თამთა ჩაჩანიძე
17.08.2026

"კოალიცია ცვლილებების" ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ ყარაბაღის თემაზე გაკეთებულმა განცხადებამ, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი მწვავე დისკუსია გამოიწვია. "ქართული ოცნების" ლიდერებმა განცხადებას მოღალატეობრივი უწოდეს, ნეგატიური შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაშიც.

თავად გვარამიამ აღნიშნა, რომ მის ნათქვამში აფხაზეთისა და ყარაბაღის საკითხების პირდაპირი გათანაბრება არ ყოფილა. თუმცა, მისი თქმით, ამ განმარტებას სათანადო ყურადღება არ მიაქციეს და აქცენტი მხოლოდ განცხადების ერთ კონკრეტულ ნაწილზე გაკეთდა.

ანალიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ გვარამია პოლიტიკაში ახალი მოთამაშე არაა და, შესაბამისად, ნაკლებად დასაჯერებელია, რომ ვერ გათვალა, რა რეაქცია მოჰყვებოდა მის სიტყვებს, თუნდაც განმარტებით, მითუფრო მაშინ, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა.

როგორც ნიკა გვარამიამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა "საბოლოოდ ტრავმების დამარცხება შეძლო" და თქვა, რომ ყარაბაღი "მომაშორეთ, წაიღეთ". თუმცა, იქვე მიაყოლა, რომ ამით აფხაზეთთან პარალელს არ ავლებდა.

რა მიზანი ჰქონდა გვარამიას განცხადებას

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციონერები და მითუმეტეს, ვინც პოლიტიკურად გამოცდილია, თავიანთ განცხადებებში უფრო მოზომილები უნდა იყვნენ. მისი თქმით, განცხადებებს მოყოლილ განმარტებებს მერე უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.

"რთული სათქმელია, რატომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს. გვარამიასაც, ბარამიძესაც და სხვებსაც, პოლიტიკაში საქმიანობის იმდენი გამოცდილება აქვთ, რომ ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვან და თავიანთ განცხადებებში საკმაოდ ფრთხილები და მოზომილები უნდა იყვნენ. სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავთ.

"ისეთი განცხადებები კეთდება, რომელსაც შემდეგ "ქართული ოცნება" პროპაგანდისთვის იყენებს და იყენებს მკაცრად ოპოზიციის საწინააღმდეგოდ. ეს ეხება არამარტო ამ ორ ადამიანს, არამედ ზოგადად ოპოზიციის წარმომადგენლებს და პირველ რიგშირა თქმა უნდა, სააკაშვილსაც. ფაქტი ერთია, რომელსაც ყველა ხედავს, რომ ასეთ განცხადებებს ხელისუფლება იყენებს იმისთვის, რომ უფრო გააშავოს ოპოზიცია.

  • ვახტანგ ძაბირაძე: "გვარამიასაც, ბარამიძესაც და სხვებსაც, პოლიტიკაში საქმიანობის იმდენი გამოცდილება აქვთ, რომ ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვან"

"მერე ეს დათქმები და განმარტებები არ ვარგა. კი ბატონო, ფაშინიანმა გადადგა ნაბიჯი, მაგრამ აბსოლუტური სხვაობაა იმას შორის, რაც ხდებოდა ყარაბაღში და რაც არის აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში. პრობლემა იმაშია, რომ პოლიტიკოსმა არ უნდა გააკეთოს ესეთი განცხადება.

"ჩემგან, ექსპერტებისგან ასეთი განცხადება კიდევ გასაგებია, არ ვართ პოლიტიკოსები, არც არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას და ნუ ახლა ჩემი გაშავება ხელისუფლებას არაფერს აძლევს. მაგრამ, პოლიტიკური ოპოზიციის გაშავება რომ ხელისუფლების ინტერესში შედის, ამას მე მგონი დიდი მიხვედრა არ სჭირდება",- განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს, რომ "უცხოურ აგენტურას" თავისი ზრახვები არჩევნებზე წინ დახვდება.

