
უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა YouTube-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ქვეყანაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დაუშვებელია რუსეთმა განსაზღვროს, როდის შეძლებენ უკრაინელები ხელახლა საკუთარი ხელისუფლების არჩევას.
„ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ ფუნდამენტურ შეკითხვას: როგორ უნდა იფუნქციონიროს სახელმწიფომ, თუ ომი წლები გრძელდება? და შემდეგი - თუ ომი კიდევ ერთ წელს გაგრძელდება? ორს? სამს?შეიძლება თუ არა რუსეთმა ფაქტობრივად მიიღოს უფლება განსაზღვროს, როდის შეძლებენ უკრაინელები ხელახლა საკუთარი ხელისუფლების არჩევას? დარწმუნებული ვარ, რომ არა. არ შეიძლება დემოკრატია რუსეთის მძევალი იყოს“, - აცხადებს ფედოროვი.
ის ამტკიცებს, რომ უკრაინამ უნდა იპოვოს კანონიერი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს აღადგინოს სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესი გაჭიანურებული ომის პირობებშიც კი.
„ეს რთულია. საჭიროა ხმის უფლების უზრუნველყოფა სამხედროებისთვის. მილიონობით უკრაინელისთვის საზღვარგარეთ. ადამიანებისთვის ფრონტისპირა რეგიონებში. საჭიროა საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების, ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და შედეგისადმი ნდობის უზრუნველყოფა. თუმცა სირთულე შეუძლებლობას არ ნიშნავს. უკრაინას არაერთხელ გაუკეთებია ის, რაც მსოფლიოს შეუძლებლად მიაჩნდა“, - დასძინა მან.
ყოფილი მინისტრი ამტკიცებს, რომ განსაკუთრებით საშიშია, როდესაც საზოგადოებას უჩნდება განცდა, რომ ადამიანის დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი არის არა მისი პროფესიონალიზმი, შედეგი და ქვეყნის შეცვლის უნარი, არამედ სისტემისადმი პირადი ლოიალობა.
„ასე ვერ იფუნქციონირებს თანამედროვე სახელმწიფო. და მით უმეტეს, ვერ იფუნქციონირებს ქვეყანა, რომელიც თავისი არსებობისთვის ომს აწარმოებს. ჩვენ კორუფციაზეც უნდა ვილაპარაკოთ. არა იმიტომ, რომ ეს მოდური სიტყვაა, არამედ იმიტომ, რომ ომის დროს კორუფცია სრულიად სხვა მნიშვნელობას იძენს“, - აცხადებს ფიოდოროვი.