
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2026 წლის ფისკალური გამჭვირვალობის ყოველწლიური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც აფასებს იმ მთავრობების ფისკალურ პოლიტიკას და გამჭვირვალობას, რომლებიც აშშ-ის დახმარებას იღებენ.
მიმდინარე წლის შეფასების შედეგად, იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც სახელმწიფო დეპარტამენტის ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალური მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილეს, საქართველოც მოხვდა.
139 შეფასებული ქვეყნიდან და პალესტინის ავტონომიის ტერიტორიიდან, საერთო ჯამში, მინიმალურ კრიტერიუმს აკმაყოფილებს 73 ქვეყანა, მათ შორის მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი, ხოლო უკრაინა ფიგურირებს იმ 67 ქვეყანას შორის, რომლებიც ამ მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ და პროგრესი არ შეინიშნება.
„დეპარტამენტმა შეაფასა საბიუჯეტო დოკუმენტების საჯარო ხელმისაწვდომობა, სრულყოფილება და სანდოობა, ასევე სახელმწიფო კონტრაქტებისა და ლიცენზიების გაცემის პროცესებისა და სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების გამჭვირვალობა.
ფისკალური გამჭვირვალობა ეფექტიანი საჯარო ფინანსების მართვის კრიტიკული ელემენტია. ის ხელს უწყობს ბაზრის ნდობის გაძლიერებას, საფუძველს უყრის გლობალურ ეკონომიკურ სტაბილურობას და მთავრობის უფრო დიდ ანგარიშვალდებულებას, რადგან ქმნის შესაძლებლობას, საზოგადოებამ დაინახოს მთავრობის ბიუჯეტი და ხარჯები.
ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში ხელს უწყობს უცხოეთში აშშ-ის კომპანიებისთვის კონკრეტული ბიზნესგარემოს შექმნას საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების გზით, რათა შემცირდეს კორუფციისა და საერთაშორისო ბაზრებზე არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის რისკი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ფისკალური გამჭვირვალობის სტანდარტები მოიცავს ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტების საჯარო ხელმისაწვდომობას, მათ სისრულესა და სანდოობას. განახლებული კრიტერიუმების მიხედვით, მთავრობებმა ასევე საჯაროდ უნდა უზრუნველყონ უცხოური სავალო სესხების პირობების, ვალდებულებებისა და უზრუნველყოფილი აქტივების ხელმისაწვდომობა.