რეზონანსი
17.08.2026

სუს-ის ყოფილი უფროსის, ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, ლანა ცერცვაძე „აბსოლუტურ სიცრუეს“ უწოდებს, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომელო მიქაუტაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, მას ფულადი თანხა მიჰქონდა სუს-ში გრიგოლ ლილუაშვილთან.

ადვოკატის მტკიცებით, ამის თაობაზე საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ხოლო მიქაუტაძე განცხადებას, თითქოს ფულადი თანხა მიუტანა გრიგოლ ლილუაშვილს, თავისი კეთილდღეობისთვის აკეთებს.

ადვოკატის განმარტებით, დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით გამოკითხულმა რომეო მიქაუტაძემ მნიშვნელოვანი ინფორმაციები დაადასტურა.

„მოწმემ დღევანდელ პროცესზე მნიშვნელოვანი ინფორმაციები დაადასტურა. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ მოწმეს ძალიან სურს თავისი დანაშაულის თანაზიარი გახადოს გრიგოლ ლილუაშვილი, მათ შორის ფინანსურ ნაწილშიც, რომ ფულადი თანხები მიჰქონდა მასთან, ეს არის აბსოლუტური სიცრუე ერთი მარტივი მიზეზის გამო - მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება და თვლადი/ როგორც დღევანდელი დაკითხვისას გამოვლინდა ბატონ მოწმეს (რომეო მიქაუტაძეს) ზუსტად იგივე ეკვივალენტობის ქონებაზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე და უკანონო თანხებზე ედავებოდა ბრალდების მხარე, რაზეც უკვე დგას სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალიან მარტივია ლოგიკა, თუკი მოწმე, როგორც თავად ადასტურებს, გარკვეული სახის დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობას იღებდა , საიდანაც ის ფულად თანხებს იღებდა, ეს თანხები სრულად მოხმარებული აქვს მას საკუთარი ფინანსური და ქონებრივი კეთილდღეობისთვის, რაც დადასტურებულია უკვე რევიზიის აქტით აპელაციაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნულზე, რომ უკანონო შემოსავლები გააჩნდა მოწმეს და რომლის წარმომავლობასაც ფიზიკურად ვერანაირი დოკუმენტით ვერ ადასტურებს სასამართლოს განაჩენით კანონიერ ძალაში შესულია, რომ მას გააჩნდა უკანონო შემოსავლები ზუსტად იმ თანხის ეკვივალენტობით რაზედაც ის ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული აქვს ქრთამის სახით“, - აცხადებს ლანა ცერცვაძე.

ლანა ცერცვაძის განმარტებით, ბიზნესმენი, რომელიც ერთადერთი დაკითხული პირია ამ საქმეში და სხვა არავინ, ცალსახად ადასტურებს, რომ ფულადი თანხა მიტანილი აქვს უშუალოდ რომეო მიქაუტაძესთან და სწორედ მიქაუტაძე დაჰპირდა მას მფარველობას. ადვოკატის თქმით, ბიზნესმენს დაუსვა კითხვა, უნდა განხორციელებულიყო თუ არა რაიმე აქტივობა გრიგოლ ლილუაშვილის მხრიდან, როგორც ადვოკატი ამტკიცებს, ბიზნესმენისგან კატეგორიული პასუხი მიიღეს, რომ „გრიგოლ ლილუაშვილს ამ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია, არამც თუ გრიგოლ ლილუაშვილს, არამედ უწყებას, სუს-იც კი არ ყოფილა არავის მხრიდან დასახელებული“.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×