თამთა ჩაჩანიძე
13.08.2026

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მწვავე კრიზისია - ბენზინგასამართ სადგურებთან მრავალსაათიანი რიგებია. პარალელურად, ოკუპირებულ რეგიონში წელს რუსი დამსვენებლების რეკორდულ ნაკადზე საუბრობენ - სწორედ იმ დროს, როდესაც შავი ზღვის სხვა კურორტები, მათ შორის სოჭი და ანექსირებული ყირიმი, უსაფრთხოებასთან და საწვავის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო რუსი ტურისტებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდა.

ვიზიტორების გაზრდილმა რაოდენობამ საწვავზე მოთხოვნაც გააძლიერა და სწორედ ტურისტული ნაკადის ზრდა აღმოჩნდა დამატებითი წნეხი ისედაც შეზღუდულ რესურსზე. საწვავის დეფიციტი განსაკუთრებით გამწვავდა აგვისტოში. კრიზისი კი ნათლად აჩვენებს იმას, თუ რამდენად სწრაფად გადამდებია რუსეთის შიდა ეკონომიკური და ლოგისტიკური პრობლემები ოკუპირებულ რეგიონებზე.

ამ ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ენგურის ხიდის გავლით შევიდა, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს დაადასტურა, თუმცა დასძინა, რომ ეს ხელისუფლებას არ გაუკეთებია და „ბიზნესმა შეიტანა".

კობახიძემ განაცხადა, რომ ასეთი ზომები დაშვებულია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით", რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან ბიზნეს საქმიანობას არეგულირებს. „ჩვენ თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ გავაკეთებთ „ოკუპაციის შესახებ კანონის" ჩარჩოებში",-აღნიშნა კობახიძემ.

„აფსნიპრესმა" დე ფაქტო მთავრობას კითხვით მიმართა კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, საპასუხოდ „მთავრობამ" საწვავის მიწოდება დაადასტურა. მათი თქმით, „საწვავის ბაზრის მონაწილეებმა მოახერხეს საქართველოდან მიწოდების შესაძლებლობის პოვნა" და ხელს არ შეუშლიან

საქართველოს პოლიტიკური ოპოზიცია აღნიშნულს ღალატად აფასებს და ამბობს, რომ საწვავის შეტანაში მონაწილე კომპანიები დასანქცირების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

„ქართულ ოცნებაში" დააკონკრეტეს, თუ რა რაოდენობის საწვავი შევიდა ოკუპირებულ რეგიონში,მათი თქმით, ბიზნესის მიერ გაგზავნილი საწვავი 3 ათასი ტონაა და „რუსეთის მოხმარების 0.001%, სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეს რამდენიმე ცისტერნა განკუთვნილი იყო რუსეთის მოსამარაგებლად".

რას ამბობს საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია

უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა დააკონკრეტა, თუ რა რაოდენობის საწვავი შევიდა აფხაზეთში.

„უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს.

  • რატი იონათამიშვილი: „აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი ტვირთი 3 ათასი ტონაა. რუსეთის მოხმარების 0.001%. ხომ სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეს რამდენიმე ცისტერნა განკუთვნილი იყო რუსეთის მოსამარაგებლად"

„რუსეთის მხრიდან წლიურად საწვავის მოხმარება 200 მილიონ ტონას აღემატება, ხოლო აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი ტვირთი 3 ათასი ტონაა. რუსეთის მოხმარების 0.001%. ხომ სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეს რამდენიმე ცისტერნა განკუთვნილი იყო რუსეთის მოსამარაგებლად? ცხადია სასაცილოა, მაგრამ როდესაც ხარ აგენტი, ასეთი აბსურდის მტკიცებას რომ დაგავალებენ, უსიტყვოდ უნდა შეასრულო.

„მეორე მხრივ, რადგან ამ ხალხს მუდმივ დავალებად აქვთ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, არეულობა და ქაოსი, ცხადია ვერაფრით შეეგუებიან ხელისუფლების ვერც ერთ ისეთ ჰუმანურ ნაბიჯებს, რაც ხელს უწყობს ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას და შერიგების პროცესს",- განაცხადა იონათამიშვილმა.

თავის მხრივ ოპოზიციაში ღალატად შეაფასეს აღნიშნული ფაქტი.

„ოცნების" მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა სინამდვილეში ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას.

