
ევროკავშირი გეგმავს, რომ უახლოეს თვეებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მნიშვნელოვნად გააფართოვოს, -„როიტერსის" ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
„ევროკავშირის სანქციები რუსეთს უკვე ძვირი დაუჯდა - სანქციებმა რუსეთის სამხედრო მანქანას 1 ტრილიონ ევროზე მეტი წაართვა. შემოდგომაზე ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური სანქციების სიას წარვადგენ.
მათი მიღების შემდეგ, სანქცირებული რუსული სუბიექტების საერთო რაოდენობა დაუყოვნებლივ ერთი მესამედით გაიზრდება. ზეწოლა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ მოსკოვი ომს არ დაასრულებს", - განაცხადა კალასმა. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ახალი სანქციების ვადები ან დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ანალიტიკოსების შეფასებით, კაია კალასის მიერ დაანონსებული ახალი სანქციები ძირითადად მიმართული იქნება იმ ხვრელების ამოქოლვაზე, რომლებსაც მოსკოვი არსებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლით იყენებს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სანქციების სიაში ფიზიკური და იურიდიული პირების მესამედით გაზრდა უპირველეს ყოვლისა შეეხება რუსულ „ჩრდილოვან ფლოტს" და იმ საზღვაო ტანკერებსა თუ შუამავლებს, რომლებსაც ნავთობი დაწესებულ ფასის ლიმიტზე ძვირად გადააქვთ.
ამასთანავე, მოსალოდნელია შეზღუდვების გაფართოება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე და იმ უცხოურ (მათ შორის ჩინურ, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის) კომპანიებზე, რომლებიც რუსეთს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებით, დრონების ნაწილებითა და ელექტრონიკით ამარაგებენ.
დამკვირვებლები ასევე ელიან დამატებით დარტყმას საფინანსო სექტორსა და კრიპტოვალუტის პლატფორმებზე, რათა მოსკოვს საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელება კიდევ უფრო გაურთულდეს. ეს ყველაფერი კი აშშ-ის ბოლო საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, დასავლეთის კოორდინირებულ სტრატეგიაზე მიუთითებს.