
პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე მიდიოდა სუს-ში და გადასცემდა თანხას სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს. პროკურორის თქმით, მიქაუტაძის მხრიდან, ლილუაშვილისთვის თანხის გადაცემა ხდებოდა კაბინეტში. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
პროკურორის განმარტებით, რომეო მიქაუტაძემ, რომელიც მოწმეა ლილუაშვილის ბრალდების საქმეში, ასევე ისაუბრა იმაზე, რომ საშვის შემოწმების და სხვა პროცედურების გავლით ადიოდა შესაბამის კაბინეტამდე.
„დაკითხულია ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელმაც შინაარსობრივად, არსობრივად და აზრობრივად ზუსტად ის ინფორმაცია დააფიქსირა სასამართლოს წინაშე, რაზეც ისაუბრა გასულ პროცესზე მოწმე რომეო მიქაუტაძემ. შესაბამისად, რომეო მიქაუტაძის მოწოდებული ინფორმაციის სისწორეს და სანდოობას, ერთ-ერთი გარემოება ეს არის, რაც ამყარებს. გარდა ამისა, როდესაც საუბარია პერიოდზე, როცა თანხა გადაეცა უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილს რომეო მიქაუტაძისგან, ამ კუთხით გამოთხოვილია შესაბამისი კომპანიებიდან ინფორმაცია და მათი მობილური ტელეფონის და ინტერნეტ ტრაფიკების შესწავლით დადგენილია, რომ ისინი ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე ადგილას იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, ბრალდების მხარეს გამოთხოვილი აქვს დოკუმენტაცია ასევე იმ საკითხებზე, რაც ეხებოდა ქრთამის გადაცემის ფაქტს“, - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.
მისი განმარტებით, მთავარი ის არის, რომ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გამყარებულია სხვა მტკიცებულებებით და მასში ეჭვის შეტანის ობიექტური საფუძველი არ არსებობს.
„რაც შეეხება იმ მოცემულობას, რომ სხვა მოწმე, ვინც ფიზიკურად შეესწრო თანხის გადაცემას, დაცვის მხარეს შევახსენებ, რომ საუბარია ქრთამის მოთხოვნასა და გადაცემაზე და ბუნებრივია, მსგავსი დანაშაული ქმედებები სახალხოდ, საჯაროდ და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასწრების ფორმატში არ ხდება. (თანხის გადაცემა) ეს ხდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში“, - განაცხადა პროკურორმა.