
გლობალურ ენერგობაზარზე ფასების მატებისა და დასავლური გიგანტების ზარალის ფონზე, ვაშინგტონმა კიევი, სავარაუდოდ, სამხედრო ტაქტიკის კორექტირებაზე დაიყოლია: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თხოვნით, უკრაინამ შავ ზღვაში იმ ტანკერებზე იერიშები შეაჩერა, რომლებსაც ყაზახური ნავთობი გადაჰქონდათ.
ეს ნაბიჯი ნათლად აჩვენებს ზღვარს, სადაც უკრაინის მიზანი- გამოფიტოს რუსული სამხედრო მანქანა, ამერიკულ ეკონომიკურ ინტერესებს ეჯახება.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თხოვნის შემდეგ, უკრაინამ დრონებით დარტყმები იმ ნავთობტანკერებზე, რომლებიც რუსეთის შავი ზღვის პორტ „ნოვოროსიისკით" სარგებლობენ, შეაჩერა.
ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური გამოცემები უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ. "ფაინენშალ თაიმისის"ცნობით, გასულ თვეს გაჟღერებული თხოვნა ამერიკული მხარის შეშფოთებას უკავშირდებოდა.
ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ უკრაინა ნავთობის ბაზრის დესტაბილიზაციას იწვევდა და ამერიკულ კომპანიებს აზიანებდა (მათი მიზანში ამოღებით), რომელთაც ყაზახეთიდან კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალამდე მიყვანილი ნედლი ნავთობი გადაჰქონდათ.
გამოცემის ცნობით, უკრაინა დათანხმდა, სამიზნეში არ ამოიღოს კასპიის მილსადენის კონსორციუმის ინფრასტრუქტურა (ასევე, არარუსული გემები), იმ პირობით, თუ ეს უკანასკნელნი უკრაინული სანქციების ქვეშ არ იმყოფებიან და რუსული ნავთობი ან ტვირთი არ გადააქვთ.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზაზე განხორციელებულ ოპერაციას "უნიკალური" უწოდა. მისი თქმით, ფრონტის ხაზიდან 300 კილომეტრზე მეტით დაშორებულ ობიექტზე, რომელიც შავ ზღვაში რუსული ფლოტის უკანასკნელი მთავარი საყრდენია, იერიში „პალიანიცას" ტიპის რეაქტიული დრონებით, „ნეპტუნის" რაკეტებითა და საზღვაო უპილოტო აპარატებით მიიტანეს.
„მადლობას ვუხდი უკრაინის შეიარაღებული ძალების, უსაფრთხოების სამსახურისა და სადაზვერვო უწყებების მებრძოლებს მათი სიზუსტისა და ეფექტური შედეგისთვის. საოკუპაციო ფლოტი და მისი მხარდამჭერი ინფრასტრუქტურა არ იქნება უსაფრთხოდ, სანამ რუსული აგრესია გრძელდება - წერს ზელენსკი X-ზე.
უკრაინული ძალების მხრიდან ბოლო პერიოდში დარტყმები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და სხვა ობიექტებზე ინტენსიური გახდა. კიევის განცხადებით, ამის მიზანი რუსეთისთვის იმ რესურსების შეზღუდვაა, რომლებსაც ის ომის დასაფინანსებლად იყენებს.
ოთხი ინფორმირებული წყაროს ცნობით, ივლისში შავ ზღვაში დრონებით განხორციელებულმა შეტევებმა კასპიის მილსადენის კონსორციუმის ნავთობის დატვირთვის თითქმის მეხუთედის პარალიზება გამოიწვია. შედეგად, რუსეთ-უკრაინის ომის გავრცელებამ ყაზახეთისა და დასავლური ნავთობგიგანტების გაყიდვები დააზარალა.
წყაროების თანახმად, ყაზახეთში, რომელიც ნავთობის ექსპორტისთვის სწორედ CPC-ის მარშრუტზეა დამოკიდებული, ივნისთან შედარებით ივლისში ნავთობის მოპოვება 14%-ით შემცირდა. აღნიშნულ რეგიონში მოქმედ მსხვილ დასავლურ ნავთობკომპანიებს შორის" Chevron"-ი და" ExxonMobil-იც არიან.