"რატომ ვპატიობთ კომპანიებს უხარისხო მომსახურებას, დარღვევებს და ხშირ შემთხვევაში მიწოდების შეწყვეტას?"
თამარ ვეფხვაძე
13.08.2026

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ექსმინისტრი, კახა კახიშვილი წყლის, ელექტროენერგიის, გაზის და ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანიების დასჯას იმ შემთხვევაში, თუ ისინი მომხმარებლების უფლებებს დაარღვევენ. ამაში განსაკუთრებული არაფერია, რადგან დემოკრატიულ ქვეყანაში, მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ორმხრივ პასუხისმგებლობას გულისხმობს და ის, რასაც კახიშვილი ითხოვს, აბსოლუტურად ბუნებრივია. სწორედ ამიტომ არსებობს ომბუდსმენი, როგორც კომუნიკაციების, ასევე ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიებში. სხვა საკითხია, რამდენად ეფექტურია ომბუდსმენი...

კახი კახიშვილის განცხადებით, ვიდრე მომსახურების მიმწოდებლები რეალურად არ იქნებიან პასუხისმგებელი მოქალაქის წინაშე იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომლებიც მათ ეკისრებათ, ბევრი არაფერი შეიცვლება. თუ მოქალაქე დენის, გაზის, წყლის, ინტერნეტის ან სხვა აუცილებელი მომსახურების საფასურს დროულად არ გადაიხდის, მას შეიძლება დაერიცხოს საურავი, ჯარიმა, ან შეუწყდეს მომსახურება. ეს ბუნებრივია, მოქალაქემ საკუთარი ვალდებულება უნდა შეასრულოს, მაგრამ თუ მოქალაქეს აქვს პასუხისმგებლობა, შესაბამისი პასუხისმგებლობა მომსახურების მიმწოდებელსაც უნდა ჰქონდეს.

„ეს საკითხი ჩემთვის ახალი არ არის. როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, სწორედ ამ თემაზე, კომიტეტის სხდომაზე მოწვეული გვყავდა ენერგეტიკის ომბუდსმენი და სემეკ-ის ხელმძღვანელობა. საკითხზე მაშინაც ვმსჯელობდით, თუმცა წლების შემდეგ პრობლემა კვლავ რჩება.

საუბარი მხოლოდ მომსახურების შეწყვეტაზე არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მომსახურების ხარისხიც. წყალი უნდა აკმაყოფილებდეს სანიტარულ და ტექნიკურ სტანდარტებს, ბუნებრივი აირი უსაფრთხოდ და სტაბილურად უნდა მიეწოდებოდეს მომხმარებელს, ელექტროენერგიის ძაბვა არ უნდა მერყეობდეს ისე, რომ ამან საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანება გამოიწვიოს, ხოლო ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე უნდა შეესაბამებოდეს იმ მომსახურებას, რომლისთვისაც მომხმარებელი თანხას იხდის“, - აცხადებს კახი კახიშვილი. 

ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია კიდევ ერთი პრინციპი. კახიშვილს მიაჩნია, რომ მოქალაქის წინაშე პასუხისმგებელი უნდა იყოს ის კომპანია, რომელიც მას უშუალოდ აწვდის დენს, გაზს, წყალს, ინტერნეტს თუ სხვა მომსახურებას. 

„მომხმარებელს არ უნდა უწევდეს იმის გარკვევა, სად და ვის გამო შეიქმნა პრობლემა, რომელიმე დანადგარი გამოვიდა მწყობრიდან, სადენი დაზიანდა, მილი გასკდა თუ მომსახურების მიმწოდებელი მისმა მომწოდებელმა დააღალატა. მოქალაქე თანხას უხდის კონკრეტულ კომპანიას და მის წინაშეც სწორედ ეს კომპანია უნდა იყოს პასუხისმგებელი მომსახურების მიწოდებაზე.

