
აფხაზეთში საწვავის შეტანის საკითხი ისევ შიდა პოლიტიკის ცენტრშია მოქცეული. სანამ ოპოზიცია ხელისუფლებას კორუფციულ სქემასა და სანქციების გვერდის ავლით რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს, რასაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ცნობებიც ემატება მოსკოვთან ფარულ გარიგებებზე, მმართველი გუნდი ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროცესი სრულად კანონიერია.
"ლელო- ძლიერი საქართველოს" წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რომ ეს საწვავი სანქციების გვერდის ავლით რუსეთში გადის.
„ეს არის ჩვეულებრივად აგებული კორუფციული სქემა, „ქართულ ოცნების" ოჯახთან დაკავშირებული პირების მიერ ორგანიზებული. ამაზე ხელს ითბობს მთელი „ქართულ ოცნების" ვერტიკალი. საწვავის გატანის ისე გაყიდვა თითქოს, ჩვენი აფხაზი ძმებისთვის და დებისთვის ხდება საწვავის მოხმარება, არის უბინძურესი აქტი.
უბრალოდ მოგიწოდებთ ღია საინფორმაციო საშუალებებზე შეხვიდეთ და იხილოთ ე.წ ენერგეტიკის მინისტრის განცხადება, ვიღაც ჯამბაზი, რომელიც საქართველოდან შეტანილ საწვავს ალტერნატიული გზიდან შეტანილს ეძახის. მადლიერების ნულოვანი გრძნობა აქვს და იქ ხალხი პირდაპირ უწერს კომენტარებში, რომ ეს საწვავი ნახეს გაგრაში, ფსოუზე საზღვართან.
საწვავი, რომელიც შედის ენგურიდან, პირდაპირ კვეთს ფსოუს და მიდის რუსეთში. ეს არის ალტერნატიული და დავეთანხმები ე.წ მინისტრს, ვიღაც ჯამბაზს, რომელიც ამბობს, რომ ეს საწვავი ალტერნატიულია.
ეს არის ალტერნატიული გზით, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთისთვის ისეთი პროდუქციის მიწოდება, რომელიც უჭირს. ეს არის ჩვენი მტრის დახმარება და კორუფცია. მტრის დახმარება კორუფციასთან ერთად რამხელა სიბინძურეა ეს თავად ჩვენმა მაყურებელმა განსაზღვროს", - განაცხადა დათუნაშვილმა.
"გახარია საქართველოსთვის" გუნდი ამ ეტაპზე კონკრეტული შეფასებებისგან თავს იკავებს.
"ჩვენ გვაქვს ეჭვები, იქიდან გამომდინარე, რომ ვფლობთ ინფორმაციას როგორც საოკუპაციო ხაზიდან, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რა ბედი ეწია ამ ტვირთს და ვინ არის რეალური ადრესატი, თუმცა, შეფასებებისგან თავს შევიკავებთ და დაველოდებით ოფიციალურ პასუხებს კობახიძისგან - მხოლოდ ამის შემდეგ იქნება პოლიტიკური შეფასება ჩვენი გუნდისგან, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ქეთევან ბაკარაძემ განაცხადა.
ამ ფონზე, კი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერს, რომ ქართულ მხარეს რუსეთმა აგვისტოს დასაწყისში რამდენიმე ტიპის ხელშეკრულება გმოუგზავნა, რომელოც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ეხება.
"ჩემი ინფორმაციით, რუსებმა აგვისტოს დასაწყისში გამოუგზავნეს ორი ტიპის ხელშეკრულების პროექტი, ერთი ეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, მესამე მხარესთან არ გარიგებას ერთმანეთის წინააღმდეგ (მესამე ძალაში დასავლეთი იგულისხმება) და ასევე, 2 ცალ-ცალკე ხელშეკრულება აფხაზეთის და მთავრობებთან მათი სუბიექტურობის აღიარებით და თავდაუსხმელობის გარანტიით.
ეს ხელშეკრულებები უშუალოდ ივანიშვილს გადმოსცეს.(...)უახლოეს კვირებში კობახიძეს ელიან მოსკოვში ამ ყველაფერზე ხელის მოსაწერად." სააკაშვილმა მსგავსი შინაარსის წერილი მანამდეც გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსეთში შიდა ბაზრის დასაცავად ნავთობპროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვები დაწესდა.
შედეგად, სოხუმმა ალტერნატიული წყაროების ძიება დაიწყო, რასაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან კერძო კომპანიების მიერ საწვავის გატანა მოჰყვა.
"ოცნების" პასუხი
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის მხრიდან ყოველთვის არასახელმწიფოებრივი განცხადებები ისმის, რადგან ცდილობენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელი შეუშალონ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ "ოცნების" ნაბიჯები "ოკუპაციის შესახებ" კანონს არ სცდება.
„იცით, რომ არსებობს კანონი „ოკუპაციის შესახებ" და ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი ამ კანონს არ სცდება. ხალხებს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და მოვახერხოთ აფხაზებთან თანაცხოვრება.
სამედიცინო დახმარება იქნება, საწვავის მიმართულებით ხელშეწყობა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ყოველთვის გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
რაც შეეხება აფზახეთისთვის საწვავის მიმწოდებელ კერძო კომპანიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, კახა კალაძე პასუხობს, რომ კონკრეტულ კომპანიაზე ინფორმაციას არ ფლობს, რადგან დღეს ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია.
"ქართული ოცნების" დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ როდესაც ბიზნესი იღებს გადაწყვეტილებას, რომ კონკრეტული ნაბიჯი გადადგას და აფხაზეთში საწვავი შეიტანოს," ეს არის მათი არჩევანი"
"საზოგადოებას შევახსენებ, რომ ჩვენი გუნდის ინიციატივით არსებობს პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის", რომლის ფარგლებში დახმარების არაერთი პროგრამა ხორციელდება, მათ შორის არის ჯანდაცვის პროგრამები, როცა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული ადამიანები შესაბამის დახმარებას უფასოდ იღებენ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს გვერდით დაუდგეს.
როდესაც ბიზნესი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ კონკრეტული ნაბიჯი გადადგას და აფხაზეთში საწვავი შეიტანოს, ეს არის მათი არჩევანი, რაც კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს და მოხდა კიდეც", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.