მარიამ ვეკუა
18.08.2026

ევროპასთან საზღვაო დაპირისპირებისა და აზიური „ალტერნატივის" ფონზე, ვლადიმერ პუტინი შესაძლოა ვლადივოსტოკში ახალი გეოპოლიტიკური დემარშისთვის ემზადება. კრემლის ღია მინიშნება, რომ პუტინის გამოსვლას „დასავლეთმა ყურადღებით უნდა ადევნოს თვალი", ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ მოსკოვი არა მხოლოდ აზიურ ქვეყნებთან ეკონომიკური ალიანსის გამყარებას, არამედ ევროპული სანქციების საპასუხო ახალ, გლობალურ ლოგისტიკურ და პოლიტიკურ სვლებს დააანონსებს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე ვლადივოსტოკში მნიშვნელოვანი განცხადებებით გამოვა. ამის შესახებ „ტასს"-ს რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა და ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის პასუხისმგებელმა მდივანმა, ანტონ კობიაკოვმა განუცხადა.

მისი თქმით, პლენარულ სხდომაზე პუტინის გამოსვლას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

„ბევრი მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდება. და, რა თქმა უნდა, დასავლეთს დასჭირდება სახელმწიფო მეთაურის გამოსვლისთვის თვალყურის დევნება", - აღნიშნა კობიაკოვმა

შეგახსენებთ, მანამდე ვლადიმერ პუტინმა მკაცრად დაგმო ევროპის გეგმები რუსული გემებისა და მათი ტვირთის ჩამოერთმევის შესახებ. პრეზიდენტმა ასეთ ქმედებებს მეკობრეობა უწოდა და საპასუხო რეაგირების პირობა დადო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პასუხი მხოლოდ იმ აკვატორიით არ შემოიფარგლება, სადაც პროვოკაცია განხორციელდა.

აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი 1-4 სექტემბერს რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის კამპუსში, კუნძულ რუსკიზე გაიმართება. მთავარი თემაა - „შორეული აღმოსავლეთი - განვითარება ადამიანების კეთილდღეობისთვის".

აგვისტოს დასაწყისში პუტინი პირველად ეწვია კურილის კუნძულებს და რუსების გენეტიკურ კოდზე ისაუბრა.

„ასეთი ხალხი ვართ, გამარჯვებულების გენეტიკური კოდით", - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა სახალინის ოლქის გუბერნატორ ვალერი ლიმარენკოსთან საუბრისას.

როგორც საერთაშორისო გამოცემები წერენ, ვიზიტის დროც უჩვეულო იყო, რადგან ის რამდენიმე კვირით უსწრებს პუტინის მოსალოდნელ გამგზავრებას რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში.

რაზე შეიძლება ისაუბროს პუტინმა

ბოლო პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, დასავლური გამოცემები ვარაუდობენ, რომ ვლადიმირ პუტინის გამოსვლა რამდენიმე ძირითად თემას დაეთმობა:

რადგან ფორუმს წინ უძღოდა პუტინის მკაცრი განცხადება რუსული გემებისა და ტვირთების შესაძლო ჩამორთმევის შესახებ, ანალიტიკოსები ელოდებიან კონკრეტულ გზავნილებს საპასუხო ზომებზე.

„მეკობრეობის" ბრალდების ფონზე, შესაძლოა გაჟღერდეს ეკონომიკური ან ლოგისტიკური კონტრზომები, რომლებიც მხოლოდ კონკრეტული აკვატორიით არ შემოიფარგლება.

გარდა ამისა, კრემლის წარმომადგენლის, ანტონ კობიაკოვის მინიშნება, რომ „დასავლეთს მართებს თვალყურის დევნება", დასავლური სანქციების ალტერნატივებზე მიანიშნებს. დასავლელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პუტინი ყურადღებას გაამახვილებს ჩინეთთან, ინდოეთთან და „ბრიკსის" წევრებთან ვაჭრობის ზრდაზე.

ფორუმის მთავარი პლატფორმა კი შორეული აღმოსავლეთია, რის გამოც მოსალოდნელია ახალი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და ლოგისტიკური პროექტების პრეზენტაცია. განსაკუთრებული აქცენტი კი შესაძლოა გაკეთდეს ჩრდილოეთის საზღვაო გზის განვითარებაზე, როგორც აზიასთან დამაკავშირებელ უსაფრთხო დერეფანზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×