
დიდგორობისადმი მიძღვნილ განცხადებაში პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 1121 წლის ისტორიულ მოვლენასა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შორის პარალელი გაავლო. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა 2008 წლის 6-პუნქტიანი დოკუმენტი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების „პოლიტიკურ და სამხედრო მარცხად" შეაფასა.
პაპუაშვილის განცხადებით, 887 წლის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ თავს და საკუთარ მმართველობას დავით აღმაშენებლის ეპოქას ადარებდა, დიდგორობის დღეს ომი წააგო.
პაპუაშვილმა სტატუსს დიდგორის მონუმენტისა და 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დასასრულებლად გაფორმებული 6-პუნქტიანი შეთანხმების ფოტო დაურთო.
"საქართველოს ისტორიაში 12 აგვისტო დიდგორის გამარჯვების დღეა. "1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა, რასაც ქვეყნის გაერთიანება, თბილისის გათავისუფლება და ქართული სახელმწიფოს ძლიერების ხანა მოჰყვა.
2008 წლის 12 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ თავს და საკუთარ მმართველობას ასე ხშირად ადარებდა დავით აღმაშენებლის ეპოქას, დიდგორობის დღეს ომი წააგო და საქართველოსთვის კაპიტულანტურ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე მოუწია დათანხმება. ისტორიამ შემოგვინახა ამ დოკუმენტის სახელიც - 12 აგვისტოს შეთანხმება.
ეს სიმბოლური დამთხვევა განსაკუთრებით მძიმეა: დავით აღმაშენებელმა 12 აგვისტოს მტერი დაამარცხა და საქართველოს გზა გაერთიანებისკენ გაუხსნა. სააკაშვილმა კი იმავე დღეს საქართველოს სამხედრო მარცხი, ახალი ტერიტორიების დაკარგვა და რუსული ოკუპაციის გაფართოება დაუტოვა." - წერს პაპუაშვილი.
საერთაშოროსო რეაქცია
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამ ისტორიის [რუსეთ-საქართველოს ომის] კიდევ ერთი მძიმე მხარე საერთაშორისო რეაქცია იყო.
"12 აგვისტოს შეთანხმებას შუამავლად და გარანტორად ევროკავშირი ედგა. ექვს პუნქტში საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანი იყო მეხუთე პუნქტი: რუსეთის სამხედრო ძალები საწყის პოზიციებზე უნდა დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ რა მოხდა შემდეგ? რუსეთზე რეალური ზეწოლა განხორციელდა? სანქციები დაწესდა? ვაჭრობა შეჩერდა? პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები შეიზღუდა? არა. პირიქით, დასავლეთსა და რუსეთს შორის მალე დაიწყო ურთიერთობების „გადატვირთვა". გაგრძელდა მასშტაბური ეკონომიკური თანამშრომლობა. აშენდა "ნორდ სტრიმის" მილსადენები. 2010 წლის 9 მაისს კი წითელ მოედანზე რუს და ევროპელ სამხედროებს ერთ აღლუმზე ვხედავდით.
საქართველომ კი სხვა რეალობა მიიღო: შეიარაღების შეძენაზე დაწესებული ემბარგო, ომის პასუხისმგებლობაზე მძიმე საერთაშორისო შეფასებები, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის იძულება და გასასტიკებული რეჟიმის ყველაზე შავბნელი წლები. რა იყო ეს, თუ არა საქართველოს დასჯა და რუსეთთან ურთიერთობების ძველ კალაპოტში სწრაფი დაბრუნება?", - წერს პაპუაშვილი.
1121-2008წწ
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამ ომმა საქართველოს მისცა: "შინდისის გმირები, გელა ჭედია, ძმები რომელაშვილები, გიორგი ანწუხელიძე... ათობით და ასობით გმირი." მათ შეინახეს საქართველოს ღირსება, საკუთარი სისხლით დაიცვეს დიდგორის სახელი და დაგვიტოვეს რწმენა, რომ არასოდეს შევეგუებით მარცხს, ღალატს და უსამართლობას.
ამიტომ 12 აგვისტოს ორი სრულიად განსხვავებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, ეს არის დიდგორის გამარჯვების დღე - გონივრული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის, სწორი სამხედრო სტრატეგიის, გმირული თავდადებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო. მეორე მხრივ კი, ეს არის 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე - პოლიტიკური უგუნურების, სამხედრო მარცხისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის სიმბოლო." წერს პაპუაშვილი.