მარიამ ვეკუა
19.08.2026

აშშ-თან 60-დღიანი შეთანხმების ამოწურვის შემდეგ, ირანი კონფლიქტის გეოგრაფიის გაფართოებასა და ევროპაში განთავსებულ ამერიკულ ობიექტებზე იერიშის მიტანას განიხილავს, "ფაინენშალ თაიმსის" სადაზვერვო ცნობები მოწმობს, რომ ჩაშლილი დიპლომატიური არხებისა და თეირანში რადიკალური ფრთის დაწინაურების ფონზე, მხარეები „არც ომი, არც მშვიდობის" სახიფათო რეჟიმში გადავიდნენ, სადაც ესკალაციამ შესაძლოა კონფლიქტი ევროპის კონტინენტზე გადაიტანოს.

ირანი ევროპაში სამხედრო ობიექტებზე იერიშის მიტანას განიხილავს იმ შემთხვევისთვის, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის ესკალაციას მოახდენს - ამის შესახებ ინფორმაცია "ფაინენშალ თაიმსმა" ორ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

წყაროების ცნობით, ირანულმა მხარემ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებული ამერიკული აქტივების საპასუხო სამიზნედ ქცევის სცენარები შეაფასა. მათ შორის მოხვდა ბულგარეთიც.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ვაშინგტონის მხრიდან იერიშების განახლების შემთხვევაში, შურისძიების პოტენციურ სამიზნედ კვიპროსიც მოიაზრებოდა, სადაც მარტში ბრიტანულ ბაზას უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარტყა.

ამავე ანგარიშის თანახმად, ომის გაღრმავების სცენარში, ირანის შეიარაღებულ ძალებს ცალკე ჰქონდათ დამუშავებული ჰორმუზის სრუტეში არსებულ წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტურაზე იერიშის მიტანის გეგმაც.

გამოცემის ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ თეირანი საბრძოლო მოქმედებების არეალის გაფართოებისთვის ემზადებოდა, თუ ტრამპი ირანულ ინფრასტრუქტურაზე მუქარას სისრულეში მოიყვანდა. მეორე წყაროს მტკიცებით კი, ამერიკულ სამხედრო აგრესიას თეირანი „ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე" უპასუხებდა.

წყაროებმა გასულ თვეს იორდანიაში ამერიკულ ბაზაზე განხორციელებული იერიში , რომელსაც სამი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, თეირანის მიერ შესრულებულ ყველაზე ზუსტ შორ მანძილზე დარტყმად შეაფასეს, რაც მის გაზრდილ ოპერატიულ შესაძლებლობებზე მიუთითებს.

„ეს ევროპისთვის გაგზავნილი სიგნალიც იყო: რაკეტებმა შესაძლოა მათამდეც მიაღწიოს, შესაბამისად, მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ საკუთარი პოზიცია ამ ომში," -განაცხადა პირველმა წყარომ.

„ისეთმა კრიტიკულმა შეცდომამ, როგორიცაა ჩვენს ინფრასტრუქტურაზე დარტყმა, შესაძლოა კონფლიქტი რეგიონის ფარგლებს გარეთ გაიყვანოს და ევროპასაც მისწვდეს."

ოფიციალურ თეირანს აღნიშნული ცნობები საჯაროდ არ დაუდასტურებია. სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ირანს საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტებით სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ამერიკულ ობიექტებზე წვდომა ნამდვილად შეუძლია, თუმცა, ამ შეიარაღების სიზუსტესა და თეირანის შორი რადიუსის რაკეტების მარაგებს ეჭვქვეშ აყენებენ.

გაურკვევლობა მოლაპარაკებაში

ირანის მიერ უსაფრთხოებისა და სამხედრო მაღალ პოსტებზე რადიკალური ფრთის წარმომადგენელთა დაწინაურებამ თეირანში მოსალოდნელი კონფლიქტის განახლების მოლოდინები კიდევ უფრო გააღრმავა.

თეირანის მთავარ მომლაპარაკებელზე, მოჰამად ბაღერ ღალიბაფსა და ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ კოორდინატორზე, მოჰსენ რეზაიზე საუბრისას, წყარომ აღნიშნა: ირანი „მკაფიო სიგნალს აგზავნის - თუ ღალიბაფთან შეთანხმებას ვერ მიაღწევთ, საქმის დაჭერა რეზაისთან მოგიწევთ".

ამავდროულად, ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებული მოლაპარაკება შეჩერებულია, ტრამპმა კი განაცხადა, რომ თეირანთან არანაირი შეხვედრა დაგეგმილი არ არის.