"საქართველოს იურისდიქციისგან ცხინვალის და აფხაზეთის მოწყვეტის შემდეგ, დაიწყო ნარატივის შემოპარება, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაჩქარდებოდა, თუ ის ამ ტერიტორიებზე საბოლოოდ უარს იტყოდა.

"ინფორმირებულმა ხალხმა მითხრა, რომ ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში ეს იდეა დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე რამდენჯერმე "ჩააწვეთეს" ქართულ მხარეს.

"ალბათ, გახსოვთ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებული სკანდალი, როდესაც მან აფხაზეთს საქართველოს სახელმწიფოს "განგრენა" უწოდა და შემდეგ ამას უარყოფდა. მოკლედ, უცხოური აგენტურა ჩვენს პოლიტიკურ და ექსპერტულ სპექტრში პერიოდულად წამოწევდა ამ რეგიონების "თავიდან მოშორების" თემას, ისევ და ისევ ევროატლანტიკური გზის გახსნის მოტივით. არ მინდა ჭრილობების გახსნა, და კიდევ სხვა მგრძნობიარე საკითხების გახსენება.

"მოკლედ, ეხლა უცხოურმა აგენტურამ ისევ გააქტიურა სეპარატისტული რეგიონების მოცილების თემა, ოღონდ ახალი არანჟირებით. ის დიფირამბებს უძღვნის სომხეთის პრემიერ პაშინიანს, რომელმაც "დათმო" ყარაბაღი და ამით ევროინტეგრაციისკენ გზა გაუხსნა სომხეთს.

"ეს შედარება და პარალელი მხოლოდ ოპოზიციის მზარდ მორალურ-გონებრივ დეგრადაციაზე მიუთითებს. ჯერ ერთი, სომხეთს ყარაბაღი სამხედრო ძალით დაათმობინა აზერბაიჯანმა და ეს ტერიტორია საერთაშორისოდ იყო აღიარებული როგორც აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილი.

  • ზაალ ანჯაფარიძე: "უცხოური გავლენის აგენტურამ კიდევ ერთხელ განაშიშვლა საკუთარი თავიც და ზრახვებიც. ეს კი სხვა ბოროტებასთან ერთად, არჩევნებზე დახვდებათ წინ"

"როგორც ჩანს, გარე პატრონების დავალებით აგენტურამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შემოუგდოს ჩვენს ხალხს ცხინვალის და აფხაზეთის დათმობა, როგორც "განგრენოზული" კიდურის ამპუტაცია.

"უცხოური გავლენის აგენტურამ კიდევ ერთხელ განაშიშვლა საკუთარი თავიც და ზრახვებიც. ეს კი სხვა ბოროტებასთან ერთად, არჩევნებზე დახვდებათ წინ",- წერს ანჯაფარიძე.

გამოხმაურებები "ოცნებასა" და ოპოზიციაში

"ამ „უსამშობლო აგენტს" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა. ოდნავადაც არ გრცხვენიათ?" - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი გვარამიას განცხადებას.

"შეგახსენებთ, რომ ამ „უსამშობლო აგენტს" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა. ოდნავადაც არ გრცხვენიათ?

"იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს „უსამშობლო აგენტი" 1 თვის წინ ძალიან დამწუხრებული საუბრობდა იმაზე, რომ განადგურებულ უკრაინას აღდგენისთვის მსხვილ ტრანშებს ჩაურიცხავენ და ჩვენ ამ ფულის გარეშე დავრჩებით, რადგან მშვიდობაა საქართველოშიო",- წერს მაჭავარიანი.

ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ ყარაბაღის პრობლემა არავითარ კავშირში არაა აფხაზეთის თემასთან.

"არავითარ კავშირში არ არის ყარაბაღის პრობლემა და ტრავმული მეხსიერება აფხაზეთის საკითხთან, აბსოლუტურად განსხვავებული ამბებია. ვეთანხმები იმაში, რომ ევროკავშირში გაწევრიანება და დასავლური ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებისთვის, მათ შორის იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს.

