
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. ინფორმაცია კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ დაადასტურა. არველაძის თქმით, საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე (და არა 3 ათასზე), რომელიც მისმა კომპანიამ, ენგურის ხიდის გავლით მიაწოდა.
„ვმუშაობ აფხაზ პარტნიორებთან ერთად. ეს არის ხიდი ქართულ და აფხაზურ ბიზნესს შორის“, - აცხადებს ბიზნესმენი.
არველაძის ინფორმაციით, საწვავი „ძირითადად გალის მოსახლეობისთვის, იქაური ბენზინგასამართი სადგურებისთვის“ არის განკუთვნილი
„ეს რომ არ შეგვეტანა, 20-ლიტრიანი „კანისტრებით” დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში. ამიტომაც გადაწყდა, რომ ჯობდა მე შემეტანა ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად“, - აცხადებს გიორგი არველაძე „რადიო თავისუფლებასთან“.
მისი ინფორმაციით, აქამდე ხდებოდა სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქციის მიწოდება, ხოლო საწვავის შეტანა პირველად მოხდა.
კითხვაზე, ხომ არ იგეგმება უახლოეს დღეებში დამატებითი საწვავის გაგზავნა აფხაზეთში, არველაძე პასუხობს:
„ნეტავ სულ ეგრე იყოს და სულ ქართული ნავთობპროდუქტები იყოს აფხაზეთში. ეს პირველი ტრანზაქციაა 33 წლის განმავლობაში“.
არველაძის განმარტებითვე, საწვავს მისი კომპანია ქართულ ბაზარზე ყიდულობს და აფხაზეთისთვის მიწოდებული ბენზინი ქვეყანაში ევროპიდან შემოვიდა.
რადიო "თავისუფლება"