
სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სექტორში ტარიფების მზარდი დინამიკა ნარჩუნდება. ბოლო პერიოდში ტვირთგადაზიდვების ღირებულებამ, საშუალოდ, 10%-დან 15%-მდე იმატა, რაც ყველაზე მკვეთრად რუსეთისა და შუა აზიის მიმართულებებზე აისახა, ანუ იმ მარშრუტებზე, სადაც რუსეთის ტერიტორია სატრანზიტო დერეფნად გამოიყენება. აღნიშნულ მარშრუტზე ტარიფების ზრდას, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დერეფნებთან შედარებით, მასზე არსებული მაღალი მოთხოვნა განაპირობებს.
ლოგისტიკის გაძვირება საერთო გლობალური ტენდენციის გამოძახილია და, ბუნებრივია, აჩენს კითხვებს საბოლოოდ პროდუქციის გაძვირებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფასების მატება, ჯერ არ შეინიშნება, სატრანსპორტო ხარჯების ზრდას მაინც შეუძლია გარკვეული ჯაჭვური რეაქციის გამოწვევა. ეს შეიძლება იყოს ინფლაციური ზეწოლა შუალედურ საქონელზე, ვინაიდან მოსალოდნელია გაძვირდეს ნედლეული ან მასალები, რაც მწარმოებლების მოგების მარჟას შეამცირებს.
ცნობილია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულმა უსაფრთხოების რისკებმა, საწვავის მწვავე დეფიციტმა და საგზაო პოლიციის მხრიდან გამკაცრებულმა საზედამხედველო კონტროლმა, ქართველი გადამზიდავებისთვის დამატებითი დაბრკოლებები შექმნა. ფასების ზრდა სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე მოხდა და არ არის გამორიცხული, კიდევ გაგრძელდეს.
„მთელმა იმ ჩამოთვლილმა მიზეზებმა გამოიწვია რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილებადი გადამზიდავებისთვის ხარჯებისა და დაყოვნების პერიოდის გაზრდა, ასევე უსაფრთხოების გაზრდილი რისკები, რაც ნაწილობრივ უკვე აისახა ფასებზე. ზრდა კვლავ გრძელდება.
ფასწარმოქმნას, მოგეხსენებათ, მხოლოდ ხარჯის ნაწილი ვერ განსაზღვრავს, მოთხოვნა-მიწოდების კომპონენტიც მნიშვნელოვანია. რაც არ უნდა მაღალი ხარჯი გქონდეს, თუ გადაზიდვაზე მოთხოვნა არ არის, ფასიც არ შეიცვლება. ამ ეტაპზე, ფასების დაახლოებით, 10-დან 15%-მდე ზრდა გვაქვს. საუბარია, რუსეთის მიმართულებით გადაზიდვებსა და იმ მარშრუტებზე, სადაც რუსეთი ტრანზიტადაა გამოყენებული (იგულისხმება შუა აზიის ქვეყნები: ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი და ა.შ.). ვფიქრობ, თუ ამჟამინდელი სტატუს-კვო შენარჩუნდა, საწვავის აღნიშნული ფასი უცვლელი დარჩა და მდგომარეობა არ შეიცვალა, უახლოეს 2 თვეში კიდევ 10%-მდე ზრდაა მოსალოდნელი“, - აღნიშნა სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ნემსაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
რაც შეეხება უფრო შორეულ მომავალს, ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გადაიჭრება არსებული გლობალური პრობლემები. მაგალითად, საწვავის ფასი გაიზრდება თუ შემცირდება, სასაზღვრო რიგები დარეგულირდება თუ არა, უსაფრთხოების რისკები მოიმატებს თუ დაიკლებს და ა.შ.
დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ რუსეთისა და შუა აზიის მიმართულებით ტრანსპორტირების გაძვირება უპირველესად მაღალი მოთხოვნით არის განპირობებული. როდესაც დერეფანი გადატვირთულია, ეს იწვევს არა მხოლოდ ფასის მატებას, არამედ ბიზნესისთვის საბრუნავი სახსრების შეზღუდვასა და ლოგისტიკური ვადების გაზრდას.