ევროპის არაერთ ქვეყანაში, თუ მომსახურების ხარისხის დადგენილი სტანდარტები ირღვევა, მომხმარებელს კომპენსაცია ეკუთვნის, რიგ შემთხვევებში კი იგი ავტომატურად ერიცხება. ვფიქრობ, საქართველოშიც მსგავსი მექანიზმი უნდა არსებობდეს. თუ მომსახურება კომპანიის პასუხისმგებლობით შეწყდა ან დადგენილ ხარისხს არ შეესაბამებოდა, მომხმარებელს კომპენსაცია ავტომატურად უნდა დაერიცხოს საკუთარ სააბონენტო ანგარიშზე, ყოველგვარი განცხადების, დამატებითი პროცედურებისა და სასამართლოში სიარულის გარეშე“, - აღნიშნა კახიშვილმა. 

ის, რასაც კახი კახიშვილი ითხოვს, სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურია, თუმცა, ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ 39 წელია, ამ ქვეყანაში ცხოვრობს და 15 წელზე მეტია, სწორედ ამ მონოპოლიების წინააღმდეგ იბრძვის, იქნება ეს კომუნიკაციების, თუ ენერგეტიკის კომპანიები. შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.

„ჩვენ ორივე მარეგულირებელ ორგანოში გვყავს ომბუდსმენები, ანუ მომხმარებლების ინტერესების დამცველები. მათ ხელფასებსაც ვუხდით და თუ რამეს დაარღვევენ კომუნიკაციების, ან ენერგეტიკის კომპანიები მომსახურების დროს, უნდა დააჯარიმონ კიდეც. ეს კომისიები სწორედ ამიტომაა, რომ უნდა აჯარიმებდნენ კომპანიებს. ათასჯერ მაქვს ნათქვამი და ახლაც ხელს მოვუწერ ბატონ კახის ამ ინიციატივაზე. მე თუ გადახდა დავაგვიანე, როგორც მომხმარებელმა, ხომ მაჯარიმებს კომპანია, ხომ არ შემარჩენს 1 წუთსაც კი? მაშინ, რატომ ვპატიობთ ამ კომპანიებს უხარისხო მომსახურებას და დარღვევებს? 

საშინლად უხარისხო ინტერნეტში არნახულად ძვირს ვიხდით, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით. აქ საუბარია იმაზე, რომ მონოპოლიებია ამ სფეროებში, ეს ეხება, როგორც კომუნიკაციებს, ასევე ენერგეტიკულ კომპანიებს. აქვს თუ არა პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება სახელმწიფოს? მე პირადად ვერ ვხედავ, რადგან ამ ხნის მანძილზე, ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ სფეროში, მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. განსაკუთრებით ეს უნდა ვთქვა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაზე - კატასტროფა ხდება იქ. მიშას დროს რომ ვიბრძოლე და მაშინ რომ რაღაცას მივაღწიე ჩხუბით, ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ, მოიყვანეს ამათმა ბექაური, რომელმაც უფრო საშინელებები აკეთა“, - განუცხადა „რეზონანსს“ მერაბ ჯანიაშვილმა.  

უკვე წლებია, სპეციალისტები საუბრობენ, რომ საშინელება ხდება, როგორც კომუნიკაციების, ისე ენერგეტიკის მიმართულებით. რაც შეეხება მომხმარებლების უფლებებს, ჯანიაშვილის განცხადებით, ისინი საშინლად დაუცველები არიან, მათი უფლებები ირღვევა და სახელმწიფო თვალს ხუჭავს. 

„ვერ ვიგებ, რატომ ხუჭავს თვალს სახელმწიფო - ან კორუფციაში არიან ეს ჩინოვნიკები გარეულები, ან სხვა სარგებელს იღებენ. ვურჩევდი ბატონ კახის, რომ ჯერ ისინი მოიკითხოს, რომლებიც თანამდებობებზე არიან და ეკისრებათ პასუხისმგებლობა, ვალდებულება აქვთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დასაცავად ნაბიჯები გადადგან და არ აკეთებენ ამას, ამიტომ ჯერ მათი პატიოსნება მოიკითხოს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ ჯანიაშვილმა.  მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხში, კახიშვილის მოსაზრებას იზიარებს იურისტი ლევან ალაფიშვილი, თუმცა აცხადებს, რომ ორი მხარის სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო. 

