
კლიმატური ცვლილებები და არაპროგნოზირებადი ამინდი საქართველოს ეკონომიკის ორ მთავარ მიმართულებას - ტურიზმსა და აგრარულ სექტორს - სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს. ხშირი წვიმების გამო საზაფხულო კურორტებზე დამსვენებლების სიმცირეა, რაც პირდაპირ აისახება ბიზნესის შემოსავლებსა და დარგის სტაბილურობაზე. კიდევ უფრო მწვავე სურათია სოფლის მეურნეობაში, სადაც უხვი ნალექი მოსავლის როგორც რაოდენობრივ შემცირებას, ისე ხარისხობრივ გაუარესებას განაპირობებს.
ეს ორივე მიმართულება მჭიდროდ არის დაკავშირებული სასურსათო უსაფრთხოებასა და ქვეყნის საერთო სტაბილურობასთან, რაც აუცილებელს ხდის რისკების სწორ შეფასებასა და პრევენციული ზომების მიღებას.
რაც შეეხება კონკრეტულად ტურიზმს, უამინდობამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია: სასტუმროებში ჯავშნებისა და შეკვეთების მკვეთრმა კლებამ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია ფინანსური რისკების წინაშე დააყენა.
ქობულეთში მდებარე სასტუმრო ,,მირაჟის" დირექტორის ჟუჟუნა ჯინჭარაძის ინფორმაციით, ზაფხულის წვიმიანობამ განსაკუთრებით შიდა ტურიზმი დააზარალა, რადგან დამსვენებლების უმეტესობა დასვენებას, ძირითადად, კარგი ამინდის გათვალისწინებით გეგმავს და არახელსაყრელი ამინდის პირობებში დასვენებაზე უარის თქმა უწევს. ამ მხრივ უცხოელი დამსვენებლების ქცევა ბევრად განსხვავებულია და ნებისმიერი ამინდის შემთხვევაში გართობასა და დროსტარებაზეა ორიენტირებული.
რაც შეეხება მოთხოვნას, კურორტს სტუმრობენ როგორც პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან, ასევე აზიის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი რუსეთის, უკრაინის და არაბული ქვეყნების მოქალაქეები აქტიურობენ.
,,უამინდობა ძალიან გვიშლის ხელს. წელს ასეა - ერთი კვირა თუ მუშაობ, მომდევნო კვირა შესაძლოა, ამინდის გამო ჩაგივარდეს. მით უმეტეს, როცა საქმე შიდა ტურისტებს ეხება. თუკი უცხოელი ამინდის გამო განწყობას არ იფუჭებს და მაინც გადის გარეთ, ტერიტორიის დასათვალიერებლად ან რესტორანში ჯავშნის ვიზიტს, ადგილობრივი ტურისტები ამ დროს თავს იკავებენ. ამას ხელს უშლის ინფრასტრუქტურის არქონაც, საკმარისია 1-2 დღე იწვიმოს და ვეღარაფერს სთავაზობ ჩამოსულ სტუმარს, დრო რომ საინტერესოდ გაიყვანოს. ბათუმში ამ მხრივ ბევრად უკეთესი სიტუაციაა, იქ სხვანაირი გართობაა.
მეტი კაფე-ბარები უნდა იყოს, ახალგაზრდობისთვის მეტი გასართობი ობიექტი. კურორტს ზაფხულობით მუსიკალური ფესტივალები აცოცხლებს. როცა ესეც არ არის, ძნელია მოიზიდო დამსვენებელი, წელსაც ეს მდგომარეობაა. უამინდობამ ძალიან დაგვაზარალა, არ მაქვს მოლოდინი, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. ფაქტობრივად, ჩავარდა სეზონი”, - აღნიშნა სასტუმროს წარმომადგენელმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას.
რიგი გამოწვევებია აგრარულ სფეროში. აღმოსავლეთ საქართველოში უამინდობამ უარყოფითად იმოქმედა განსაკუთრებით მარცვლეულზე, დასავლეთში ამ მხრივ პრობლემა შეექმნა თხილსა და სიმინდს, ცოტა ადრე მოცვს, რომლის ხარისხი წელს სახარბიელო არ იყო და ფერმერებს მოსავლის გაყიდვაც გაუჭირდათ.