"გარკვეულ პარალელებში არ ვეთანხმები. კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგრამ ამ საკითხებზე ასეთი აქცენტირება არის არასწორი იმ პირობებში, როდესაც გვყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ბოდიშს უხდის ოკუპანტს და ატარებს აბსოლუტურად კაპიტულანტურ პოლიტიკას", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

რა თქვა გვარამიამ

"კოალიცია ცვლილებების" ლიდერმა ნიკა გვარამიამ "ფორმულასთან" განაცხადა, რომ ფაშინიანით აღფრთოვანებულია ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხების უმოკლეს ვადაში გადაჭრის გამო.

"ფაშინიანით სინამდვილში მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ მან მთავარი, რაც გააკეთა - მე ბევრად უფრო მაღალი შესაძლებლობების პოლიტიკოსები მინახავს სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც რეფორმების მიმართულებით და ბევრი არაფერი ხდება ამ მხრივ სომხეთში და საერთაშორისო, ასე ვთქვათ, უნარებით, მაგრამ თავი რომ დავანებოთ ამას, ამ კაცმა რაც შეძლო, ეს არის ტრავმების დამარცხება.

"ეს გააკეთა მოკლე ვადაში, რაც ძალიან რთული ამბავია სინამდვილეში. ამას დეკადები სჭირდება, რადგან ეს მუშავდება საუკუნეების განმავლობაში, ოღონდ გააკეთა უმოკლეს ვადაში. მაგალითად, არარატი წაშალა ბეჭდიდან, შტამპიდან. თქვა, რომ იცი რა, არ არის ეს არარატი მართლა ჩვენთანო. კი, ჩვენი ისტორიის ნაწილია, მაგრამ არ არის ჩვენი გეოგრაფიის ნაწილი.

"ამიტომ, თუ გვინდა, თურქეთთან პრობლემა გვქონდეს, ეხატოს ეს არარატი, მაგრამ ვიქნებით ღარიბები და რუსეთზე მიბმულები. თუ არ გვინდა, მოდი, შევთანხმდეთ, რომ ამოვიღოთ შტამპიდან ეს არარატი, რომელიც მართლა არ არის ჩვენს ტერიტორიაზე, თურქეთთან ურთიერთობა დაგვილაგდება, აზერბაიჯანთანაც, გვექნება მეტი ფული, პერსპექტივა, რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ და რუსეთთან აღარ ვიქნებით.

იგივე გააკეთა და კიდევ უფრო მძიმე იყო ეს ყარაბაღთან დაკავშირებით.

"რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, ასე შემდეგ, გასაგებია ეს ყველაფერიც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ, იმიტომ, რომ მართლა მათი იყო. ისტორიული იყო ყარაბაღი, მასე, ისტორიულად, ლორეზეც შეგვიძლია, ქართველებმა ვედავოთ სომხებს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიამ ამავე თემაზე საუბრისას იგვე "ფორმულას" ეთერში დასძინა:

"ოღონდ აფხაზეთთან და ამასთან პარალელი არ გამიგოს ვინმემ არასწორად, აფხაზეთი ჩვენი ტერიტორიაა ყველა აღიარებით და ყარაბაღი არ ყოფილა სომხეთის ტერიტორია არცერთი აღიარებით მას შე,დეგ, რაც საერთორისო სამართალი არსებობს ,- დასძინა გვარამიამ.

მწვავე კრიტიკას გვარამიამ "ფეისბუქ" პოსტით უპასუხა. მისი განმარტებით, თავად იმავე ეთერშიც თქვა, რომ ფაშინიანზე მის მიერ ნათქვამზე აფხაზეთთან პარალელი არ გაევლოთ.

"ფაშინიანზე ჩემ მიერ ნათქვამი რომ აფხაზეთის პარალელად გამოაცხადა პროპაგანდამ, როცა იმავე ინტერვიუში ვამბობ, რომ ფაშინიანის და სომხეთის მაგალითს ქართულ-აფხაზურ საკითხთან კავშირი არ აქვსთო, ეგ ნამდვილად არ მიკვირს - პროპაგანდის საქმე ტყუილებია. სხვებისგან გამკვირვებია, ვინც ამას ამბობს: ნახეთ მეგობრებო ეთერი, უნახავად და მოყოლით კომენტარის თუ სტატუსის წერა არ გამიგია. ით უფრო, ასეთი მნიშვნელობის საკითხზე",- დაწერა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×