
უკრაინის ფრონტის მიღმა, კრემლი ევროპის საზღვრებთან ჩრდილოვან სამხედრო ინფრასტრუქტურას აშენებს, რომელიც მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბებს სცილდება. მოდერნიზებული რეაქტიული დრონების წვდომის რადიუსი უკვე ვარშავამდე აღწევს, ეს კი დასავლურ დაზვერვას აფიქრებინებს, რომ მოსკოვი ნატო-ს წინააღმდეგ გრძელვადიანი, ჰიბრიდული თუ პირდაპირი საფრთხის პლატფორმას ამზადებს.
რუსეთმა ნატო-ს ტერიტორიის სიღრმეში მაღალი სიმძლავრის დრონების იერიშების განსახორციელებლად საიდუმლო ბაზები განათავსა. გამოცემა" ტელეგრაფის" საგამოძიებო მასალის თანახმად, კრემლს 10 ასეთი ბაზა აქვს მოწყობილი, რომლებიც მოსკოვის ყველაზე თანამედროვე, შორ მანძილზე მოქმედი კამიკაძე-დრონებისთვის განკუთვნილი ახლადაგებული სასტარტო მოედნებითაა აღჭურვილი.
ზოგიერთი ბაზა უკრაინის მასირებული დაბომბვისთვის უკვე გამოიყენება. საზღვართან სიახლოვე მტერს საშუალებას აძლევს, განახორციელოს მასშტაბური საჰაერო შეტევები, რომლებიც კიევის შემცირებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გვერდს უვლის.
ამასთანავე, ეს ბაზები ხანგრძლივ საფრთხეს ნატო-ს მოკავშირეებსაც უქმნის, რადგან ისინი ვლადიმერ პუტინის მაღალტექნოლოგიური იერიშმიმტანი დრონების წვდომის ზონაში ექცევიან.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ომის დაწყების შემთხვევაში, ეს სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგია შესაძლოა ევროპის წინააღმდეგაც იყოს მიმართული. გარდა ამისა, ზოგიერთი ბაზის განლაგება რუსეთის ყველაზე მძლავრ დრონებს ვარშავაზე იერიშის მიტანის საშუალებას აძლევს.
ევროპული და ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ რუსეთი პოლონეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული პროვოკაციის განხორციელებას, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თუ დრონებით თავდასხმებს ან ისეთ ცრუ დროშის ქვეშ მოწყობილ იერიშებს განიხილავს, რომლებსაც უკრაინას გადააბრალებს.
ნატო-ს წარმომადგენელმა გამოცემა "ტელეგრაფთან" საუბრისას განაცხადა, რომ სამხედრო ალიანსი „მზადაა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეული გოჯი" და „მზადყოფნის ამაღლებას ნებისმიერი საფრთხის, მათ შორის დრონების მოგერიებისა და შეკავების მიზნით" განაგრძობს.
გაჟონილ დოკუმენტებსა და თანამგზავრულ ფოტოებზე დაყრდნობით, ამავე გამოცემამ, რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის საზღვრის გასწვრივ სულ მცირე 59 ახალი სასტარტო რელსი აღმოაჩინა. ეს არის მექანიკური ე. წ ბილიკები, რომლებიც ტრადიციული ასაფრენი ზოლის ნაცვლად, ფიქსირებულფრთიანი დრონების ჰაერში ასაფრენად გამოიყენება.
დრონების ზოგიერთი ჰაბი სამხედრო ბაზებისა და სამოქალაქო აეროპორტების ადგილზე შექმნეს, ხოლო დამატებითი სასტარტო მოედნები რუსეთის სასოფლო-სამეურნეო დასახლებებსა და ღია სივრცეებში მოაწყვეს.
დრონების დაზვერვაზე მომუშავე კომპანია DroneSec-ის მიერ გაანალიზებულმა თანამგზავრულმა ფოტოებმა აჩვენა, რომ ახლად დამონტაჟებული რელსებიდან დაახლოებით 20 დაგრძელებულია, ეს მიუთითებს მათ შესაძლებლობაზე, ჰაერში ააფრინონ კრემლის უახლესი, შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონები.
მოსკოვი ირანული „შაჰედის" ტიპის დრონების საკუთარი ვერსიის მოდერნიზებას სწრაფი ტემპით განაგრძობს. ის უკვე იყენებს რეაქტიულ ძრავზე მომუშავე, შედარებით ახალ და მაღალსიჩქარიან მოდელებს, რომლებსაც სამიზნეების განადგურება თითქმის 1,000 კილომეტრის (620 მილის) რადიუსში შეუძლიათ.
იდენტიფიცირებული ბაზებიდან ამ ახალი ვარიანტების გაშვებით, პუტინის დარტყმის ზონაში პოლონეთის დედაქალაქიც ექცევა.
იმის მტკიცებულება, რომ რუსეთი მსგავს თავდასხმას გეგმავს, არ არსებობს, თუმცა ნატო-ს ლიდერები მომავალი კონფლიქტისთვის ემზადებიან. კრემლი აცხადებს, რომ შედარებით ნელ და მოძველებულ დრონებსაც კი შეუძლიათ დიდი ბრიტანეთის სანაპიროებამდე მიღწევა,
თუმცა, მაღალი ალბათობით, ამ ბაზებიდან ბრიტანეთის მიმართულებით განხორციელებულ ნებისმიერ იერიშს საჰაერო თავდაცვა გზაშივე ჩაჭრის. ინტერნეტში გაჟონილი უკრაინის მთავრობის დოკუმენტების თანახმად, უახლეს მოდელებს ,„გერან-4"-სა და „გერან-5",საჰაერო თავდაცვის სისტემების ასარიდებლად, იმ ფონზე, როდესაც მათ 90 კილოგრამამდე საბრძოლო მუხტი გადააქვთ, საკმარისად მაღალი სიჩქარის განვითარება შეუძლიათ.
უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ასევე გაავრცელა გაფრთხილება, რომ რუსეთი „გერანის" ტიპის დრონებს საბრძოლო ავიაციის ჩამოსაგდები კლასის რაკეტებით აიარაღებს, რათა იმ ავიაციას დაესხას თავს, რომელიც კიევს იცავს. ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ თანამგზავრულმა ფოტოებმა მაღალტექნოლოგიური დრონების რაოდენობის მკვეთრი ზრდა გამოავლინა - ერთ-ერთ ბაზაზე არსებული საწყობები ერთდროულად 1,000-ზე მეტი უპილოტო აპარატის განთავსების საშუალებას იძლევა. რამდენიმე საკვანძო ობიექტზე დამატებითი სასტარტო რელსების მშენებლობა მიმდინარეობს, რაც მოსკოვის მიერ დრონებისგან მომდინარე საფრთხის გაზრდის ამბიციაზე მიუთითებს.