
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთის ენერგიის მთავარი წყარო ამჟამად ატომური ელექტროსადგურია, რომელიც მოძველებულია და მთელი რეგიონისთვის საფრთხის წყაროა.
ალიევმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სპეციალისტებმა TRIPP პროექტის ფარგლებში უკვე ჩაატარეს ანალიზი სომხეთის ტერიტორიაზე და გამოავლინეს ის ადგილებიც კი, სადაც შესაძლებელია ელექტროგადამცემი ბოძების დამონტაჟება.
„ჩვენი სპეციალისტების მიერ სომხეთის ტერიტორიაზე ჩატარებული ანალიზის შედეგად, განისაზღვრა ის ადგილებიც კი, სადაც კონკრეტულად უნდა დამონტაჟდეს ელექტროგადამცემი ბოძები.
იმედი მაქვს, რომ სომხური მხარეც არ გააჭიანურებს ამ საკითხის გადაწყვეტას. ვინაიდან ეს, პირველ რიგში, შესაძლოა, თავად მათ დასჭირდეთ, რადგან ამჟამად მათი ენერგიის ძირითადი წყარო ატომური ელექტროსადგურია, რომლის მართვაც მათ ხელში არ არის - ეს ერთი მხრივ. მეორე მხრივ, ეს სადგური მოძველებულია და მთელი რეგიონისთვის საფრთხის წყაროს წარმოადგენს", - აღნიშნა ალიევმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანსა და თურქეთს ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ გამოუთქვამთ შეშფოთება სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე.
„ამ სადგურის ექსპლუატაციის ვადის გაგრძელება უსასრულოდ ვერ მოხდება - ადრე თუ გვიან ის უნდა დაიხუროს. ბუნებრივია, თუ ის დაიხურება, სომხეთი სრულად აღმოჩნდება ენერგეტიკული კრიზისის წინაშე. ამიტომ, როგორც ამბობენ, დამატებითი ენერგიის წყაროს არსებობა მხოლოდ სასარგებლო შეიძლება იყოს", - აღნიშნა ალიევმა.
ანალიტიკოსებისა და ოფიციალური წყაროების ცნობით, სომხეთის ხელისუფლებას ენერგეტიკული კრიზისის თავიდან ასაცილებლად მკაფიოდ გაწერილი, ორეტაპიანი სტრატეგია აქვს:. სომხეთმა რუსულ მხარესთან (როსატომთან) ერთად უკვე წამოიწყო რეაქტორის მოდერნიზაციის მორიგი ეტაპი. მიზანია არსებული სადგურის უსაფრთხო ექსპლუატაცია 2036 წლამდე შეინარჩუნონ (მშენებლობისა და ლიცენზიის პირობების მიხედვით, შესაძლოა 2046 წლამდეც კი), რათა ქვეყანას დრო მიეცეს ახალი სიმძლავრეების ასაშენებლად.
სომხეთი არ გეგმავს ატომურ ენერგეტიკაზე უარის თქმას და აქტიურად ეძებს პარტნიორებს ახალი რეაქტორისთვის. ამჟამად ერევანი განიხილავს წინადადებებს როგორც რუსეთისგან, ისე აშშ-ისგან, საფრანგეთისგან, სამხრეთ კორეისა და ჩინეთისგან (უპირატესობა ენიჭება შედარებით მცირე მოდულურ რეაქტორებს).
პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა განახლებადი ენერგიის (მზის და ქარის) განვითარებასა და მეზობელ ირანთან ენერგოცვლელობის გაფართოებაზე. ანალიტიკოსთა უმრავლესობის შეფასებით, სომხეთი უახლოეს მომავალში არ დათანხმდება აზერბაიჯანზე ენერგეტიკულად სრულად დამოკიდებული გახდეს. ერევანში შიშობენ, რომ აზერბაიჯანული დენის იმპორტი ბაქოს ხელში დამატებით პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იქცევა.
ამიტომ, სომხეთის მთავრობა არჩევანს აკეთებს საკუთარი ატომური ენერგეტიკის შენარჩუნებასა და დასავლურ/რუსულ ტექნოლოგიებზე, ვიდრე მეზობლებისგან ენერგიის ყიდვაზე.