ნატალია ჯვარიძე
12.08.2026

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი დასავლეთის ქვეყნების მიერ სავაჭრო გემების დაკავებას შესაბამის პასუხს გასცემს. ვლადიმერ პუტინმა სარაკეტო კრეისერი „ვარიაგიდან" რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნების დასკვნითი ეტაპის მიმდინარეობას მიადევნა თვალი და ადმირალ ვიქტორ ლიინისგან ანგარიში მოისმინა.

„თუ ამის [ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსული სავაჭრო გემების დაკავება] პრაქტიკაში განხორციელება დაიწყება, ჩვენ იძულებულები გავხდებით, რომ სარკისებურად ვუპასუხოთ", - განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსეთი მის გემებზე თავდასხმებს ნებისმიერ ადგილას უპასუხებს.

„ეს მხოლოდ იმ წყლებში არ მოხდება, სადაც გემებზე თავდასხმები იგეგმება, არამედ ყველგან, სადაც ამას საჭიროდ ჩავთვლით, მათ შორის წყნარი ოკეანის ფლოტის პასუხისმგებლობის ზონაში", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

სამხედრო და გეოპოლიტიკური ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლის პრეზიდენტი პრევენციული შანტაჟის ტაქტიკას მიმართავს, შეაშინოს ევროპული ქვეყნები და აიძულოს ისინი, ხელი აიღონ რუსული სავაჭრო გემების დაკავებასა თუ კონფისკაციაზე.

მთავარი საფრთხე, რაზეც ექსპერტები ამახვილებენ ყურადღებას, პასუხის გლობალური და ასიმეტრიული ხასიათია. ფრაზით, რომ რუსეთი იმოქმედებს „ყველგან, სადაც საჭიროდ ჩათვლის", პუტინი მიანიშნებს, რომ რეაგირება არ შემოიფარგლება მხოლოდ ბალტიის ან ჩრდილოეთის ზღვებით, სადაც დასავლეთს აშკარა საზღვაო უპირატესობა აქვს. ამის სანაცვლოდ, რუსეთმა შესაძლოა სამიზნეში ამოიღოს ევროპული კომერციული გემები გლობალური ოკეანის ნებისმიერ წერტილში, სადაც ისინი ნაკლებად დაცულნი არიან.

ანალიტიკოსების აზრით, განცხადების გაკეთება სარაკეტო კრეისერ „ვარიაგიდან" და წყნარი ოკეანის ფლოტის ხსენება პირდაპირი სიგნალია იმისა, რომ კრემლი მზადაა დაპირისპირება აზიურ-წყნარი ოკეანის რეგიონზეც გავრცელდეს.

საბოლოო ჯამში, ანალიტიკოსები თვლიან, რომ სანქციების გარშემო არსებულმა ეკონომიკურმა და დიპლომატიურმა დაპირისპირებამ შესაძლოა უშუალოდ ღია საზღვაო კონფრონტაციაში გადაინაცვლოს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ნავიგაციასა და გლობალური მიწოდების ჯაჭვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×