ივნისის აშშ-ირანის მემორანდუმით განსაზღვრული 60-დღიანი ვადის ამოწურვისა და საბოლოო შეთანხმების არარსებობის ფონზე, ვაშინგტონი არჩევნის წინაშე დგას: გააძლიეროს ზეწოლა, განაახლოს მასშტაბური დარტყმები თუ გადავიდეს ხანგრძლივ და არასტაბილურ მოლოდინის რეჟიმზე.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ ირანთან „არანაირი მოლაპარაკება თუ დიალოგი არ მიმდინარეობს და არც დაგეგმილია", ხოლო აშშ-ის საზღვაო ბლოკადა ძალაში რჩება.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა "სემაფორთან" განაცხადა, რომ ტრამპის პოსტი ფაქტობრივად, უახლოესი მომავლისთვის ირანთან მოლაპარაკებების გაუქმებას ნიშნავდა. ეს გზავნილი, როგორც ჩანს, წინააღმდეგობაშია ჯარედ კუშნერის განცხადებასთან, რომელმაც სულ რაღაც ერთი დღით ადრე ირანის მთავრობის სხვადასხვა ფრთასთან კონტაქტები შეაფასა, როგორც უჩვეულოდ „აქტიური" და საუბრობდა „ძალიან პოზიტიურ და ინტენსიურ დიალოგზე".

პარალელურად, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები „გუშაგთა კორპუსის" წარმომადგენლებთან ფარულ მოლაპარაკებებს მართავდნენ, უარყო. ურთიერთგამომრიცხავი ცნობები კიდევ უფრო ამძაფრებს მთავარ გაურკვევლობას, რომელიც 60-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გაჩნდა: რამდენად ასახავს საჯარო სივრცეში ხილული დაპირისპირება იმას, რაც სინამდვილეში კულისებს მიღმა ხდება.

ანალიტიკოსებთან და ყოფილ ოფიციალურ პირთან ინტერვიუები მოწმობს, რომ 60-დღიანი პერიოდის დასრულება ვაშინგტონს აუცილებლად ორი უკიდურესობის წინაშე არ აყენებს, საუბარია, ახალი მასშტაბური შეტევის წამოწყებასა თუ პოზიციების სრულად დათმობას შორის.

იკვეთება მესამე სცენარიც: ხანგრძლივი და უკიდურესად არასტაბილური მოლოდინის რეჟიმი, რომლის დროსაც ვაშინგტონი გააძლიერებს ეკონომიკურ ზეწოლას, შეინარჩუნებს ბლოკადას და თავიდან აირიდებს კონფლიქტის ადრეულ ეტაპზე არსებულ ინტენსიურ სამხედრო კამპანიას, თუმცა, ამავდროულად, დარტყმების განახლების შესაძლებლობას იტოვებს.

არც ომი, არც მშვიდობა

აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ კრეიგი მიიჩნევს, რომ სამხედრო და საგარეო პოლიტიკის მრჩევლებმა დონალდ ტრამპი დაარწმუნეს: შემდგომი მასშტაბური სამხედრო მოქმედებები კონფლიქტს, განსაკუთრებით კი ბირთვულ საკითხს, აუცილებლად ვერ გადაჭრის.

„ვფიქრობ, ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება, უბრალოდ იმიტომ, რომ სხვა ალტერნატივა, როგორც ჩანს, არ არსებობს", -განუცხადა კრეიგმა გამოცემა "ირან ინტერნეიშენალს". კრეიგმა არსებული სტატუს-კვო დაახასიათა რეალობად, სადაც შეერთებული შტატები ცდილობს ჰორმუზის სრუტეში გემების, ნავთობისა და ტვირთების გადაადგილება უზრუნველყოს, ირანი კი რეგიონულ სამიზნეებზე დაბალი ინტენსივობის იერიშებსა და სადაზვერვო დარტყმებს ახორციელებს.

ეს ყველაფერი კი ისეთი ქმედითი დიპლომატიური პროცესის გარეშე ხდება, რომელიც შეთანხმების მიღწევას შეძლებდა.

„ასე რომ, არანაირი მშვიდობა", აღნიშნა კრეიგმა. „არც მაღალი ინტენსივობის თავდასხმები და საბრძოლო მოქმედებებია, თუმცა არც შეთანხმება არსებობს და, რაც მთავარია, არც შეთანხმების მიღწევის პროცესი მიმდინარეობს".

თუმცა, კრეიგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, რაც ზედაპირზე ჩანს, შესაძლოა რეალობის მხოლოდ ნაწილი იყოს. ისიც დასძინა, რომ შეუძლებელია იცოდე, რა მზადება შეიძლება მიმდინარეობდეს ამ დროებითი სიმშვიდის მიღმა.მათ შორის, იქმნება თუ არა სამიზნეების ახალი პაკეტები, ტარდება თუ არა სადაზვერვო ოპერაციები ან ეწევათ თუ არა დახმარება ირანის შიგნით არსებულ ძალებს. „ჩვენ არ ვიცით ყველაფერი, რაც ხდება",- განაცხადა მან.

„ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი ილან ბერმანიც მიიჩნევს, რომ შექმნილი სიტუაცია შესაძლოა 60-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგაც დიდხანს შენარჩუნდეს. „ეს არ არის სახარბიელო სიტუაცია", -აღნიშნა ბერმანმა, „თუმცა საბოლოო ჯამში, დრო ვაშინგტონზე მუშაობს და არა თეირანზე".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×