
აშშ-საქართველოს ურთიერთობის ე.წ. გადატვირთვის საკითხი ამ დრომდე კვლავ გაურკვეველი რჩება. ქართულმა მხარემ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლის მზადყოფნაზე განცხადება არაერთხელ გააკეთა, თუმცა, ბოლო პერიოდში, ეს გზავნილებიც თითქოს შეწყდა, ამერიკული მხარის პოზიცია კი კვლავ კონკრეტულ პირობებსა და მოთხოვნებს უკავშირდება.
ვაშინგტონის მხრიდან გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ ურთიერთობის გაუმჯობესება ავტომატურ პროცესად არ განიხილება და რიგი პოლიტიკური საკითხების მოგვარებას უკავშირდება. ამ ეტაპზე მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია - შეძლებენ თუ არა თბილისი და ვაშინგტონი იმ პირობებზე შეთანხმებას, რომლებიც ურთიერთობის სრულფასოვან აღდგენას გახდის შესაძლებელს?
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლად ემი ვ. დიაზი დაინიშნა. მან ეს პოზიცია 2026 წლის ივლისის ბოლოს დაიკავა და საელჩოს ოფიციალური ინფორმაციით, ის უხელმძღვანელებს დიპლომატიურ მისიას.
"გადატვირთვის" პერსპექტივა
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ თემის მიმართ ინტერესი ბუნებრივია, თუმცა როცა გაჟღერებული წინადადება ჰაერში ეკიდება და შედეგი არ მოსდევს, ეს შიდა სიტუაციაზე უარყოფითად აისახება.
- რამაზ საყვარელიძე: "ტრამპს საგარეო ვექტორი დამუხრუჭებული აქვს. როდესაც გაჟღერებული წინადადება ჰაერში ეკიდება და შედეგი არ მოსდევს, ეს უარყოფითად მოქმედებს საქართველოს ხელისუფლების შიდა რეიტინგზე"
"სრულიად ბუნებრივია ინტერესი მაგ თემის მიმართ და მათ შორის მეც მაინტერესებს. ვვარაუდობ, რომ ამ ტიპის თემებისკენ, ახლა თვითონ ტრამპიც ნაკლებად მოძრაობს. ბოლო ხანებში, კავკასიური თემა მეტ-ნაკლებად ჩრდილში მოექცა. ბევრი სხვა პრობლემები აქვს თვითონ ტრამპს, მოსდის არჩევნები და ამ კუთხით ბევრი რამ აქვს დასალაგებელი. ძალიან ბევრი პროგნოზია იმისა, რომ შეიძლება რესპუბლიკელებმა წააგონ არჩევნები სწორედ ტრამპის პოლიტიკის გამო.
"ტრამპმა ირანთან პროცესები სწორედ ამ არჩევნების გამო შეაჩერაო და ამიტომ საგარეო ვექტორი დამუხრუჭებულია, რადგან შიდა პროცესები მეტ ყურადღებას ითხოვენ. რაც შეეხება ქართულ მხარეს, როდესაც გაჟღერებული წინადადება ჰაერში ეკიდება და მას შედეგი არ მოსდევს - მაგალითად, საქართველოს ხელისუფლებამ გააჟღერა და შედეგი არ მოჰყვა, ეს უკვე უარყოფითად მოქმედებს თვითონ საქართველოს ხელისუფლების შიდა რეიტინგზე. ზოგადად პოლიტიკური აქტიურობა უშედეგო არ არის",- განაცხადა საყვარელიძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშკარად ჩანს, რომ ე.წ. გადატვირთვა ვერ მოხერხდა, თუნდაც კულუარულ დონეზეც კი.
"ვერ მოხერხდა გადატვირთვა დღევანდელი პირობების და ვითარების გათვალისწინებით, ვერც ევროპასთან და ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებთან. დასავლეთის დემოკრატიულ სამყაროს საქართველოს ხელისუფლების მიმართ თავისი მოთხოვნები აქვს, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ფუნდამენტალური ღირებულებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემას.
- ნიკა ჩიტაძე: "დასავლეთის დემოკრატიულ სამყაროს საქართველოს ხელისუფლების მიმართ თავისი მოთხოვნები აქვს. "ქართულ ოცნებას" არ სურს აიღოს პასუხისმგებლობა"
"ქართულ ოცნებას" არ სურს აიღოს პასუხისმგებლობა დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს წინაშე - თან აცხადებს მზად ვართ სუფთა ფურცლიდან გადავტვირთოთ ურთიერთობაო და თან უფრო ამკაცრებს კანონებს, ეს როგორ შეიძლება, პირიქით მოქმედებენ. ბელარუსიც კი წავიდა რაღაც დათმობებზე და საქართველო არ მიდის.
"დღეს არ აწყობთ უკვე ისაუბრონ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე. აკრიტიკებდნენ დასავლეთს და არა რუსეთს, თუმცა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, მათი პროპაგანდისტები, მათთან დაახლოებული პარტიები - "ნეიტრალური საქართველო" იქნება თუ „ხალხის ძალა" ხედავენ, რომ რუსეთი სუსტდება და სულ უფრო მეტად ექცევიან იზოლაციაში.
"რუსეთი სუსტდება და "ქართულ ოცნებასაც" გარკვეული პრობლემები ექმნება, საგარეო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენები ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე აისახება",- განაცხადა ჩიტაძემ.
რატომ ისევ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია.
"ბევრგან არის, რომ ამერიკა ჯერ მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს და მერე აქცევს იმას ელჩად. არ ვიცით განზრახულია თუ არა, რომ კონკრეტული პიროვნება მერე ელჩის რანგში გადავიდეს, მაგრამ ჯერ მოვალეობის შესრულება და მერე უკვე ოფიციალური დანიშვნა, განპირობებულია სწორედ იმიტომ, რომ ისინჯება ამა თუ იმ თანამდებობაზე რას იზამს ადამიანი და ამავე დროს, როგორი შეფასებები ექნება პიროვნებას უკვე სენატისა და კონგრესის იმ წევრებისგან, რომელზედაც დანიშვნაა დამოკიდებული",- განაცხადა საყვარელიძემ.
ნიკა ჩიტაძე გვეუბნება, რომ ისევ ელჩის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა, ესაა მინიშნება აშშ-სგან, რომ ჯერ არ იქნება გადატვირთვა.
"საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯერ არ დაუმტკიცებიათ, რომელიც, რწმუნებათა სიგელს გადასცემს სახელმწიფოს მეთაურს. ეს არის მინიშნება აშშ-ის მხრიდან, რომ ჯერჯერობით, სანამ არ მოხდება სრულყოფილი გადატვირთვა აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებში, პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, შესაბამისად, ვერ აღდგება სრულყოფილი დიპლომატიური ურთიერთობებიც",- განაცხადა ჩიტაძემ.