ნატალია ჯვარიძე
17.08.2026

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას". როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ ვრცელ წერილს გაავრცელებს.

„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!" - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი იმ წერილსაც ავრცელებს, რომელსაც ეხმაურება.

"დიტო ჩუბინიძისნაირმა, ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა" და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი: 1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ. 2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგვთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) - ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გავეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ", კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო",-ნათქვამია წერილში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაუგზავნეს", - ნათქვამია წერილში.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი, რომელიც ექს პრემიერი მიერ გავრცელებულ წერილში ფიგურირებს, ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მისი მეგობარია და ის მას არასდროს მიატოვებს. მისი თქმით, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ის ებრძვის, ირაკლი კობახიძეა.

„ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, ანუ, დღესაც ჩემი მეგობარია, არასდროს დამიტოვებია არცერთი ჩემი მეგობარი და არც ღარიბაშვილს არ დავტოვებ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს, და ისევ ვამბობ, რომ კობახიძე არის ცრუ მაბეზღარა, ცილისმწამებელი, საბჭოთა დასმენების კანონების ავტორი და ქართული პოლიტიკის დამაზიანებელი.

ადამიანი, რომელმაც დათესა ქვეყანაში უზარმაზარი ზიზღი და აგრესია, არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. მე კობახიძეს ვამხელ არა იმიტომ, რომ ვინმე დავაზიანო, ან რაიმე პროცესი დავაზიანო. კობახიძე უნდა წავიდეს, რომ ჩვენ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს დაისადგუროს სიმშვიდემ.

რაც შეეეხება ღარიბაშვილის დღევანდელ კომენტარს, მე მის ხვალინდელ წერილს დაველოდები და მერე ვისაუბროთ, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამასთან, „გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ ღარიბაშვილი უფრო მკაფიო უნდა იყოს თავის განცხადებაში.

„ჯერჯერობით, შეფასებების გაკეთება ვფიქრობ, ნაადრევია ფაქტია, რომ წერილი ან პენიტენციურ დაწესებულებაში მას ან მის ოჯახის წევრს მიაწოდეს, სადაც ბიძინა ივანიშვილის სახელით გარკვეული ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდებენ.

ბევრად უფრო ნათელი გახდება საკითხი, როდესაც ხვალ თავად გაავრცელებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის მკაფიო გამოხატულება იმ შიდა გავლენიან ჯგუფებში კლანური დაპირისპირებისა, რომელიც „ქართულ ოცნებაში" არის და ეს ყოველთვის არის იმის მანიშნებელი, რომ „ქართულ ოცნებაში" დღეს ჯანსაღი ვითარება არ არის.

არაა ისე, როგორც თავად აღიქვამენ და საუბრობენ, რომ ოპოზიციას ანადგურებენ მოწინავე ძალა არიან და კონკურენტი არ ჰყავთ. თქვენ ხედავთ, რომ შიდა არაჯანსაღი პროცესები პირდაპირი გამოხატულებაა იმის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და რაც თავად „ქართულ ოცნებაში" ხდება ბევრად უფრო ნათელი უნდა გახდეს და ღარიბაშვილიც უფრო მკაფიო უნდა იყოს ამ თავის განცხადებაში.

მე არ მგონია, რომ რაღაც გმირობის აქტს შეიძლება ჰქონდეს მისი მხრიდან ადგილი თუმცა, როგორც ჩანს, რაღაც საგანგაშოა, რადგან მის ოჯახს ეხება საქმე და ამ დროს მკაფიოობა არის ყველაზე დიდი თავდაცვის საშუალება მისი და მისი ოჯახის მხრიდანაც. თუმცა, აქამდე, რასაც ვისმენდით იყო „სთორები" ბიძინა ოჯახის წევრებთან ერთად, სამადლობელი, მილოცვა და ა.შ",- აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×