დაუყოვნებლივ უნდა გახდეს ცნობილი, რომელმა კომპანიამ რა რაოდენობის საწვავი შეიტანა აფხაზეთში და სარგებლობდნენ თუ არა ამით რუსეთის საოკუპაციო ძალები. არც ისაა გამორიცხული, რომ საწვავი რუსეთის ტერიტორიაზეც ყოფილიყო გადატანილი. ღალატში მონაწილე ამ კომპანიას სანქციები არ ასცდება", - წერს პარლამენტის ყოფილი წევრი და ეკონომისტი რომან გოცირიძე

საწვავის დეფიციტი აფხაზეთში ტურისტების ფონზე

რუსული მედია წერს, რომ რუს ტურისტებს აფხაზეთში დასვენება საწვავის კრიზისის ფონზე მოუწიათ.

„ყირიმის შემდეგ, საწვავის კრიზისმა აფხაზეთამდეც მიაღწია, ივლისსა და აგვისტოში ბევრი რუსი ჩავიდა ქვეყანაში, იმ იმედით, რომ მშვიდ, უსაფრთხო და იაფ დასვენებას ელოდა. თუმცა, საზღვარზე კილომეტრიანი საცობების გავლის შემდეგ, მათ ბენზინგასამართ სადგურებზე გრძელი რიგები დახვდათ",- აღნიშნულია რუსულ მედიაში და იმასაც წერენ, რას ფიქრობენ თავად რუსი დამსვენებლები.

რუსული მედია წერს, რომ აფხაზეთში "ბენზინიც არის და რიგებიც".

  • აფხაზეთში რუსი დამსვენებელი: „როსნეფტის" ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინია, მაგრამ რიგები უზარმაზარია. ახლა ვფიქრობთ, რა ვქნათ, შეიძლება მთელი ღამე მანქანით ლოდინი მოგვიწიოს. არადა, გვინდოდა რამდენიმე საინტერესო ადგილის ნახვა"

„დღეს გაგრიდან სოხუმში გავემგზავრეთ. „პოდოროჟნიკსა" და „როსნეფტის" ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინია, მაგრამ რიგები უზარმაზარია. ახლა ვფიქრობთ, რა ვქნათ, შეიძლება მთელი ღამე მანქანით ლოდინი მოგვიწიოს. არადა, გვინდოდა რამდენიმე საინტერესო ადგილის ნახვა", - განუცხადა იულია კოკშინამ „მსკ.რუ"-ს.

ეს პორტალი წერს, რომ "წელს აფხაზეთი ტურისტების რაოდენობით რეკორდს ამყარებს, ბევრი იქ ავტომობილით ჩადის, რადგან სოჭში დასვენება ძვირია, ყირიმში კი ბენზინის დეფიციტია. თუმცა, საწვავის კრიზისმა აფხაზეთამდეც მიაღწია".

ამავე პორტალის 9 აგვისტოთი დათარიღებულ სტატიაში ჩანს, რომ რუსი ტურისტები საწვავის დეფიციტს განიცდიან.

ერთ-ერთმა დამსვენებელმა განაცხადა, რომ იმ დროისთვის „აზიდის" ბენზინგასამართ სადგურს, რომელიც საწვავით ძირითადად რუსეთიდან მარაგდება ბენზინი გამოელია, მაგრამ დიზელი ჰქონდა.

„აზიდს" ამჟამად ბენზინი გამოელია, მაგრამ დიზელი აქვთ. ასე რომ, შეგიძლიათ რიგის გარეშე შეხვიდეთ", - ამბობს ერთ-ერთი რუსი დამსვენებელი.

ადგილობრივი ბლოგერი ამბობს, რომ დილით ბენზინგასამართ სადგურ „პოდოროჟნიკზე", (რომელიც ასევე „როსნეფტს" უკავშირდება) მივიდა, თუმცა ბენზინი არ ჰქონდა.

„დილის შვიდ საათზე პოდოროჟნიკში ჩავედით. მანქანები არ იყო, მეგონა, ბენზინი გვექნებოდა, მაგრამ არ იყო", - ამბობს ადგილობრივი ბლოგერი.

„დილის 3:20 საათიდან დილის 6:20 საათამდე, სოხუმში, „როსნეფტის" ბენზინგასამართ სადგურზე რიგში ვიდექი. სოხუმისკენ მიმავალი ვტომობილების სამი ზოლი იყო, ხოლო სოხუმიდან მომავალი - ორი. გზა უბრალოდ გადავსებული იყო", - წუწუნებს ერთ-ერთი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×