"რაც მოკლევადიან პერიოდში ბიზნესისთვის მოგებიანია, გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის დიდ პრობლემად გადაიქცევა”
ირმა ჩიტაია
18.08.2026

უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე ბინების გაყიდვის მასშტაბები განუხრელად იზრდება. ტენდენცია განსაკუთრებით ბათუმისთვისაა დამახასიათებელი, სადაც მყიდველთა ორი მესამედი უცხოელია. მართალია, მოთხოვნის ზრდა დადებითად აისახება სამშენებლო სექტორზე, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობისთვის გარკვეულ სირთულეებს ქმნის. დროთა განმავლობაში, ბევრი უცხოელი ქვეყანაში მკვიდრდება, რაც ადგილობრივებისთვის საცხოვრებლის ხელმისაწვდომობას ართულებს და დემოგრაფიაზეც უარყოფითად მოქმედებს. საფრთხე განსაკუთრებით გრძელვადიან პერიოდშია მოსალოდნელი.

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოქალაქეებზე ბათუმში გაყიდული ბინების 33% მოდიოდა. „გალთ ენდ თაგარტის“ ბათუმის საცხოვრებელი უძრავი აღნიშნულია, რომ მყიდველთა შორის მეორე ადგილზე უკრაინის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები არიან, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ზღვისპირა ქალაქში რეალიზებული საცხოვრებელი უძრავი ქონების 18% შეიძინეს. საერთო ჯამში კი უცხოელებმა რეალიზებული უძრავი ქონების 67%-ს დაეუფლნენ.

სპეციალისტების ნაწილი უძრავი ქიონების ბაზარზე უცხოელების მხრიდან მზარდ მოთხოვნას ნეგატიურად აფასებს. პარტია ,,ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე მომხრეა, რომ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ და პარალელურად ადგილობრივ მოსახელობას ბინის შეძენის ხელმისაწვდომობა გაუმარტივონ.

,,ტენდენცია ნამდვილად საგანგაშოა. უცხოელები ბაზრის დიდ წილს იკავებენ მაშინ, როცა  საქართველოში ადგილობრივი მოქალაქეები ვერ ყიდულობენ ბინებს, რადგან ძალიან ძვირი ღირს. ჩვენს შემთხვევაში,  ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს შეზღუდვის დაწესება. სერიოზული რისკებია და შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს ქვეყანამ და საკუთარი მოქალაქეების ინტერესები დაიცვას, თუმცა საწინააღმდეგო ხდება და ბიზნესინტერესებს ეწირება ქვეყნის ბედი. ის ადამიანები კი, ვისაც ხელეწიფება საქმის გადაჭრა, მოსალოდნელ საფრთხეს საერთოდ ვერ აღიქვამენ. პრობლემის მოგვარების ერთადერთი შანსი ისაა, რომ გამკაცრდეს რეგულაციები. ასევე, მნიშვნელოვანია საემიგრაციო პოლიტიკის გამოსწორება.

ბათუმზე ვსაუბრობთ, მაგრამ არც დედაქალაქშია სახარბიელო მდგომარეობა. ხომ ვიცით, რომ ჩვენი მოქალაქეების მსყიდველუნარიანობა არაა ისეთი, რომ შეწვდეს ახალაშენებულ ბინებს. მხოლოდ ემიგრანტები თუ ახერხებენ შეიძინონ. ასე თუ გაგრძელდება, უახლოეს ათ წელიწადში დემოგრაფიული თვალსაზრისითაც სერიოზულ პრობლემებს წავაწყდებით.

სამწუხაროდ, მთავრობის ინტერესში არ არის ზომების მიღება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.  აქ სამშენებლო ბიზნესის უმეტესობას, თითქმის 80% ხელისუფლების წარმომადგენლები აკონტროლებენ. ისინი ფინანსურად არიან დაინტერესებულნი, ლობირებენ უძრავი ქონების ბიზნესს და რაიმე ცვლილების მოლოდინიც არარეალურია", - განუცხადა "რეზონანსს" ტომარაძემ

მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან პერიოდში ეს საფრთხე თვალსაჩინო არ არის და ყოველდღიურობაში მწვავედ არ იგრძნობა, სახელმწიფომ და საზოგადოებამ ზომები დღესვე უნდა მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმართავი მიგრაციული ნაკადები და არასწორი სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა ქვეყანას შეუქცევად დემოგრაფიულ კრიზისამდე მიიყვანს.

ასე ფიქრობს დემოგრაფი ანზორ სახვაძე, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნული სტატისტიკა შეაფასა. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ეტაპზე ქვეყანაში არსებული ტენდენციები შესაძლოა, კრიტიკული არ ჩანდეს, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო სერიოზული დემოგრაფიული და სოციალური გამოწვევების წინაშე დადგება.

,,მიგრაციული პროცესები და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ინტენსიური შემოსვლა არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ღრმა კულტურულ და ეროვნულ საკითხებს აჩენს. მთავარი რისკი და გამოკვეთილი საფრთხეა კულტურული და ტრადიციული იდენტობის ცვლილება. როდესაც ქვეყანაში უცხოელთა რაოდენობა იზრდება, ისინი ბუნებრივად ცდილობენ საკუთარი ცხოვრების წესის, კულტურისა და ტრადიციების დამკვიდრებას. დროთა განმავლობაში, ადგილობრივ საზოგადოებასთან ინტეგრაციის ნაცვლად, შესაძლოა შეიქმნას პარალელური კულტურული სივრცეები, რაც ანგრევს ეროვნულ იდენტობას.

ამასთან, თავს იჩენს ჯაჭვური მიგრაცია და ბიზნეს ინტერესების კონფლიქტი: ერთი შეხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ბიზნესის წარმოება და მომსახურების სფეროში აქტივობა ეკონომიკისთვის ხელსაყრელია, თუმცა რეალურად ეს პროცესი იწვევს ჯაჭვურ მიგრაციას - თითოეული ჩამოსული ბიზნესმენი თუ სპეციალისტი მომავალში საკუთარი სამშობლოდან კიდევ უფრო მეტ თანამემამულეს შემოიყვანს. შედეგად, რაც მოკლევადიან პერიოდში ბიზნესისთვის მოგებიანია, გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერიოზულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემად გადაიქცევა”, - განაცხადა სახვაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან”.

2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში მობინადრე უცხოელთა წილი დაახლოებით 4%-ს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრი დღესდღეობით საგანგაშო არ არის, სახვაძის აზრით, მთავარი საფრთხე ტენდენცისა და დინამიკაშია. 

,,სახელმწიფომ თუ მკაფიოდ არ გათვალა მიგრაციისა და მოქალაქეობის მინიჭების პოლიტიკის შედეგები, მომავალში მივიღებთ სურათს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩნდება ან სერიოზული დემოგრაფიული დისბალანსი შეიქმნება”, - განაცხადა მან.

"გალტ ენდ თაგარტის" კვლევის თანახმად, 2026 წლის მეორე კვარტალში ბათუმში სულ 4 168 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.7%-ით მეტია. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ 6 თვეში, ბათუმში უძრავი ქონების რეალიზაციის მონაცემები მოქალაქეობის მიხედვით ასეა გადანაწილებული:

• საქართველო - 33%

• უკრაინა, რუსეთი, ბელარუსი - 18%

• ევროპის ქვეყნები - 15%

• ისრაელი - 10%

• არაბული ქვეყნები - 7%

• თურქეთი - 5%

• სხვა ქვეყნები - 12%

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×