რეზონანსი
13.08.2026

მლეთაში 2014 წელს დაკარგული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტს, ანი გელაშვილს პასუხობს. დადიანიძის დედა ინტერვიუს იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც გელაშვილი ამბობს, რომ "ხმა, რომელიც 12 წლის წინ გადაღებულ ვიდეოში ისმის, გურიკა დადიანიძეს არ ეკუთვნის". 

სოფო ბიბილაშვილი თქმით, კახა გელაშვილი, ვის მიმართაც კითხვები აქვს, მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა და თუ ტელეფონს აიღებდა, "უყვიროდა": 

"ღამის სამ-ხუთ სათზე რომ დაერეკა, ყოველთვის ვპასუხობდითო და რა პასუხს მცემდნენ? მამამისი იმხელაზე მიყვიროდა, ტელეფონი მივარდებოდა ხელიდან. რას მირევენ გზა-კვალს, რა უნდათ ჩემგან არ ვიცი - არ უნდათ, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, არ უნდათ, რომ გამოაშკარავდეს რა მოხდა?! კარგი, ცოცხალია, ვიპოვეთ და ბავშვმა სიმართლე აღიარა, გონებაზე რომ მოვა და იტყვის რა მოუვიდა, მერე სად უნდა წავიდნენ?!" - თქვა დაკარგული ბიჭის დედამ "ტვ პირველთან". 

მლეთაში გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის საქმის ფიგურანტი ანი გელაშვილი ამბობს, რომ მისი ვერსიით, 12 წლის გაუჩინარებული ბიჭი ცოცხალია. მან საპატრიარქოსაც მიმართა და დაუშვა ვარაუდი, რომ დადიანიძე რომელიმე ეპარქიაში მსახურობს. 

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.  გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.

ტვ პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×