
გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, აღნიშნულ საქმეში მით უფრო მეტად გამოირიცხება ეს ვერსია,- ამის შესახებ 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვიღაცის ინტერესში შედიოდა, რომ არ დადგენილიყო ჭეშმარიტება.
“წლების განმავლობაში გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, აღნიშნულ საქმეში მით უფრო მეტად გამოირიცხება მეწყრის ვერსია. ჩემი შეფასებით, ვიღაცას აწყობდა, ვიღაცის ინტერესში შედიოდა, რომ მიჩქმალულიყო გამოძიება, გაჩერებულიყო საგამოძიებო მოქმედებები, არ დადგენილიყო ჭეშმარიტება“, - აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.
მან ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „აღნიშნული ვიდეოს შინაარსი თავდაყირა აყენებს ძალიან ბევრ საკითხს და შინაარსობრივად ეწინააღმდეგება მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს“.
"რაც შეეხება გასაჯაროებულ ვიდეოს, გამოკითხულია ის პიროვნება, ვინც გადაიღო და ატვირთა „იუთუბში“. აღნიშნული ვიდეოს შინაარსი თავდაყირა აყენებს ძალიან ბევრ საკითხს და შინაარსობრივად ეწინააღმდეგება მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს. ეს საჭიროებს დამატებით შესწავლას. ძალიან ბევრი ახალი გარემოება გამოჩნდა აღნიშნული ჩანაწერით“,- აღნიშნა კაკაბაძემ.