
„ქართული ოცნების" მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლების რუსეთში საქმიანობის თემაზე გაკეთებულმა განცხადებებმა ბოლო დღეებში კამპანიური ხასიათი მიიღო. მმართველი პარტიის წევრები ერთიმეორის მიყოლებით იხსენებენ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში გამართულ კონცერტებსა და გამოსვლებს და ხაზს უსვამენ, რომ დღეს იგივე ხელოვანები რუსეთში აღარ მიდიან და მკვეთრად ანტირუსულ პოზიციებს აფიქსირებენ.
ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიმართ კამპანია მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენისთვის ნიადაგს ამზადებს.
„ქართული ოცნების" ლიდერების მიერ რუს ტურისტებსა და „რუსოფობიაზე" გაკეთებული განცხადებების კონტექსტში, კრიტიკის ქვეშ მოექცნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც წარსულში რუსეთში საქმიანობის გამო. ღიად იყო საუბარი მათ შორის ანსამბლ სუხიშვილებზე, რასაც ანსამბლის მხარდასაჭერი პეტიციები მოჰყვა. ასევე, კომპოზიტორ ნიკოლოზ რაჭველსა და მომღერალ პაატა ბურჭულაძეზე. სოცქსელებში განხილვვაში იყვნენ კულტურის სხვა წარმომადგენლებიც.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შედეგ, კულტურის სფეროს წარმომადგენლები რუსეთში ჩასვლას არ უკადრისობდნენ.
„დღეს შინდისის გმირებზე, მათ გმირობაზე ვსაუბრობთ და ეს ყველაფერი ახალი მომხდარი იყო, როცა კულტურის სფეროს წარმომადგენლები არ უკადრისობდნენ რუსეთში ჩასვლას, იქ კონცერტების გამართვას და მას შემდეგ, რაც უკრაინაში განხორციელდა რუსული ოკუპაცია, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს ანტირუსული განცხადებებით საუბარი, მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს მოგზაურობა რუსეთში", - აღნიშნა კობახიძემ 11 აგვისტოს.
10 აგვისტოს დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, რომლის მთავარი შეინაარსიც ის იყო, რომ კულტურის სფეროს ზოგიერთი წარმომადგენელი 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან თანამშრომლობას არ ერიდებოდა, ხოლო 2022 წლის შემდეგ „მკვეთრად ანტირუსი" გახდა. მას წერილში კონკრეტული მაგალითებიც ჰქონდა მოყვანილი:
ანსამბლი „სუხიშვილები" - კირცხალია წერს, რომ ანსამბლმა 2013 წლის აპრილის დასაწყისში, აგვისტოს ომიდან 5 წელიწადში, სანქტ-პეტერბურგში დიდი კონცერტი გამართა; დღეს კი „ანსამბლი რუსეთში კონცერტების გამართვაზე უარს ამბობს".
- ირაკლი კირცხალია: „2022 წლის, ანუ უკრაინაში რუსეთის მეორედ შეჭრის შემდეგ, მათში პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა, გამოირჩევიან ანტირუსული რიტორიკით, „ხმალამოღებულები იბრძვიან" ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ, რაც, ფაქტობრივად, რუსოფობიამდე მივიდა".
პიანისტი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი - წერილში აღნიშნულია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიაში სიმფონიურმა ორკესტრმა ორი კონცერტი გამართა რაჭველის ხელმძღვანელობით. კირცხალიას ასევე მოჰყავს რაჭველის სიტყვები, რომ პოლიტიკა არ იყო რუსეთში წაუსვლელობის მიზეზი და მიზეზი „თავმოყვარეობა" იყო.
მომღერალი პაატა ბურჭულაძე - კირცხალია წერს, რომ იგი 2008 წლის ომის შემდეგ ბურჭულაძე რუსეთში 2012 წელს, შემდეგ კი 2018 წელს პუტინის თანდასწრებით მღეროდა. ამავე კონტექსტში მოიხსენიებს მის „რუსი ბანის" სახელით ცნობადობას.
„მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება აერთიანებთ - 2022 წლის, ანუ უკრაინაში რუსეთის მეორედ შეჭრის შემდეგ, მათში პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა, გამოირჩევიან ანტირუსული რიტორიკით, „ხმალამოღებულები იბრძვიან" ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ, რაც, ფაქტობრივად, რუსოფობიამდე მივიდა", - წერს კირცხალია.
მის წერილს ნიკოლოზ რაჭველი უკრაინიდან გამოეხმაურა და „ქართულ ოცნებას" „გულის ამრევი" უწოდა. ამასთან, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გულწრფელად ნანობს რუსეთში რამდენიმე კონცერტის გამართვას;
„ქართული რეალობა ბოლომდეა დამოკიდებული უკრაინაში განვითარებული მოვლენების პერსპექტივაზე და მე ამ პროცესის ეპიცენტრში ყოფნა განგებამ მარგუნა, ვთვლი რომ საჩუქრად, თუნდაც იმიტომ, რომ გულწრფელად ვნანობ იმ რამდენიმე გამოსვლას მოსკოვსა და პეტერბურგში, რომელის გამოც ბრალს ის ხალხი მდებს, ვინც პუტინის რეჟიმს სარეცელზე უწვება საამებლად".
