თამთა ჩაჩანიძე
12.08.2026

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური და ქვეყნის გარედან მართული პროცესია.

მისი შეფასებით, ეს კამპანია მიზნად ისახავს ქართულ და რუსულ საზოგადოებებს შორის დაპირისპირების გაღრმავებას, ეკონომიკური ურთიერთობების დაზიანებასა და ვითარების ესკალაციას.

პრემიერი კვლავ ე.წ. დიფ სტეიტს ახსენებს და აცხადებს, რომ სწორედ მის ინტერესებს უკავშირდება "რუსოფობიური კამპანია საქართველოში".

არის თუ არა რუსოფობია და ვინ "აღვივებს"

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნება" რუსოფობიის თემას შეგნებულად წევს და ქვეყანაში მიუხედავად რუსული ოკუპაციისა, არავითარი განსაკუთრებული რუსოფობია არაა.

  • პაატა ზაქარეიშვილი: "აქ არავითარი განსაკუთრებული რუსოფობია არაა, ათასობით რუსი ცხოვრობს, რუსული ლაპარაკი მესმის და არავითარი პრობლემა არა აქვთ"

"მემგონი შეგნებულად იგონებენ, განცხადება კობახიძემაც და კალაძემაც გააკეთა, ვითომ ტურისტების პრობლემის გადარჩენა უნდათ, მაგრამ ტურისტები მაინც ჩამოდიან. მგონი, კარგი შანსი გაუჩნდა "ქართულ ოცნებას", რომ რუსეთის წინაშე თავი მოიწონოს, ქულები დაიწეროს და თქვას, რომ რუსოფობიას ებრძვის. აქ არავითარი განსაკუთრებული რუსოფობია არაა, ათასობით რუსი ცხოვრობს, რუსული ლაპარაკი მესმის და არავითარი პრობლემა არა აქვთ.

"ზღაპარია, არანაირი რუსოფობია არაა. კახეთში რაც მოხდა, ჯობდა ამ ფორმით არ მომხდარიყო, თუმცა, იმასაც თავისი ახსნა გააჩნია, მაგრამ ეს არის ერთი ეპიზოდი და ამ ერთი ეპიზოდიდან ბუზის გაბერვა სპილომდე, უსინდისო ამბავია. აშკარად ჩანს, რომ ჩაუვარდათ ხელში შანსი, თავი მოაწონონ რუსეთს, რომ „ხომ ხედავთ, როგორ ვებრძვით რუსოფობიას".

"კითხვა მებადება "ქართული ოცნებასთან" და მის მომხრეებთან - რა იგულისხმება ამ "დიფ სტეიტში"? როგორ ახორციელებს "დიფ სტეიტი" რუსოფობიის გაღვივებას საქართველოში? ეს არის ბოდვა! არავითარი მტკიცებულებები არ არის! სხვებს მოუწოდებენ ხოლმე, შიგადაშიგ, მტკიცებულება მოიტანეთო და სადაც კი ახსენებენ სიტყვა "დიფ სტეიტს", ყველგან უნდა მოვთხოვოთ - მოიტანეთ მტკიცებულებები!

"პარლამენტი შენია, მთავრობა შენია, პროკურატურა შენია, სასამართლო შენია, ყველაფერი შენია და თავიანთ მოსახლეობას რაღაც ჯანდაბა "დიფ სტეიტით" აშინებენ. ამით ჩანს რა წარმოდგენა აქვთ თავიანთ ამომრჩეველზე, ესე იგი, ჰგონიათ, რომ ამომრჩევლები ყველაფერს იღებენ ისე, როგორც უხსნიან",-განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოსი "დიფ სტეიტისგან" მართული ძალები რუსოფობიას ხელოვნურად აღვივებენ.

"საქართველოში ეს ხელოვნურად ხდება და ამას აკეთებენ ის ძალები, რომლებიც დღეს იმ ძალას ემორჩილებიან, რომელსაც ავადსახსენებელი "დიფ სტეიტი" ჰქვია. "დიფ სტეიტის" უმთავრესი ამოცანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში შუღლის ჩამოგდება სხვადასხვა ეთნიკურ ერთეულებს შორის და ამის არაერთი მაგალითი ყოფილა.

  • ედიშერ გვენეტაძე: "საქართველოში ეს ხელოვნურად ხდება და ამას აკეთებენ ის ძალები, რომლებიც დღეს იმ ძალას ემორჩილებიან, რომელსაც ავადსახსენებელი "დიფ სტეიტი" ჰქვია"

"სწორად მიმაჩნია პრემიერის ეს განცხადება, რომ რუსოფობიას ჰყავს თავისი ორგანიზატორები საქართველოში და ისინი ყოველი ღონით ცდილობენ იმას, რომ მოხდეს საქართველოში რუსთა სიძულვილის კიდევ უფრო მეტად გაღვივება, რაც მათ ხელ-ფეხს გაუხსნის იმ მიზნებისათვის, რომლებიც გააჩნიათ",- განაცხადა გვენეტაძემ.

რას ამბობს კობახიძე

„დიპ-სტეიტის" დავალების შესაბამისად, მათი აგენტურა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, საზღვარზევე მიესალმებოდა რუს ტურისტებს, ისევე, როგორც რუსულ ინტერვენციებს საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიულ ობიექტებში, რუსეთის მოქალაქეებისთვის კი სავიზო რეჟიმს ცალმხრივად აუქმებდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, „დიპ-სტეიტის" დავალების შესაბამისად, მათი აგენტურის მიერ დღეს საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია.

"აშკარაა, რომ „დიპ-სტეიტის" დავალების შესაბამისად, მათი აგენტურის მიერ დღეს საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია, რომელიც ერებს შორის ზიზღის უკიდურესად გამწვავებით, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლით და ვითარების მაქსიმალური ესკალაციით უნდა დასრულდეს.

 

"ამიტომ, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და რუსეთის ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის მიუხედავად, რაც პოლიტიკური საკითხია და მის მოგვარებაზე პოლიტიკოსები და სახელმწიფო ინსტიტუტები იზრუნებენ, როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რათა ნებსით თუ უნებლიეთ გლობალური ომის პარტიის ინტერესების სასარგებლოდ არ იმოქმედონ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი პოლიტიკური ამოცანა, როდესაც საქმე ეხება რუსეთის ფედერაციას, არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება და ამის წინაპირობა არის დეოკუპაცია.

"რას ვაკეთებთ ჩვენ იმისათვის, რომ ჩვენმა მტრებმა ვერ მიაღწიონ მიზანს, აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების გაფრთხილებაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით. საზოგადოება უნდა იყოს სათანადოდ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა სურს ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეს და რატომ არის გაჩაღებული რუსოფობიური კამპანია საქართველოში, რაც აბსოლუტურად ხელოვნურია.

"რუსოფობია და ზოგადად, ქსენოფობია არის ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენა. შესაბამისად, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ხელოვნურია და არის ხელოვნური კოორდინაციის და მართვის შედეგი. ეს ყველაფერი იმართება ქვეყნის გარედან ე.წ. „დიპ სტეიტის" საერთო ქოლგის ქვეშ.

"ვიდეოები ვრცელდება, სადაც არარსებული პირები საუბრობენ არარსებულ ფაქტებზე, როგორ შეურაცხყოფენ რუს ტურისტებს საქართველოში, რაც არის მარტივი ტყუილი, თუმცა ვხედავდით კოორდინაციას, ქვეყნის გარედან იყო კოორდინირებული ეს ყველაფერი და მხარდაჭერილი იყო ქვეყნის შიგნით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×