
ტოკიოს აეროპორტში ათასობით მგზავრი მას შემდეგ ჩარჩა, რაც ძლიერმა წვიმამ იაპონიის დედაქალაქის დიდი ნაწილი დატბორა. უხვი ნალექის შედეგად, ქუჩებში ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია. შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლაც. ტრანსპორტის შეფერხების გამო, 7 000-მდე ადამიანმა აეროპორტის დატოვება ვერ შეძლო.
რეკორდული წვიმის შედეგად, ტოკიოს მიმდებარე პრეფექტურაში, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები.
იაპონიის გარდა, უხვი ნალექის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან ჩინეთშიც. გადაუღებელმა წვიმებმა აქ მილიონობით ზარალი გამოიწვია. სტიქია მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ტაიფუნი “დოლფინი“ დაატყდა თავს.
შტორმისგან გამოწვეული უხვი ნალექის შედეგად, განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი სიუჩანგი. გადაუღებელმა წვიმებმა აქ საცხოვრებელი სახლები, მეტროსადგური და საბორნე გადასავლელები დატბორა. წყალმა ქალაქში ანტისანიტარიაც გამოიწვია. მოქალაქეებს გზებზე გადაადგილება მუხლებამდე წყალში უწევთ. მაშველები მათ დახმარებას 24 საათიან რეჟიმში ცდილობენ.
ტაიფუნ „დოლფინის“ მიერ გამოწვეულმა ძლიერმა წვიმებმა შანხაის მიმდებარე გარეუბნებიც დააზარალა.
ქალაქში ყველა საბორნე მომსახურება დაიხურა. მუშაობა დროებით შეაჩერა შანხაის მეტროპოლიტენმაც.
ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს ტაიფუნმა 9 აგვისტოს შეუტია, რამაც, აღმოსავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ჩინეთში ძლიერი წვიმები გამოიწვია. შტორმმა წყნარ ოკეანეში 6 000 კილომეტრი გაიარა და ჩინეთის სანაპირო ზოლს გასცდა.