რეზონანსი
16.08.2026

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულ უცხო ქვეყნის ერთ და საქართველოს ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული დაზარალებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდა თითქოს დაეხმარებოდა ბინადრობის მოწმობის აღების საკითხში, რის სანაცვლოდ მოტყუებით გამოართვა 14 500 აშშ დოლარი.

ასევე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულს დაჰპირდნენ თითქოს დაეხმარებოდნენ საქართველოში მისი ყოფნის კანონიერი საფუძვლის შექმნასა და საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და უკან დაბრუნების საკითხში, რის სანაცვლოდ მოსთხოვეს 5000 აშშ დოლარი, წინასწარ გამოართვეს 3000 აშშ დოლარი.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტითა (დიდი ოდენობით თაღლითობა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა) წარედგინათ.

აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნავს პროკურატურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×