რეზონანსი
12.08.2026

ქართველი ჯარისკაცები თავდადებით იბრძოდნენ. მარცხი მათი არ ყოფილა. ეს იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მარცხი - ხელისუფლების, რომელმაც ქვეყანა ომში შეიყვანა, ვერ მართა ომი და ვერც მისი დასრულებისას დაიცვა ქვეყნის ინტერესები, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისივე თქმით, ამ ისტორიის კიდევ ერთი მძიმე მხარე საერთაშორისო რეაქცია იყო.

„12 აგვისტოს შეთანხმებას შუამავლად და გარანტორად ევროკავშირი ედგა. ექვს პუნქტში საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანი იყო მეხუთე პუნქტი: რუსეთის სამხედრო ძალები საწყის პოზიციებზე უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ რა მოხდა შემდეგ? რუსეთზე რეალური ზეწოლა განხორციელდა? სანქციები დაწესდა? ვაჭრობა შეჩერდა? პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები შეიზღუდა? არა.

პირიქით, დასავლეთსა და რუსეთს შორის მალე დაიწყო ურთიერთობების „გადატვირთვა“. გაგრძელდა მასშტაბური ეკონომიკური თანამშრომლობა. აშენდა „ნორდ სტრიმის“ მილსადენები. 2010 წლის 9 მაისს კი წითელ მოედანზე რუს და ევროპელ სამხედროებს ერთ აღლუმზე ვხედავდით. საქართველომ კი სხვა რეალობა მიიღო: შეიარაღების შეძენაზე დაწესებული ემბარგო, ომის პასუხისმგებლობაზე მძიმე საერთაშორისო შეფასებები, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის იძულება და გასასტიკებული რეჟიმის ყველაზე შავბნელი წლები.

რა იყო ეს, თუ არა საქართველოს დასჯა და რუსეთთან ურთიერთობების ძველ კალაპოტში სწრაფი დაბრუნება? მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად სამ დღეში კაპიტულაციისაა, მიტოვებული ჯარისკაცებისა, ჰალსტუხისა და გორის სამარცხვინო კადრებისა, რუსთაველზე ზეიმისა მაშინ, როდესაც ჩვენი პატრიარქი საკუთარი ფეხით მიდიოდა ომის ზონაში დაღუპული ჯარისკაცების გამოსაყვანად და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად, ყველაფრის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცმა საქართველოს ღირსება არ დათმო.

არ არსებობს ბრძოლა საქართველოსთვის გმირების გარეშე, თავდადების გარეშე, თავგანწირვის გარეშე. ჩვენ ამ ომმა მოგვცა შინდისის გმირები, გელა ჭედია, ძმები რომელაშვილები, გიორგი ანწუხელიძე... ათობით და ასობით გმირი. მათ შეინახეს საქართველოს ღირსება, საკუთარი სისხლით დაიცვეს დიდგორის სახელი და დაგვიტოვეს რწმენა, რომ არასოდეს შევეგუებით მარცხს, ღალატს და უსამართლობას“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×