
რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტმა სადავო კურილის კუნძულებზე ტოკიოს მკვეთრი პროტესტი გამოიწვია. ანალიტიკოსების თქმით, ამ დემარშით მოსკოვმა ტერიტორიულ დათმობებზე უარი საბოლოოდ დააფიქსირა და იაპონიასთან დიალოგი ჩიხში შეიყვანა. მათი შეფასებით, უკრაინის ომის ფონზე გაუარესებული ურთიერთობები რეგიონში შეიარაღების, სამხედრო წვრთნებისა და მუდმივი დაძაბულობის ზრდას მოასწავებს.
პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხუთშაბათს პირველად ეწვია შორეულ აღმოსავლეთში მდებარე კურილის კუნძულებს, რომელთაც იაპონია კრებსითად „ჩრდილოეთის ტერიტორიებად" მოიხსენიებს და საკუთარ მიწად მიიჩნევს. ამან იაპონიის მკვეთრი პროტესტი გამოიწვია.
ოთხმა სადავო კუნძულმა, რომლებიც რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკავა, კონფლიქტის დასრულების შემდეგ დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ისინი კრემლისთვის სტრატეგიულ სამხედრო ბაზებს წარმოადგენენ, რასაც ემატება წიაღისეულის მდიდარი საბადოები და თევზჭერის ზონები.
კრემლმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც პუტინი კურილის კუნძულებზე იმყოფება. რუსული მედიის ცნობით, იგი ეწვია თევზგადამამუშავებელ ქარხანას, სადაც მას ხიზილალით გაუმასპინძლდნენ. პუტინი კურილის კუნძულებზე მეზობელი რუსულ კუნძულ სახალინის მოინახულების შემდეგ გაემგზავრა, სადაც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი წვრთნებს ატარებდა.
- უკრაინაში ომის დაწყებისა და იაპონიის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, მოსკოვმა ტოკიოსთან სამშვიდობო დიალოგი ოფიციალურად გაყინა. ამ ვიზიტით პუტინმა იაპონიას პირდაპირ აჩვენა, რომ დასავლეთისა და აშშ-ის მხარდაჭერის გამო რუსეთი მასთან კომპრომისზე აღარ წავა
სახალინზე პუტინმა გამართა შეხვედრა „რუსეთის აღმოსავლეთ საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ", - იუწყება სახელმწიფო მედია „რია ნოვოსტი".
იაპონიამ, რომლის ურთიერთობებიც რუსეთთან კიდევ უფრო გაუარესდა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იმ ფონზე, როდესაც ურთიერთობები ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეასთან დათბა - მომხდარი მკაცრად გააპროტესტა.
„ჩრდილოეთის ტერიტორიები იაპონიის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია როგორც ისტორიულად, ისე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, და იაპონიის მთავრობა მკაცრად აპროტესტებს ამ ვიზიტს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოშიმიცუ მოტეგიმა.
საბჭოთა კავშირმა ჰოკაიდოს ჩრდილოეთით მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ვულკანური არქიპელაგი მეორე მსოფლიო ომის მიწურულს დაიკავა და მას შემდეგ იქ სამხედრო ყოფნას ინარჩუნებს.
2010 წელს მაშინდელი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი გახდა რუსეთის პირველი ლიდერი, რომელიც სადავო ტერიტორიას ეწვია. მოგვიანებით, პუტინის პრეზიდენტობის დროს, მედვედევი იქ რამდენჯერმე ჩავიდა პრემიერ-მინისტრის რანგშიც.
ოთხი სადავო კუნძული ვულკანური კურილის არქიპელაგის ნაწილია, რომელიც ფართო რკალად გადაჭიმულია რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულიდან იაპონიის მთავარ ჩრდილოეთ კუნძულ ჰოკაიდომდე. საბჭოთა კავშირმა იაპონიას ომი მხოლოდ 1945 წლის 8 აგვისტოს გამოუცხადა - ჰიროსიმაზე ატომური ბომბის ჩამოგდების შემდეგ და კონფლიქტის დასრულებამდე ექვსი დღით ადრე.