„ოცნების" განცხადებებს „სუხიშვილების" ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი ეხმიანება. მისი თქმით, ანსამბლის მიმართ წლების განმავლობაში არაერთი უსაფუძვლო ბრალდება გამოთქმულა, რასაც მიჩვეული არიან.
„ვთვლი, რომ ამას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჩვენ არაფერი გჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი. მით უმეტეს, არავის ბოდიშის მოხდა არ გვჭირდება", - აღნიშნავს სუხიშვილი და მადლობას ეუბნება მათ, ვინც ხარდაჭერა გამოუცხადა.
ამის შემდეგ სოც ქსელში გამოჩნდა „ოცნების" მიმართ კრიტიკულად განწყობილი კულტურის წარმომადგენლების სია, სადაც წერდნენ, რომ ისინი 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგ, რუსეთში მღეროდნენ. აღნიშნულმა გარკვეული კამპანიური ხასიათიც კი მიიღო, რასაც სიაში მყოფი მომღერლები გამოეხმაურნენ.
მომღერალმა ნინი შერმადინმა დაწერა, რომ „2005 წლის იურმალის კასტინგის შემდეგ, სატრანზიტო გზითაც კი არ დაუდგამს ფეხი რუსეთის ტერიტორიაზე" და თუ საჭიროდ ჩათვლის, სამართლებრივ გზებსაც მიმართავს ცილისწამებაზე.
ბრალდებებისის საპასუხოდ ვიდეომიმართვა გაავრცელა მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმაც, სადაც აღნიშნა, რომ რუსეთში არასდროს ნამყოფი არაა.
კამპანიის მიზანი
კითხვაზე, „ოცნების" მხრიდან ამ განცხადებს, შეიძლება თუ არა ჰქონდეს ის მიზანი, რომ თავად სურდეთ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა, რომელიც კულტურის სფეროდან დაიწყება და პოლიტიკურ-დიპლომატიურში გადავა, ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ გვიპასუხა, რომ არ ჰგონია მიზანი ეგ იყოს.
„არა მგონია, რომ მიზანი ეგ იყოს, იმიტომ, რომ აღსადგენიც არაფერია. არის ფრაგმენტები, როცა ქართველი ხელოვანები უარს ამბობენ, მაგალითად, თავის დროზე ბუბა კიკაბიძე. ხელოვანების დიდი რაოდენობა კი არა თუ გასტროლებზე არ ამბობს უარს, ბევრი მათგანი იქ ცხოვრობს კიდეც და კმაყოფილია.
- რამაზ საყვარელიძე: „მემგონი ამ განცხადებების მიზანი ერთადერთია - რომ ჩაქრეს ანტირუსული რიტორიკა, რაც აშინებთ მათ... რუსოფობიის მიმართ რუსეთის პოლიტიკური წრეები ძალიან მგრძნობიარე არიან ხოლმე".
„მემგონი ამ განცხადებების მიზანი ერთადერთია - რომ ჩაქრეს ანტირუსული რიტორიკა, რაც აშინებთ მათ. იყო ის ეტაპი, როცა ანტირუსული რიტორიკა ძალიან გამწვავებული იყო, იგივე სააკაშვილის პრეზიდენტობისას და შემოიჭრა რუსეთი. არანაირად არ დგას საკითხი ისე, რომ რაიმე ტიპის ურთიერთიერთობების აღდგენა იყოს მიზანი, მაგრამ რუსოფობიის მიმართ რუსეთის პოლიტიკური წრეები ძალიან მგრძნობიარე არიან ხოლმე - დუმაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ან თვითონ პუტინის დონეზე არის ხოლმე ამგვარ რეპლიკებზე საპასუხო რაღაც რეაქცია და მემგონი, ასეთი რეაქციებისგან თავის არიდება უნდა „ოცნებას" და ამითაა გამოწვეული ეს შეკამათება", - განაცხადა საყვარელიძემ.
დამატებით კითხვაზე, რატომ მაინცდამაინც კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არა სხვე სფეროსი, საყვარელიძემ გვითხრა:
„დიდი ეჭვი მაქვს, რომ იყო რაღაც რეპლიკები და ასეთი აგრესიის ტალღები კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიმართ რუსეთში ჩასვლის გამო. ისინი საზოგადოებისთვის თვალსაჩინო და შესამჩნევი ფიგურები არიან და მათზე შეტევაც შესამჩნევი იქნება", - განაცხადა საყვარელიძემ.