სახმელეთო ტრანსპორტის ექსპერტი პაატა ცაგარეიშვილი შექმნილი სიტუაციის შეფასებისას ყურადღებას სწორედ რუსეთის ფაქტორზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ტარიფების მატება ამ მიმართულებაზე სრულიად მოსალოდნელი და კანონზომიერი პროცესი იყო.
„გაძვირება მოსალოდნელი იყო და ეს ძირითადად საავტომობილო გადაზიდვებს ეხება. პროცესი უპირველესად საწვავის გაძვირებით არის განპირობებული, რომლის ფასმაც საქართველოში 4-ლარიან მიჯნას მიაღწია. მხოლოდ საწვავის გაძვირებამ იმ გადამზიდავებს, რომლებსაც ტვირთები რუსეთის მიმართულებით გადააქვთ, ხარჯი დაახლოებით 900 დოლარით გაუზარდა. ცვლილებებია სხვა მიმართულებებზეც.
ამ ეტაპზე ძირითადი აქცენტი რუსეთის მიმართულებით ღვინისა და ხილის გადაზიდვაზე კეთდება - ეს სეგმენტი ამჟამად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტარიფები შემცირებული იყო, ახლა კი ტენდენცია იცვლება.
ვინაიდან პროდუქციის რეალიზაცია რუსეთში ხდება, გაძვირებაც პირველ რიგში სწორედ იქაურ მომხმარებელზე აისახება. ამასთან, მოთხოვნაც გაზრდილია და თუ ეს დინამიკა შენარჩუნდება, სექტორისთვის ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა ,,რეზონანსთან“ საუბრისას.
არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებიოთ გადამზიდავები ადასტურებენ, რომ გადაზიდვების გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება. როგორც "აიბექს ლოგისტიკის" დირექტორმა ლევან თათარაშვილმა განაცხადა, სატარიფო ცვლილება აბსოლუტურად ყველა მიმართულებაზე აისახა და ტარიფებმა დაახლოებით 15%-მდე მოიმატა.
„რეალურად, გადამზიდავები საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით - ხარჯები თითქმის ყველა მიმართულებით ერთდროულად გაგვეზარდა. რუსეთის, შუა აზიის მარშრუტებზე, სადაც რუსეთი ტრანზიტია, გადაადგილება არა მხოლოდ გაძვირდა, არამედ დროშიც მნიშვნელოვნად გაწელა. ამასთან, საზღვრებზე დაყოვნების პერიოდი გაიზარდა, რასაც ემატება უსაფრთხოების დამატებითი რისკებიც.
ამ ყველაფერს ემატება წმინდა ადმინისტრაციული და ტექნიკური დანახარჯები. მაგალითად, ბელარუსისკენ მოძრავი ტრანსპორტისთვის "ჯიპიეს ნავიგატორების" სავალდებულო დაყენებამ, რაც პირველი აგვისტოდან ამოქმედდა, თითო რეისზე დაახლოებით 350-400 დოლარის დამატებითი ხარჯი დაგვაკისრა. ბუნებრივია, კომპანია ამხელა დანახარჯს საკუთარ თავზე ვერ აიღებს - ეს პირდაპირ აისახება გადაზიდვის საბოლოო ტარიფზე.
წინ საშემოდგომო სეზონი გველოდება, როდესაც მოთხოვნა ტრადიციულად პიკს აღწევს. არსებული სტატუს-კვოს, საწვავის ფასისა და დამატებითი რეგულაციების ფონზე, უახლოეს ორ თვეში ტარიფების კიდევ მინიმუმ 10%-იან მატებას ველოდებით. ფასების კლების რესურსი დღეს უბრალოდ არ არსებობს, რადგან ბაზარი პერმანენტულად ახალი, გაუთვალისწინებელი ხარჯების წინაშე დგება, “ - აღნიშნა ,,რეზონანსთან“ ლევან თათარაშვილმა.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, 2026 წლის პირველ შვიდ თვეში სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობამ 9.1 მილიონ ტონას გადააჭარბა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
აღნიშნული მაჩვენებელი 11.6%-იან ზრდას წარმოადგენს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ სატრანზიტო ტვირთების მოცულობა „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მარშრუტზე - 16.5%-ით, ხოლო „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ მარშრუტზე 14.3%-ით გაიზარდა.