
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა საგანგებო მიმართვას ავრცელებს. იგი წაქეზების ბრალდებით დაკავებულ ნია იმნაძის ბიძის მიერ გავრცელებულ წერილს ეხმაურება:
"მე რამდენიმე დღის წინ ავტვირთე ნია იმნაძის ქაჯი დედის ძმის მოწერილი მესიჯების სქრინი. დღეს თვითონ დაუდია სადღაც გაყალბებული (მე მთავარის გვერდზე ვნახე). ჩაუმატებია შუაში ერთი მესიჯი და ეკა კუპატაძე თავად მანიპულირებს, ატყუებს ხალხსო. ეგონა ალბათ ჩემთან გამოჩნდებოდა და აი, როგორ გატყუებთ კუპატაძეო. თან რამე აზრიანი მაინც ჩაემატებინათ, პირიქით მასხრად ამიგდეს. რა ველურები არიან, როგორ ბედავენ ჩვენს ხსენებას! ეს გიჟები! ამათ ისე ვასწავლი ჭკუას, რომ გენში ჩაუჯდეთ გამოცდილება და შთამომავლობას ისე გადასცენ.
პირველი და მესამე მესიჯის სქრინები მე დავდე. მეორე მესიჯი არის ჩამატებული. თუნდაც ახლა არ ჩაემატებინა და გამოეგზავნა მანამდე, ის ერთი მესიჯი გადაწონის ჩემი შვილის სიცოცხლეს?! მერე უკვირთ, მოსამართლეებმა მაქსიმალური სასჯელი როგორ მიუსაჯეს ჩვენს არასრულწლოვანებსო და ვიღაც ნახევრად გარეკილ, ცუნდრუკით გამხდარ ე.წ. ცნობილ სახეებს ვიდეოებს და პოსტებს ადებინებენ ჩვენზე! მომიკლეს შვილი! ყოველ წამს ცდილობენ მისი ღირსების შელახვას! დღეში ათასჯერ მკლავენ მე! და ეს ყველაფერი ხდება ნიკას თვალწინ" - წერს ეკა კუპატაძე.
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ოჯახის ახლობელმა, ლუკას ნავროზაშვილმა ეკა კუპატაძესთან მიმოწერა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა და დაწერა: "გიგას სიცოცხლე ფასდაუდებელი იყო, მაგრამ ნიას სიცოცხლეც ფასდაუდებელია".