეანელა მოსახლეობის ღრმა დაკრედიტების პროცესი, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც შემოსავალი ჭირს, მსესხებლების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება“, - დასძინა ლია ელიავამ.

ის, რომ საქართველოში მცხოვრებ ყოველ მეხუთე ადამიანს, რომელსაც სესხი აქვს აღებული და 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება, ეკონომიკურ სიდუხჭირედ მიაჩნია ეკონომისტ სოსო სიმონიშვილს. მისი შეფასებით, რეალურად, ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 200-300 ოჯახს ეხება, დანარჩენი მოსახლეობის გაღარიბების ხარჯზე. 

„მოსახლეობის მეხუთედზე მეტს სესხებზე ვადაგადაცილება აქვს და ეს ეკონომიკურ პრობლემებს ნიშნავს. ამას რომ მივუმატოთ, რამდენი ადამიანი კარგავს ბინას, ვისაც კრედიტში აქვს ჩადებული ან სხვა ქონებას, ეს უკვე სრული კატასტროფაა. აქედან გამოსავალი მხოლოდ ის არის, რომ განვითარდეს რეალური სექტორი - ფაბრიკები და ქარხნები, რათა ხალხი დასაქმდეს და ამოისუნთქოს. ხალხი და ქვეყანა ვერ დადგება აღმშენებლობის გზაზე, თუ ინდუსტრია არ აღორძინდება“, - განუცხადა „რეზონანსს“ სოსო სიმონიშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ აქვს ეკონომიკური აღორძინების პროგრამა, რომელიც ორი თვის წინ მთავრობას გადაუგზავნა.

„ამ პროგრამაში დეტალურად არის განხილული, რა არის გასაკეთებელი, რომელი კანონები უნდა შეიცვალოს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდა დაიწყოს. ათეულობით მილიარდი ინვესტიციების მოზიდვა შესაძლებელია ისე, რომ ქვეყანა ვერ აუვა ამ კაპიტალის ათვისებას  და უსწრაფესად შეიქმნება იმის აუცილებლობა, რომ ჩვენი ემიგრანტები დავაბრუნოთ და შევთავაზოთ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ სოსო სიმონიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×