კუნძულების სახელები ორსავე ქვეყანაში მსგავსია - რუსულად: კუნაშირი, ჰაბომაი, შიკოტანი და იტურუპი, ხოლო იაპონურად მათ კუნაშირი, ჰაბომაი, შიკოტანი და ეტოროფუ ეწოდებათ.
მათი მოსახლეობა, დაახლოებით 20 000 რუსეთის მოქალაქე, მკაცრ კლიმატურ პირობებში ცხოვრობს, თუმცა კუნძულებზე არის წიაღისეულის საბადოები (მათ შორის ოქრო და ვერცხლი) და თევზით მდიდარი წყლები. 1945 წელს კუნძულების ოკუპაციის შემდეგ, მოსკოვმა იქიდან დაახლოებით 17 000 იაპონელი მცხოვრები გაასახლა.
ამის შემდეგ კუნძულებმა სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინეს, რადგან ცივი ომის დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი უპირისპირდებოდა შეერთებულ შტატებსა და მის უახლოეს მოკავშირეს წყნარ ოკეანეში - იაპონიას, ისინი საჰაერო და საზღვაო ბაზების ფუნქციას ასრულებდნენ.
რამდენჯერმე ჩანდა, რომ ტოკიოსა და მოსკოვს შორის პერიოდულად მიმდინარე მოლაპარაკებები პროგრესს აღწევდა. 1956 წელს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისას, საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა წამოაყენა წინადადება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში შესაძლოა ორი სადავო კუნძული დაბრუნებოდა იაპონიას.
მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განახლდა, პროგრესისთვის არ მიუღწევიათ და კუნძულები კვლავ რუსეთის კონტროლქვეშ რჩება.
ვიზიტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები
საერთაშორისო მედიისა და აღმოსავლეთ აზიის გეოპოლიტიკის ექსპერტების შეფასებით, პუტინის ეს ვიზიტი არის ღია დემონსტრაცია, რომ რუსეთი სადავო კუნძულებს საბოლოოდ მიიჩნევს თავის განუყოფელ ტერიტორიად და იაპონიასთან რაიმე სახის მოლაპარაკებებს ან დათმობას წერტილი დაესვა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში ომის დაწყებისა და იაპონიის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, მოსკოვმა ტოკიოსთან სამშვიდობო დიალოგი ოფიციალურად გაყინა. ამ ვიზიტით პუტინმა იაპონიას პირდაპირ აჩვენა, რომ დასავლეთისა და აშშ-ის მხარდაჭერის გამო რუსეთი მასთან კომპრომისზე აღარ წავა.
ამასთანავე, რეგიონში ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან რუსეთის დაახლოებისა და მიმდინარე სამხედრო სწავლებების ფონზე, ეს იყო ძალის დემონსტრირება უშუალოდ აშშ-ის და მისი მთავარი აზიელი მოკავშირის - იაპონიის მისამართით.
ანალიტიკოსების აზრით, ამ კუნძულების გამო პირდაპირი ომი ან სამხედრო შეტაკება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა რეგიონი გადაიქცევა მუდმივი დაძაბულობის კერად.
რეალურად მოხდება ის, რომ რუსეთი კიდევ უფრო გააძლიერებს კუნძულების მილიტარიზაციას, განათავსებს ახალ სარაკეტო სისტემებს და ჩინეთთან ერთად ჩაატარებს სამხედრო წვრთნებს. იაპონია კი, თავის მხრივ, პასუხად გაზრდის თავდაცვის ბიუჯეტს და კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდება აშშ-ის სამხედრო ალიანსს.
ექპსერტთა თქმით, დიპლომატიური გზა და სამშვიდობო მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩიხში შევიდა, ხოლო ყოველდღიურობაში მივიღებთ ორ შეიარაღებულ მხარეს, რომლებიც ერთმანეთის გვერდით, მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში იდგებიან.