პროფესორ ანზორ მესხიშვილის თქმით, წელს სასურსათო უსაფრთხოების კუთხით დიდი პრობლემაა მოსალოდნელი, რაც, თავის მხრივ, იმპორტზე დამოკიდებულებას გაზრდის.
უხვნალექიანი სეზონია და ამან ხორბალზე უარყოფითად იმქომედა, განსაკუთრებით დედოფლისწყაროში, ხორბლის წებოვანება დაბალი იყო. სასურსათო მარცვლეული მეტწილად უხარისხოა და წისქვილები არ ყიდულობენ. არც ყურძენი გამოირჩევა ხარისხით, რაოდენობაშიც კლებაა, არც ხილი და ყურძენია უკეთეს მდგომარეობაში, დასავლეთში კი სიმნდს აქვს პრობლემა. თხილის აღების პერიოდია და თუ კიდევ გაგრძელდა წვიმა, მოსავალს მნიშვნელოვნად შემცირდება, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით არის პრობლემა.
როცა ადამიანი ბუნებაზეა დამოკიდებული, საფუძვლიანი რამე უნდა დავუპირისპიროთ. წელსაც იმპორტზე ვიქნებით დიდწილად დამოკიდებული, ხოლო რუსეთმა თუ გაგვიძვირა ხორბალი და მარცვლეული, კიდევ უფრო გაგვიჭირდება. ამინდზე ვსაუბრობთ, მაგრამ დიზელის სიძვირის გამო სოფლის მეურნეობამ სრულყოფილად ვერ იმუშავა, ესეც დიდ პრობლემას შექმნის“, - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" მესხიშვილმა.
სწორედ ამ გლობალური გამოწვევებისა და ადგილობრივი პოტენციალის სწორად შეფასების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე კობა კობალაძე. მისი აზრით, შექმნილი ვითარება საქართველოსთვის ერთდროულად დიდი საფრთხეც არის და ისტორიული შესაძლებლობაც, ვინაიდან ქვეყანას აქვს ყველა საჭირო რესურსი, არათუ თავი დააღწიოს მოსალოდნელ კრიზისს, არამედ მყარი პოზიციებიც დაიკავოს, თუმცა ამისთვის გადამწყვეტი და დროული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
„გლობალური შიმშილობა დღეს უკვე აღარ არის შორეული პერსპექტივა - ეს რეალური გამოწვევაა. საქართველოს აქვს ყველა ბუნებრივი და ადამიანური რესურსი, რომ ეს მდგომარეობა აირიდოს, თუმცა ამისათვის, პირველ რიგში, რეგიონებს უნდა მიეხედოს. სოფლის აღორძინება და სექტორის ტექნოლოგიური მოდერნიზაცია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ფუნდამენტია, რეგიონების ტექნოლოგიური განვითარება, ინფრასტრუქტურის გამართვა და სოფლის მეურნეობის თანამედროვე რელსებზე გადაყვანა ის ერთადერთი გარანტიაა, რომელიც საქართველოს სასურსათო დამოუკიდებლობასა და სტაბილურ მომავალს უზრუნველყოფს“, - განაცხადა კობა კობალაძემ.
მისი შეფასებით, ტრადიციული მიდგომებით ამინდის კლიმატურ ექსტრემებთან გამკლავება შეუძლებელია. სოფლის მეურნეობის მდგრადობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია თანამედროვე აგროტექნოლოგიების მასშტაბური დანერგვა, რაც რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. მათ შორის, სარწყავი სისტემებისა და ირიგაციის მოწესრიგება, ქარსაცავი ზოლების აღდგენა და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების გამართვა, ასევე აგროინოვაციებზე ხელმისაწვდომობა.
კობა კობალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროის დაკარგვა დაუდევრობის ტოლფასია. თუ სახელმწიფომ და კერძო სექტორმა კომპლექსური ზომები თუ დროულად არ მიიღეს, ქვეყანა შესაძლოა, სასურსათო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს.