
საქართველოს ხელისუფლება, ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს არ შეუერთდა, მიზეზად ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაასახელა. ქვეყნის საგარეო ფლანგზე კიდევ ერთი გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს, თუ საგარეო პოლიტიკის რა სტრატეგია აქვს "ქართულ ოცნებას".
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ 14 აგვისტოს გავრცელებული განცხადების მიხედვით,საქართველო ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს არ შეუერთდა.
ცნობილია, რომ ბლოკის სასანქციო გადაწყვეტილებებს შეუერთდნენ ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია. საქართველოსთან ერთად სიაში არ არის სერბეთი და თურქეთი
რას აცხადებენ "ოცნებასა" და ოპოზიციაში
"საქართველო საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებით ნაბიჯებს გადადგამს თუ არა, მხოლოდ ერთი ტექსტით განისაზღვრება: შედის თუ არა ეს საქართველოს ინტერესებში", - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.
„თურქეთიც და სერბეთიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები არიან, მაგრამ ისინი არ შეუერთდნენ. საქართველო ნებისმიერ რეზოლუციას შეუერთდება თუ არა, ან საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებით ნაბიჯებს გადადგამს თუ არა, მხოლოდ ერთი ტექსტით განისაზღვრება - ეს საქართველოს ინტერესებში შედის იმ წუთში, თუ არა. თუ საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, საერთოდ არ გვაინტერესებს ვის ინტერესებშია მერე.
"ეს არის განსხვავება ჩვენსა და იმ უსამშობლოებს შორის, რომლებიც პირველ რიგში, სხვის ინტერესებზე ფიქრობენ და მერე, საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე. ჩვენი ტესტი ასეთია - რა ნაბიჯიც არ უნდა გადაიდგას, პირველ რიგში, გაივლის ტესტს, ეს ჩვენს ინტერესებში შედის თუ არა. თუ ჩავთვლით რომ არ შედის, არ გადავდგამთ. ეს ყველამ იცოდეს!" - განაცხადა შარმანაშვილმა.
საპასუხოდ ოპოზიციაში განაცხადეს, რომ "ოცნების" გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს, თუ სად დგას. მისი თქმით, საუბარია იმ რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებზე, რომელიც არის ტერორიზმის დამფინანსებელი და აშშ-ის მთავარი მტერი.
„ჩვენ ვსაუბრობთ იმ რეჟიმზე, რომელიც ცალსახად დგას ბოროტების ღერძის ქვეყნების მხარეს. საერთაშორისო არენაზე არაერთი გადაწყვეტილება იყო ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მიღებული, რაც ნათლად აჩვენებს, თუ სად დგას ამ ცივილიზაციურ დაპირისპირებაში ივანიშვილის „ოცნება".
საუბარია იმ რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებზე, რომელიც არის ტერორიზმის დამფინანსებელი, მათ შორის აშშ-ის მთავარი მტერი რეგიონში. აქედან გამომდინარე, გასაგებია, თუ რას ნიშნავს, როდესაც არცერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის სანქციების კუთხით საქართველო არ ფიგურირებს. სამწუხაროდ, უკვე არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ საქართველო ევროკავშირის სანქცირების პოლიტიკას არ უერთდება და ბოლო წლების მანძილზე ასეთი პოზიცია უჭირავს",-განაცხადა ფავლენიშვილმა.
საგარეო პოლიტიკის რა სტრატეგია აქვს "ოცნებას"
შავი ზღვის საერთასორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან მულტივექტორული პოლიტიკა მოგონილია.
- ნიკა ჩიტაძე: "მოგონილია, რომ ვითომ ეს არის მულტივექტორული პოლიტიკა. როდესაც ერთ მხარესთან ურთიერთობები უარესდება, მეორე მხარესთან ურთიერთობათა გაუმჯობესების ხარჯზე, ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება"
"საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება ის ფაქტი, რომ ირანში ექსპორტი რაღაც 600%-ით გაიზარდა, მეტით თუ არა. იმიტომ, რომ ირანი მხარს უჭერს რუსეთს, ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, როცა ის აწვდიდა რაკეტებს, რითაც უკრაინის ქალაქები და სოფლები იბომბებოდა და მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებოდნენ.
"მოგონილია, რომ ვითომ ეს არის რაღაც მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა. მულტივექტორულია, მაგალითად, როდესაც ინარჩუნებ კარგ ურთიერთობას, როგორც, დასავლეთის დემოკრატიულ სამყაროსთან, ასევე, ჩინეთთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, მაგრამ როდესაც ერთ მხარესთან ურთიერთობა უარესდება, მეორე მხარესთან ურთიერთობათა გაუმჯობესების ხარჯზე, ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
"როდესაც საქმე გვაქვს ირანთან, ანუ ქვეყანასთან, რომელიც ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას ატარებს, ეს ქმნის წინაპირობას იმისას, რომ საქართველო აშშ-სა და მთლიანად დემოკრატიულ სამყაროს დასცილდეს. პლუს, აქ ქვეყნის პრესტიჟზეა საუბარი - როდესაც ირანის საელჩო აღნიშნავდა ქართველების ირანში ჩასახლების სადღაც 310-ე წლისთავს და იქ ხელისუფლების მაღალჩინოსნები მიდიან, ესე იგი, თვითონ თავის ქვეყანას არ სცემენ პატივს - შაჰ აბასი საქართველოს 1615-1618 წლებში ხუთჯერ შემოესია და ძალადობრივი გზით დაახლოებით 200 000-მდე ქართველის გადასახლება მოხდა ძირითადად ფერეიდანში. აქედან გამომდინარე, იმ ღონისძიებაზე მისვლა და იმის დემონსტრირება, თითქოს, ქართველების ირანში გადასახლება ნებაყოფლობით მოხდა, ეს როგორ შეიძლება?
"ოცნების" მულტივექტორული პოლიტიკა, ანტიდასავლურ პოლიტიკას ნიშნავს, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს პრორუსულ, პროირანულ, ვთქვათ, პროჩინურ პოლიტიკას. სავაჭრო-ეკონომიკურ დონეზე არ არის ცუდი, ვთქვათ, იგივე ჩინეთთან ურთიერთობა, მაგრამ ამ ქვეყნების პოლიტიკა და ღირებულებები არ უნდა გაიზიარო",- განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკა უფრო უახლოვდება ნეიტრალურ საგარეო პოლიტიკას.
- პეტრე მამრაძე: "ჩვენი ერისა და სახელმწიფოს გადარჩენის ერთადერთი გზა იმ სიტუაციაში, რაც ახლა ვითარდება და უფრო მწვავდება, ეს არის ნეიტრალური საგარეო პოლიტიკა"
"ეს უფრო ახლოვდება ნეიტრალურ საგარეო პოლიტიკას. შეგახსენებთ, რომ პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი ვარ, იმიტომ, რომ ჩემი რწმენაა და გამოცდილებაც ამ მხრივ ისეთია, რომ ჩვენი ერისა და სახელმწიფოს გადარჩენის ერთადერთი გზა იმ სიტუაციაში, რაც ახლა ვითარდება და უფრო მწვავდება, ეს არის ნეიტრალური საგარეო პოლიტიკა.
"ყოველ კონკრეტულ შემთხვევას უნდა აანალიზებდე ცოცხალ რეჟიმში, ყველა ფაქტორს აფასებდე და ეძებდე საქართველოსთვის იმ მომენტში ოპტიმალურ გადაწყვეტილებას - საქართველოს უსაფრთხოებისა და სიკეთისათვის. ნამდვილად სწორია, რომ ირანთან დაკავშირებით სანქციას არ უერთდებიან. მაქსიმუმ მადლობა გითხრან, მაგრამ სანაცვლოდ, უარყოფითი შედეგები არის განუსაზღვრელად უფრო დიდი",- განაცხადა მამრაძემ.