„მეც მოქალაქე ვარ და ვსარგებლობ კომუნალური მომსახურებით. ყოველდღიურ რეჟიმში, მოქალაქეები სხვა ტიპის ხელშეკრულებებსაც დებენ და მოკლევადიან, თუ გრძელვადიან პერსპექტივაში იღებენ შესაბამის პროდუქტს, რომელიც შეიძლება მოსწონდეთ, ან არ მოსწონდეთ, ან შეიძლება მართლაც უხარისხო იყოს. სწორედ ამისთვის არსებობს ორივე მხარისთვის კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომ რეალურად ერთი მხარის წუხილი და პრეტენზია რამდენად საფუძვლიანია, შეფასდეს დამოუკიდებელი არბიტრის მიერ. 

როდესაც ვსაუბრობთ კომპანიების ავტომატურ სანქცირებაზე, უნდა გავითვალისწინოთ ორი რამ: ერთი - არის თუ არა სახეზე ვალდებულების დარღვევა და მეორე - სანქციის სახე და სამართლიანობა. მომაწოდა თუ არა ხარისხიანი პროდუქცია და თუ არ მომაწოდა, ამ შემთხვევაში, როგორ დაისაჯოს, რამდენი იყოს კომპენსაცია. ორივე საკითხს, როგორც ქმედების, ასევე სანქციის საკითხს განიხილავს მხარეთაგან დამოუკიდებელი არბიტრი, შეიძლება ეს იყოს დამოუკიდებელი, არა სასამართლო ინსტიტუტი, ხშირ შემთხვევაში, ეს არის სასამართლო. ამის საფუძველი არის ის, რომ ორ მხარეს, ყველას თავისი სიმართლე აქვს - ვიღაცისთვის დენის წყვეტა პროვაიდერის ბრალია, ვიღაცისთვის - არა, შეიძლება, სარემონტო სამუშაოების გამო გაწყდა დენის კაბელი, პირობითად ვამბობ ამ მაგალითს. აი, სწორედ ამისთვის არსებობს ნეიტრალური ორგანო, რომელიც ორივე მხარის უფლებებსა და პასუხისმგებლობებს შეაფასებს“, - განუცხადა „რეზონანსს“ ლევან ალაფიშვილმა. 

მისი თქმით, სასამართლოს გარეშე, ე.წ. ავტომატური დაჯარიმება არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ არსებობს. 

„სხვა საკითხია, სწრაფია მართლმსაჯულება, ან სწრაფია რეაგირება, რისთვისაც არსებობს ორივე კომისიაში ადამიანის უფლებათა დამცველები - ომბუდსმენები. შესაბამისად, მიმართვის საფუძველზე, სწორედ დამოუკიდებელი ორგანო განიხილავს საკითხს და თუ რომელიმე მხარე არღვევს ვალდებულებას, რა თქმა უნდა, დააკისრებს პასუხისმგებლობას. სურვილის შემთხვევაში, საქმის განხილვა შეუძლიათ სასამართლოშიც. პროფესიულ და დამოუკიდებელ ინსტიტუტს საქართველოში, ამის უფლება, საშუალება და ყოველნაირი ბერკეტი აქვს და არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, სხვათა შორის ჩემი მონაწილეობითაც, როგორც ერთ, ისე მეორე კომისიას. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია იქნება, თუ ენერგეტიკის, ამ სტრუქტურებში ომბუდსმენი გაცილებით ნაკლებ ვადებში განიხილავს ასეთ საკითხს და მიიღებს კიდეც აღსასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ალაფიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×