მარიამ ვეკუა
13.08.2026

კოლუმბიაში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიას, სულ მცირე, 169 ადამიანი ემსხვერპლა, 900-ზე მეტი კი დაშავდა. ქვეყანაში გამოცხადებულია ეროვნული კატასტროფის მდგომარეობა. ვინაიდან სამაშველო ოპერაცია ნანგრევებში კვლავ გრძელდება, ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდება.

ქვეყნის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 07:34 საათზე ჩოკოს პროვინციაში მოხდა. ბიძგები დასავლეთ კოლუმბიის მასშტაბით, ასობით კილომეტრის რადიუსში იგრძნობოდა.

კოლუმბიის დედაქალაქთა ასოციაციის სამშაბათის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 900 ადამიანი დაშავდა.სტიქიის ეპიცენტრი ჩოკოს პროვინციაში, სოფელ სან-ხოსე-დელ-პალმარის სიახლოვეა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა სწორედ დიდ ქალაქებზე მოდის. ყველაზე მეტად ეპიცენტრიდან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარე ქალაქი კალი დაზარალდა, სადაც 85 ადამიანი დაიღუპა.

29 წლის დენ კატლერი ლონდონელია, კოლუმბიაში უკვე დაახლოებით ორი თვეა იმყოფება. მიწისძვრისას ის სწორედ ქალაქ კალიში იმყოფებოდა.

„მსგავსი რამ არასდროს განმიცდია", - უთხრა მან ბი-ბი-სის.

„გარეთ პიჟამებით გავვარდით. სასტუმროს სერიოზული სტრუქტურული დაზიანება არ მიუღია, თუმცა კედლებზე ზედაპირული ბზარები გაჩნდა," - ამბობს ის.

ეს მიწისძვრა მოხდა მას შემდეგ, რაც ორ თვეზე ნაკლები დრო გავიდა ვენესუელის ჩრდილოეთში მომხდარი მიწისძვრიდან, რომელმაც რეგიონი განადგურებამდე მიიყვანა და 6 300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

კოლუმბიის ყავის მწარმოებელ რეგიონში, ქალაქ პერეირაში, 66 ადამიანი დაიღუპა. ეს რეგიონი 1999 წელსაც სერიოზულად დაზარალდა 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რამაც 1000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

კოლუმბია წყნარი ოკეანის სეისმურად აქტიურ „ცეცხლოვან რკალში" მდებარეობს და აქ ყოველთვიურად ათასობით, უმეტესად სუსტი მიწისძვრა რეგისტრირდება.

„ეს მიწისძვრა დედამიწის ქერქის ღრმა ფენებში მოხდა და, თეორიულად, ასეთი ძლიერი რყევები არ უნდა გამოეწვია. თუმცა ამ მაგნიტუდის პირობებში, მან რეალურად ძალიან ძლიერი რყევები გამოიწვია", - აღნიშნა ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის სეისმოლოგმა, სუზან ვან დერ ლიმ და დასძინა, რომ რამდენიმე მსხვილი ტექტონიკური ფილის ურთიერთქმედების გამო, კოლუმბია სეისმოლოგებისთვის განსაკუთრებით რთულად გასაანალიზებელი რეგიონია.

 

  • ეს მიწისძვრა მოხდა მას შემდეგ, რაც ორ თვეზე ნაკლები დრო გავიდა ვენესუელის ჩრდილოეთში მომხდარი მიწისძვრიდან, რომელმაც რეგიონი განადგურებამდე მიიყვანა და 6 300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

კოლუმბიის გეოლოგიური სამსახურის უწყება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ განმეორებითი ბიძგები შესაძლოა კიდევ განმეორდეს..

საგანგებო მდგომარეობა და ეროვნული კატასტროფა

კოლუმბიის პრეზიდენტმა აბელარდო დე ლა ესპრიელიამ ქვეყანაში საგანგებო მდგოამრეობა გამოაცხადა. ახალ პრეზიდენტს, რომელმაც თანამდებობა მხოლოდ პარასკევს დაიკავა, პირველივე დღეებში მოუხდა ისეთ მოვლენასთან შეჯახება, რამაც, შესაძლოა, მისი მმართველობის ბედი განსაზღვროს.

მას შემდეგ, რაც ზარალის მასშტაბები გამოიკვეთა, მსოფლიო ლიდერებმა კოლუმბიას დახმარება შესთავაზეს.

რომის პაპის, ლეო XIV-ის სპიკერის განცხადებით, პონტიფიკოსი „ღრმად შეაძრწუნა მიწისძვრის შესახებ გავრცელებულმა სამწუხარო ამბავმა".

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ყურადღებით ადევნებს თვალს" მიწისძვრის შედეგებს და „მზადაა დახმარების გასაწევად", ხოლო ევროკავშირის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ სამაშველო ოპერაციაში ევროკავშირის „კოპერნიკუსის" თანამგზავრს იყენებენ.

ელ სალვადორის პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ კოლუმბიელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და სამაშველო სამუშაოებისთვის პერსონალი და აღჭურვილობა შესთავაზა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, დაახლოებით 1.5 მილიონმა ადამიანმა იგრძნო შვიდი მაგნიტუდის სიახლოვის ბიძგები.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×