
ოპოზიციის ალიანსში ხმაურიანი შიდა დაპირისპირების შემდეგ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს გაერთიანება საბოლოოდ დაიშალა. ამას ოფიციალურად ჯერ არავინ ადასტურებს, მაგრამ არც უარყოფს. ალიანსში შემავალ პარტიებს შორის უთანხმოების გამო, ექსპერტები ამ გაერთიანების პერსპექტივას თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდნენ და მიიჩნევენ, რომ მისი დაშლა, თუკი ეს მართლაც მოხდა, სავსებით ლოგიკურია.
„ოპოზიციური ალიანსის" შექმნა 2 მარტს ოფიციალურად გამოცხადდა და მასში 9 პროდასავლური პოლიტიკური პარტია გაერთიანდა: „ახალი", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „გირჩი - მეტი თავისუფლება" , „დროა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო", „თავისუფლების მოედანი", „ფედერალისტები" და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია".
ალიანსის წევრებმა ხელი მოაწერეს კოორდინაციისა და მოქმედების ერთობლივ დოკუმენტს, რომლის მთავარ მიზნადაც გამოცხადდა მმართველი პარტიის ჩამოშორება, ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და პროტესტის პოლიტიკურ მოქმედებებში ტრანსფორმაცია.
ალიანსის შიგნით დაპირისპირებები მალევე დაიწყო, ხოლო ივნისში კი ეს ყველაფერი უკვე საჯარო ურთიერთბრალდებებში გადაიზარდა. სდაპირისპირება ხდებოდა ენმ-ის წარმომადგენლებსა და ალიანსში შევავალი სხვა პარტიების ლიდერებს შორის. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა, მათ შორის ანა წითლიძემ, „ახლების" ლიდერი ნიკა გვარამია ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებებსა და სააკაშვილისთვის ამომრჩევლის ხმების წართმევის მცდელობაში დაადანაშაულეს.
აზრთა სხვადასხვაობა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ეფექტური იყო ალიანსის მიერ არჩეული სტრატეგია. ენმ-ის ლიდერთა ნაწილი აკრიტიკებდა ალიანსის დაბალ აქტიურობას და მოითხოვდა უფრო მკვეთრ, რადიკალურ საპროტესტო ნაბიჯებს, ხოლო სხვა პარტიები კოორდინირებულ და ეტაპობრივ მოქმედებას ანიჭებდნენ უპირატესობას.
- ნიკა ჩიტაძე: „ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. ზოგჯერ ასე სპეციალურად ვრცელდება და არ არის გამორიცხული, რომ ახლაც ასე მომხდარიყო, რომ აი, თურმე როგორი არამყარია ალიანსი."
ალიანსის სხვა წევრებმა, მაგალითად „ფედერალისტებმა" ღიად გამოხატეს უკმაყოფილება „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების განცხადებებზე. პარალელურად, ისმოდა კითხვები იმის შესახებ, რეალურად მონაწილეობდა თუ არა ენმ ალიანსის საქმიანობაში, თუ მხოლოდ ფორმალურად რჩებოდა მასში.
ოპოზიციის ალიანსის დაშლის შესახებ ინფორმაცია სამშაბათს „რუსთავი 2"-მა გაავრცელა. მათი ონფორმაციით, ალიანსის დაშლილია, თუმცა, ამაზე ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ კეთდება. მათივე შეფასებით, ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა - უკვე თვეზე მეტია ალიანსი არ შეკრებილა, არ გაკეთებულა ერთობლივი განცხადება და არ გავრცელებულა ინფორმაცია ალიანსის რაიმე აქტივობის შესახებ.
„რეზონანსი" შეეცადა ამ საკითხზე უშალოდ ალიანსში შემავალი პოლიტიკური ძალების ლიდერებისგან მიეღო ინფორმაცია, თუმცა უშედეგოდ.
აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ალიანსი თავიდანვე განწირული იყო დაშლისთვის.
„მოულოდნელი არ ყოფილა და თავიდანვე განწირული იყო დაშლისთვის. ეს ყველა სუბიექტი არის სხვადასხვა დროს „ნაციონალური მოძრაობისგან" გამოყოფილი პოლიტიკური დაჯგუფება. შესაბამისად, ეს ერთი პოლიტიკური ორგანიზაციაა. თავად ეს სახელწოდება - „ალიანსი", ბუნებრივია, რეალობას აცდენილი იყო თავიდანვე, როცა ეს სახელი დაერქვა. ეს არ არის ჩვენთვის არც საინტერესო და არც პრიორიტეტული, რადგან ამას არ აქვს კავშირი იმ რეალურ პრობლემებთან, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს აქვს", - განაცხადა შარაშიძემ.
ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ კი ალიანსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ასე უპასუხა: „არ მაინტერესებს რა ხდება მაგ ალიანსში. ვწინასწარმეტყველებდი იმას, რაც ახლა მათ სჭირთ".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ ალიანსი მართლაც დაიშალა, თუმცა იმასაც უშვებს, რომ სექტემბრიდან შეიძლება ამ გაერთიანების მკვეთრად გააქტიურება ვიხილოთ.
- დავით ზურაბიშვილი: „დაიშლება არ გამიკვირდება. რომც არ დაიშალოს, მაინც არ მგონია, რომ რაიმე სერიოზული ალტერნატივა შექმნან ხელისუფლებისთვის".
„ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. ზოგჯერ ასე სპეციალურად ვრცელდება და არ არის გამორიცხული, რომ ახლაც ასე მომხდარიყო, რომ აი, თურმე როგორი არამყარია ალიანსი, რამდენიმე თვესაც ვერ გაძლო და დაიშალა. ჯერ დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჯობია ჭორებს არ ავყვეთ.
შესაძლებელია დაშლის წინაპირობა არსებობდეს, მაგრამ შეიძლება პირიქით, ალიანსი გამყარდეს კიდეც, რადგან სექტემბრიდან ელოდებიან ახალ აქტივობებს. ორივე ვარიანტია შესაძლებელია", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ალიანსი უპერსპექტივო გაერთიანებაა და შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, დაიშლება თუ არა.
„მართალი გითხრათ არ ვიცი რამდენად შეესაბამება რეალობას. მაინცდამაინც დიდი ინტერესი ამ თემის მიმართ არ მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ამ ალიანსის რაიმე პერსპექტივას თავიდანვე ვერ ვხედავდი. ეს საჯაროდაც მაქვს ნათქვამი. ამიტომ, თუ დაიშლება არ გამიკვირდება. რომც არ დაიშალოს, მაინც არ მგონია, რომ რაიმე სერიოზული ალტერნატივა შექმნან ხელისუფლებისთვის", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".